ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ამ პროექტის განხილვა საკრებულოს კომისიებში უნდა დაიწყოს. 25 ნოემბერს კი დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტის მიმართ გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები მერიას უნდა დაუბრუნონ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შემოსულობები 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით 12 353 700 ლარს შეადგენს. ეს პარამეტრი 2022 წლის დაზუსტებული ბიუჯეტის შემოსულობებს 1 321 600 ლარით აღემატება. 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით, ხარჯები 13 800 700 ლარია, 2022 წლის დაზუსტებული ბიუჯეტის გადასახდელებთან შედარებით – 627 800 ლარით მეტი.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 2023 წელს ვალდებულებების დასაფინანსებლად და ბიუჯეტის დასაბალანსებლად 2023 წლის პირველი იანვრისათვის მოსალოდნელი საკუთარი სახსრების ნაშთიდან 1 447 000 ლარს გამოიყენებს.
ამჯერად შევეცადეთ გაგვერკვია, რამდენად სრულყოფილად ასახეს თვითმმართველობისგან დაფუძნებულმა არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირებმა (ააიპ) ყველა საჭიროება 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში; რამდენად ელიან, რომ მათ მოთხოვნებს თვითმმართველობა სრულად გაითვალისწინებს.
2023 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა საჯარო მოხელის, ააიპ-ებში დასაქმებული ყველა თანამშრომლის ხელფასის 10%-ით ზრდა იგეგმება. სწორედ სახელფასო თანხის 10%-ით ზრდის გამო, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით, 2022 წლის დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით, ყველა ააიპ-ის დაფინანსება გაზრდილია; თუმცა, ხარჯები, რაც მათ საქმიანობის განსახორციელებლად ესაჭიროებათ, უმეტეს შემთხვევაში – შემცირებულია.
ხარაგაულში თვითმმართველობისგან დაფუძნებული ცხრა ააიპ ფუნქციონირებს.
მათგან ხარჯებისთვის გათვალისწინებული თანხა მხოლოდ „სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებასა“ და „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას“ ეზრდება.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
2022 წლის დაზუსტებული ბიუჯეტია 176 240 ლარი (მათ შორის – შრომის ანაზღაურება – 147 993 ლარი, სხვა დანარჩენი – 28 247 ლარი); 2023 წლის პროექტით განსაზღვრულია 215 000 ლარი (მათ შორის – შრომის ანაზღაურება 195 650 ლარი, სხვა დანარჩენი – 19 350 ლარი).
მოსწავლეთა სახლის დირექტორის, ჰამლეტ ბერაძის ინფორმაციით, გარკვეული პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც 2023 წელს აპირებდნენ, წელსვე გადაჭრეს – შენობაში ცენტრალური გათბობა ბუნებრივ აირზე დამონტაჟდა, გამოიცვალა შესასვლელი კიბე და კარ-ფანჯრები.
„მასწავლებლებს თითოეულ წრეში სამუშაოდ შესაბამისი ინვენტარი ესაჭიროებათ და მათი უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია, – ამბობს ჰამლეტ ბერაძე, – 2023 წელს აუცილებლად უნდა შევიძინოთ კომპიუტერული ტექნიკა, ფოტოაპარატი, მაგნიტური დაფები, პროექტორის ეკრანი, სხვადასხვა რბილი ავეჯი, მუსიკალური ინსტრუმენტები.
გვესაჭიროება სამოქალაქო განათლების პედაგოგი, რადგან მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის სამოქალაქო აქტივიზმი პრიორიტეტული და აუცილებელია. ამ კუთხით საქმიანობა უნდა გავაძლიეროთ და მოხალისეთა კლუბი ჩამოვაყალიბოთ.
თანხა არასდროსაა საკმარისი, როცა საქმე მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებას ეხება. დიდი ალბათობით, 2023 წელს 215 ათასი ლარი საკმარისი არ იქნება. ადგილობრივი ხელისუფლებისგან არის მზაობა, რომ, წლის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ფინანსები მივიღოთ“.
სათნოების სახლი
2022 წლის დაზუსტებული ბიუჯეტია 208 000 ლარი (მ/შ – ხელფასი – 83 173 ლარი, სხვა – 124 827 ლარი); 2023 წლის პროექტით განსაზღვრულია 210 000 ლარი (მ/შ – ხელფასი – 95 542 ლარი, სხვა – 114 458 ლარი).
ამ ორგანიზაციის დირექტორის, თამარ შავიძის ინფორმაციით, მომავალი წლიდან ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდას აპირებენ და სათნოების სახლის მომსახურებას 160 ადამიანი მიიღებს, 140-ის ნაცვლად.
რამდენად საკმარისი იქნება 2023 წლისთვის განსაზღვრული ხარჯები, თამარ შავიძე ჩვენს ამ შეკითხვაზე გვპასუხობს, რომ „თუ მომავალ წელს ფასები კატასტროფულად არ გაიზარდა, კვებაში თანხა საკმარისია; ხოლო თუ თანხის დამატება გახდა საჭირო, წლის განმავლობაში სუბსიდიის გაზრდას მოითხოვენ“.
ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა
2022 წლის დაზუსტებული ბიუჯეტია 162 500 ლარი (მ/შ – ხელფასი – 155 400 ლარი, სხვა – 7 100 ლარი); 2023 წლის პროექტით განსაზღვრულია 180 000 ლარი (მ/შ – ხელფასი – 176 220 ლარი, სხვა – 3 780 ლარი).
სამუსიკო სკოლის დირექტორი ლალი ალექსიძე ამბობს, რომ სკოლაში მუსიკალური ინსტრუმენტები აქვს. საკლასო ოთახებისთვის წელს დენის გამათბობლები შეიძინეს. ცენტრალური გათბობის დამონტაჟება მომავალ წელს არ იგეგმება. შენობის გარე ფასადი მძიმე მდგომარეობაშია. ადგილობრივი ხელისუფლება სამუსიკო სკოლის დირექციას დაჰპირდა, რომ ეს პრობლემა პროგრამის – „განახლებული რეგიონები“ – ფარგლებში მოგვარდება. ამიტომ ამ კუთხით ბიუჯეტის პროექტში თავად სამუსიკო სკოლას თანხა არ დაუგეგმავს.
„ჩვენ საკუთარი შემოსავალიც გვაქვს, – ამბობს ლალი ალექსიძე, – ერთი მოსწავლისთვის წლიური გადასახადი 90 ლარია. 80 მოსწავლიდან 18 მათგანი, როგორც სოციალურად დაუცველი, ამ გადასახადისგან გათავისუფლებულია. ყველაფრის ფასები იმატებს, მაგრამ მოსწავლეთა ოჯახები არ გამდიდრებულან. ამიტომ გადასახადს ვერ ვზრდით. საკუთარ შემოსავალს, ძირითადად, საქართველოს მასშტაბით გამართულ ფესტივალებსა და კონკურსებზე ტრანსპორტირებისთვის ვიყენებთ. 180 ათასი ლარი 2023 წელს სამუსიკო სკოლის გამართულად ფუნქციონირებისთვის, საკმარისია“.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
2022 წლის დაზუსტებული ბიუჯეტია 197 200 ლარი (მ/შ – ხელფასი – 170 740 ლარი, სხვა – 26 460 ლარი); 2023 წლის პროექტით – 220 000 ლარი (მ/შ – ხელფასი – 197 736 ლარი, სხვა – 22 264 ლარი).
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 2023 წლისთვის სკრინინგზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდას, სკოლებში სხვადასხვა სახის საინფორმაციო შეხვედრებსა და ამბულატორიების საქმიანობის მონიტორინგის გაძლიერებას გეგმავს. ამ გასვლითი ღონისძიებების ტრანსპორტირებისთვის განსაზღვრული თანხა კი, ამ ცენტრის დირექტორს, ალექსანდრე ტაბატაძეს, ამ ეტაპისთვის, საკმარისად მიაჩნია.
სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი
2022 წლის დაზუსტებული ბიუჯეტია – 481 000 ლარი (მ/შ – ხელფასი – 423 190, სხვა – 57 810 ლარი); 2023 წლის პროექტით განსაზღვრულია 580 000 ლარი (მ/შ – ხელფასი – 522 588 ლარი, სხვა – 57 412 ლარი).
ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორი რევაზ შერგელაშვილი ამბობს, რომ ადგილზე მოსაწყობი და გასვლითი სპორტული ღონისძიებებისთვის 2023 წლისთვის გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის.
რევაზ შერგელაშვილის ინფორმაციით, მწვრთნელებმა სპორტული შეჯიბრებების წლიური კალენდარი ჯერ ვერ წარუდგინეს, რადგან ამ ინფორმაციას ისინი ფედერაციებიდან ელოდებიან. სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის საკუთარი შემოსავლები ფიტნეს დარბაზისა და სტადიონის გაქირავებიდან 2023 წელს 3 ათასი ლარით დაიგეგმა. ამ თანხას საოფისე მასალების შესაძენად გამოიყენებენ. რევაზ შერგელაშვილი ვარაუდობს, რომ მომავალ წელს, სუბსიდიის გაზრდის მოთხოვნა მოუწევს.
დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება
2022 წლის დაზუსტებული ბიუჯეტია 1 681 834 ლარი (მ/შ – ხელფასი – 1 034 920 ლარი, სხვა – 646 914 ლარი); 2023 წლის პროექტით განსაზღვრულია 1 801 700 ლარი (მ/შ – ხელფასი – 1 244 034 ლარი, სხვა – 557 666 ლარი).
ხარაგაულის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანება ოთხ პროგრამას ახორციელებს: ა) დასუფთავებისა და ნარჩენების გატანისთვის 1 309 500 ლარის გამოყოფა იგეგმება (2022 წელს ამ მიზნით 1 185 834 ლარი გაიხარჯება); ბ) მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა-განვითარებისთვის – 219 200 ლარი (2022 წელს – 198 000 ლარი); გ) უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებებისთვის – 18 000 ლარი (2022 წელს – 16 000 ლარი); დ) გარე განათებისთვის – 255 000 ლარი (2022 წელს – 282 000 ლარი).
ამ ორგანიზაციის ბუღალტერი ვიტალი იჩქიტიძე მიიჩნევს, რომ 2023 წლისთვის დაგეგმილი სუბსიდია საკმარისი ვერ იქნება. მომავალ წელს სოფლებში გარე განათების ქსელის გაფართოებას აპირებენ. მათი მომსახურება და მოხმარებული ელენერგიის გადასახადი კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების ვალდებულებაა. ამ მიზნით ზუსტი თანხა ვერ დაიგეგმა, რადგან წინასწარ უცნობია, რომელი სოფელი რამდენი მეტრი გარე განათების დამონტაჟებას გადაწყვეტს.
ორგანიზაციას აუცილებლად ესაჭიროება ამწებაქნიანი სპეცმანქანა, რადგან ერთი მწყობრიდან გამოსულია. მეორეც რომ დაზიანდეს, მუშაობას ვეღარ შეძლებენ. „მერიას, ამ წლის განმავლობაში, რამდენჯერაც სუბსიდიის დამატება მოვთხოვეთ, დაფინანსება ყოველთვის გაგვიზარდეს. ასე იქნება მომავალშიც“, – ამბობს ვიტალი იჩიქიტიძე.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება
2022 წლის დაზუსტებული ბიუჯეტია 1 743 200 ლარი (მ/შ – ხელფასი – 1 357 200 ლარი, სხვა – 386 000 ლარი); 2023 წლის პროექტით განსაზღვრულია 2 200 000 ლარი (მ/შ – ხელფასი – 1 561 454 ლარი, სხვა – 638 546 ლარი).
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სხვა ხარჯების ზრდა კვების მენიუს ცვლილებამ განაპირობა. ერთი აღსაზრდელის დღიური კვება 4,4 ლარი უნდა გახდეს. დღის განმავლობაში ორი კვება და ორი წახემსება იგეგმება. 2022-2023 სასწავლო წლისთვის 22 საბავშვო ბაღში სულ 523 აღსაზრდელია რეგისტრირებული.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მ/შ თამარ ლაცაბიძე ამბობს, რომ 2023 წელს დაგეგმილია ნადაბურისა და ხუნევის საბავშვო ბაღებში ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდა, რისი აუცილებლობაც სამზარეულოს ელექტროღუმელებზე გადასვლამ გამოიწვია. ასევე განსაზღვრულია წიფისა და მოლითის საბავშვო ბაღების შენობების რემონტი; კიცხისა და ვარძიის საბავშვო ბაღებისთვის საყინულე მაცივრების შეძენა. თამარ ლაცაბიძე იმედოვნებს, რომ 2023 წლისთვის დაგეგმილი თანხა რეალისტური და საკმარისია.
კულტურისა და ხელოვნების ცენტრი
2022 წლის დაზუსტებული ბიუჯეტია 828 000 ლარი (მ/შ – ხელფასი – 726 500 ლარი, სხვა – 101 500 ლარი); 2023 წლის პროექტით განსაზღვრულია 900 000 ლარი (მ/შ – ხელფასი – 824 538 ლარი, სხვა – 75 462 ლარი).
ხარაგაულის „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ ყველა საჭიროებას წინასწარ ვერ განსაზღვრავდა. შემოქმედებითი კოლექტივების ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილეობა-ტრანსპორტირების თანხა ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია, თუმცა საზღვარგარეთ ფესტივალებში მონაწილეობის – ჯერჯერობით, ვერა.
ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს გაფართოება ესაჭიროება, – უნიკალური ექსპონანტების განსათავსებლად სივრცე არასაკმარისია. მამუკა ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ მუზეუმის მოდერნიზაცია ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით სხვა პროექტით უნდა განხორციელდეს.
მისივე თქმით, წლევანდელთან შედარებით, მომავალში „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ საკუთარი შემოსავლები გაიზრდება. „ბიუჯეტის პროექტში დაგეგმილი თანხა, მის დამტკიცებამდე გადაიხედება, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – თუ ამ ეტაპზე სუბსიდია არ გაგვიზარდეს, არც ეს იქნება ტრაგედია, რადგან წლევანდელივით, მოთხოვნის შესაბამისად, თანხებს დაგვიმატებენ“.
მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი
2022 წლის დაზუსტებული ბიუჯეტია 76 800 ლარი (მ/შ – ხელფასი – 49 460 ლარი, სხვა – 27 340 ლარი); 2023 წლის პროექტით განსაზღრვულია 84 500 ლარი (მ/შ – ხელფასი – 65 736 ლარი, სხვა – 18 764 ლარი).
ბორის საჯარო სკოლა-პანსიონი
ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიას იღებს ბორის საჯარო სკოლა-პანსიონი.
2022 წლის დაზუსტებული ბიუჯეტია 102 700 ლარი (მ/შ – ხელფასი – 98 000 ლარი, სხვა – 4 700 ლარი); 2023 წლის პროექტით განსაზღრვულია 115 000 ლარი (მ/შ – ხელფასი – 110 682 ლარი, სხვა – 4 318 ლარი).
ამ პანსიონში 24 თანამშრომელია დასაქმებული, ხოლო პანსიონურ მომსახურებას 12 მოსწავლე იღებს. იმის მიუხადავად, რომ მთავრობამ 2005 წლიდან გადაწყვიტა, მოზარდების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მზრუნველობამოკლებული ბავშვები ბავშვთა სახლებსა და პანსიონებში აღარ უნდა ცხოვრობდნენ, ხარაგაულში ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა და ბორის პანსიონი ისევ კანონის მიღმა რჩება.
ბორის სკოლა-პანსიონის დირექტორი მაია გაგოშიძე ამბობს, რომ „პანსიონური მომსახურებით მოსწავლეები და მათი ოჯახები კმაყოფილები არიან, 24 ადამიანი კი დასაქმებულია“.
„ხარჯები შემოსავლებზე მეტია, რაც თავისუფალი ნაშთიდან დაბალანსდება“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით, შემოსავლები 12 353 700 ლარით განისაზღვრა, ხოლო ხარჯები – 13 800 700 ლარით.
მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სხვადასხვა ფონდებიდან მისაღები თანხები ასახული არ არის.
„ამ მომენტისთვის ბიუჯეტის პროექტში შემოსავალი უფრო ნაკლებია. თუმცა ამას საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთიდან დავაბალანსებთ. წლის განმავლობაში საბიუჯეტო ცვლილებას არ გამოვრიცხავთ და ეს კანონდარღვევა არ არის. 2022 წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, ცვლილება სამჯერ განვახორციელეთ. ხელფასების მატებასთან დაკავშირებით ქვეყანაში საერთო მიდგომაა და ამის მიხედვით ვიმოქმედეთ“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი