ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კობა გოგსაძე დეპუტატებისთვის უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ხარჯის გაზრდას ითხოვს.

ეს საკითხი მან დღეს, 15 დეკემბერს, საკრებულოს სხდომაზე დააყენა. კობა გოგსაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს, მანანა ბარბაქაძეს ჰკითხა, დაუჭერს თუ არა ის მხარს დეპუტატებისთვის ხარჯის გაზრდას.

მანანა ბარბაქაძის თქმით, ხარჯის გაზრდა არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ უმრავლესობაში მყოფ დეპუტატებსაც აინტერესებთ.

„ჩვენი მოსაზრება ხარჯის გაზრდასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს, იმერეთის სახელმწიფო ადმინისტრაციას და მთავრობის კანცელარიას ვაცნობეთ, – ამბობს მანან ბარბაქაძე, – 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს ამ საკითხზე უმრავლესობამ ვიმსჯელეთ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 15 დეპუტატია, რომლებსაც საკრებულოში თანამდებობა არ უჭირავთ. სწორედ ამ დეპუტატების ხარჯის გაზრდას ვგეგმავთ 100-100 ლარით. ასეთი მოსაზრება და შეთანხმება გვაქვს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ ხარჯის გაწევას ყოველთვის ხარვეზად ჩაგვითვლის, რადგან დეპუტატებს ამ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა უჭირთ“.

დაგეგმილია თუ არა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში დეპუტატებისთვის ხარჯის მატება, – „ჩემი ხარაგაულის“ ამ შეკითხვაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი გვპასუხობს, რომ „მერია საკრებულოს გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებს. შევეცდებით, ეს ხარჯი საკრებულოს შიდა რესურსებში მოვიძიოთ“.

ამჟამად დეპუტატები, რომლებიც თანამდებობებს არ იკავებენ, ყოველთვიურად ხარჯის სახით 676 ლარსა და 50 თეთრს იღებენ. ისინი ამ ხარჯს ამომრჩევლებთან ურთიერთობისთვის (მათი მოთხოვნების განხილვა, მათთვის ანგარიშის საჯაროდ წარდგენა), საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებში მუშაობისთვის, საკრებულოს გადაწყვეტილებებისა და დადგენილებების პროექტების მომზადებისა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრებისთვის იღებენ.

2022 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15 დეპუტატის ხარჯისთვის 118 719 ლარი დაიხარჯა.