ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისგან დაფუძნებული ააიპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრის“ საქმიანობით რამდენიმე დეპუტატი უკმაყოფილოა.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა გოგსაძე ამბობს, რომ გაჭირვებული მოსახლეობის ბიუჯეტიდან 80 ათას ლარამდე თანხას ხელისუფლების პიარში არ უნდა ვიხდიდეთ. მისივე თქმით, გაზეთი „ახალი ხარაგაული“, რომელსაც ეს ააიპ-ი გამოსცემს, მოსახლეობის წინაშე არსებულ რეალურ პრობლემებს არასდროს ასახავს.
„ამ ააიპ-ს ტელეკომპანია „რიონისთვის“ გადარიცხული აქვს 3 ათასი ლარი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების შესახებ სიუჟეტის მომზადებაში, – ამბობს კობა გოგსაძე, – ეს სიუჟეტი ვარძიაში, ხიდარში, წყალაფორეთში არავის უნახავს, რადგან ამ ტელეკომპანიის სიგნალი ჩვენთან არ ვრცელდება.
ამ აიპისთვის 2022 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 76 700 ლარით მოსახლეობის ბევრი პრობლემის მოგვარება შეიძლება. საგამომცემლო საქმიანობის ბიუჯეტიდან დაფინანსება საბიუჯეტო თანხების ფლანგვაა. ამ ააპ-ის დირექტორის ხელფასი – 1 400 ლარი, ბევრი მგონია იმ ფონზე, როცა იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩების დასუფთავებას დილიდან იწყებენ, ხელფასის სახით 300-400 ლარი ერიცხებათ.
„მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრის“ დირექტორის, ეკა შავიძის ინფორმაციით, მათი სამსახური მხოლოდ საგამომცემლო საქმიანობას არ ახორციელებს. მისი თქმით, იაპონიის საელჩოსგან მძიმე ტექნიკის შესაძენად საგრანტო განაცხადი მისი დაწერილია. მისივე განცხადებით, ეს მუნიციპალური ააიპ-ი თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელსაც ხარაგაულში შშმ პირებისთვის ეტლები შემოაქვს; ააიპ-ის თანამშრომლები პასუხობენ ცხელ ხაზზე შესულ მოქალაქეთა სატელეფონო ზარებს.
შავიძემ კობა გოგსაძეს შეახსენა, რომ გაზეთი „ახალი ხარაგაული“ წინა ხელისუფლების დაფუძნებულია და ახლა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაშია, შენიშვნები მისი საქმიანობის მიმართ ამიტომ აქვს.
„მაშინაც და ახლაც წინააღმდეგი ვიყავი, რომ თვითმმართველობას გაზეთი დაეფუძნებინა, – ამბობს კობა გოგსაძე, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გამოდის დამოუკიდებელი გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ და, ამ მედიაორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ხელისუფლებას თავისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გაცილებით იაფი დაუჯდება“.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძის აზრით, სახელისუფლებო გაზეთი „ახალი ხარაგაული“ საჭიროა, რადგან თურმე არც ერთი ტელევიზია და ონლაინ გამოცემა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ აშუქებს.
დეპუტატები ლენა აბაშიძე და ვერა ოდიკაძე კმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ შშმ პირებმა, ამ ააიპ-ის შუამდგომლობით, ეტლები მიიღეს.
მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ „თვითმმართველობა ვალდებულია, თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გამოაქვეყნოს. თავის დროზე კი ამ ვალდებულების აღსრულება ასეთი ფორმით გადაწყდა – ხელისუფლებამ გაზეთი დააფუძნა. ჩვენ ის არასამეწარმეო-არაკომერციულ იურიდიულ პირად გადავაკეთეთ და სხვა ფუნქციები დავუმატეთ.
ადრეც მიმაჩნდა და ახლაც ვფიქრობ, რომ ამ ააიპ-ისგან ბეჭდვითი მომსახურების საკითხი გადასახედია და ამ თემაზე მერიამ და საკრებულომ ერთად უნდა ვიმსჯელოთ“.
დღეს, 5 დეკემბერს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მუნიციპალური ააიპ-ის – „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრის“ საქმიანობა დადებითად შეაფასეს.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი