დღეს, 21 დეკემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსავლები 12 733 000 ლარით განისაზღვა, ხოლო ხარჯები – 14 180 000 ლარით. ამ სხვაობის დაბალანსებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთიდან გეგმავს.
ბიუჯეტის განხილვას დაესწრენ, ხოლო კენჭისყრის დროს საკრებულოს სხდომა დატოვეს ფრაქცია „ერთანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა, ამავე ფრაქციის წევრმა კობა გოგსაძემ და ფრაქციის წევრმა „გახარია საქართველოსთვის“ კოტე ბერაძემ.
თორნიკე ავალიშვილის თქმით, ინფრასტრუქტურისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში განსაზღვრული 1 130 000 ლარიდან რომელ სოფელში რა პროექტების განხორციელება იგეგმება, ბუნდოვანია. მისთვის ასევე მიუღებელია, რომ მაღალი თანამდებობის პირების ხელფასები 10-10%-ით იზრდება.
ავალიშვილის წინადადებაა, რომ ფულადი დახმარება გაეწიოთ არა იმ სტუდენტებს, რომლებიც სახელმწიფო გრანტს მოიპოვებენ, არამედ მათ, ვისაც სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს.
თავად თორნიკე ავალიშვილმა ხელფასის 10%-ით მატებაზე უარი თქვა და მოითხოვა, რომ ეს თანხა ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდში გადაირიცხოს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის განსაზღვრული 1 130 000 ლარი თანადაფინანსების თანხაა იმ პროექტებისთვის, რომლებიც 2023 წელს რეგიონული განვითარების ფონდის, მთის განვითარების ფონდის სახსრებითა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში უნდა განხორციელდეს.
მისივე თქმით, ეს პროექტები საკრებულოსგან მოწონებულია. ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ხელფასების 10%-ით მატება მთავრობის გადაწყვეტილებაა და ეს ყველა მუნიციპალიტეტს ერთნაირად შეეხო. სტუდენტების წახალისებას ხარაგაულის თვითმმართველობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული შედეგების მიხედვით გეგმავს.
ფრაქციის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი კოტე ბერაძე დაინტერესდა, მარტოხელა მშობლებსა და მარჩენალდაკარგულ ოჯახებზე ფულადი დახმარება ყოველ თვეში გაიცემა თუ წელიწადში ერთხელ.
ვარლამ ჭიპაშვილის განმარტებით, სოციალურ პროგრამებში ცვლილებებია შესატანი და ეს დეტალები შემდეგ დაზუსტდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა კოტე ბერაძის მისამართით აღნიშნა, რომ როცა ის ხიდარში მერის წარმომადგენელი იყო, ასეთ საკითხებზე მაშინ არ უზრუნია.
კოტე ბერაძის მოთხოვნას, როდის არ იზრუნა მან მოსახლეობაზე, მერის რეპლიკა მოჰყვა – „არ ვთვლი თავს ვალდებულად, რომ თქვენთან კამათში შემოვიდე“.
„შესაძლებლობების ზღვარზე გავიარეთ, ფინანსთა სამინისტროსთან ვითანამშრომლეთ, რომ დამატებით გარკვეული თანხები მოგვეზიდა ბიუჯეტში და ეს არ იყო მარტივი პროცესი. წლის განმავლობაში ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდება.
ყველაფერს ერთიანად ვერ დავგეგმავდით და სხვადასხვა ფონდებიდან ფინანსების მიღების მოლოდინები გვაქვს“ – აღნიშნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ.
ამავე თემაზე
2023 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები იზრდება
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი დაძაბული იქნება“
ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატებს ყოველთვიური ხარჯი, შესაძლოა, 100-100 ლარით გაეზარდოთ
რთული იქნება, ყველა პრობლემას ერთდროულად შევეჭიდოთ – ვარლამ ჭიპაშვილი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი