ხარაგაულში ერთ-ერთი პირველი, ვინც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა და ომი დაგმო, ვაშლევის სკოლაა.
ამ სკოლაში ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეული 25 თებერვალს ღონისძიებით – „დიდება უკრაინას“ დასრულდა.
სკოლაში მოსწავლეების სამოქალაქო თვითშეგნებით, შემოქმედებითი და ჯანსაღი აზროვნებით აღზრდაა ვაშლევის სკოლის დირექტორის, ქეთინო ლურსმანაშვილის, მიზანი.
ის განათლების სამინისტროსგან შემოთავაზებულ თითქმის ყველა პროექტში ჩართვის ინიციატორია. თავადაც გეგმავს სიახლეებს და მაქსიმალურად ცდილობს, სხვადასხვა მიზეზების გამო სკოლასთან დაშორებული მშობლები სასკოლო ცხოვრებაში ჩართოს. ვაშლევის სკოლა ძირულას ხეობის სკოლებთანაც აქტიურად თანამშრომლობს და მათთან ერთობლივ პროექტებსაც ახორციელებს.
28 წელია, ქეთინო ლურსმანაშვილი ვაშლევის ცხრაწლიანი სკოლის დირექტორია. როგორ ართმევს თავს ამ საპასუხისმგებლო საქმეს, რა სიახლეების დანერგვას გეგმავს მომავალში, რას ურჩევს – როგორ უნდა შეაყვარონ მშობლებმა შვილებს კითხვა, როგორ დაძლია სკოლამ კორნავირუსის პანდემიით გამოწვეული გამოწვევები, – ამ საკითხებზე ქალბატონ ქეთინოს ვესაუბრეთ.
ქეთინო ლურსმანაშვილმა უმაღლესი განათლება ცხინვალში მიიღო; იმ ქალაქში, სადაც დღეს საქართველოს იურისდიქცია ვერ ვრცელდება. რუსული ოკუპაცია 2008 წელს მის ნათესავებსა და უახლოეს მეგობრებს შეეხო. ის ამბობს, რომ ცხინვალში გატარებული ათი წელი მის ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო და ძვირფასია.
ცხინვალში ჯერ სამედიცინო ტექნიკუმში მუშაობდა. შემდეგ პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. იხსენებს ცხინვალს, როგორც სიყვარულითა და სიცოცხლით სავსე ქალაქს, სადაც ერთმანეთის გვერდით სიყვარულით ცხოვრობდნენ ოსები და ქართველები. ქეთინო ლურსმანაშვილი დღემდე მეგობრობს ოს ჯგუფელებთან და თანამშრომლებთან.
2008 წელს, რუსეთისგან სამაჩაბლოს ოკუპაციიდან რამდენიმე თვეში, ვაშლევის სკოლა ერგნეთის სკოლაში გაემგზავრა. ერგნეთის სკოლის დირექტორი ქეთინო ლურსმანაშვილის ჯგუფელი იყო. სამაჩაბლოში იმერლების მოულოდნელი სტუმრობით გაოცებულმა პოლიციელებმა ისინი სკოლამდე მიაცილეს. შემდეგ ვაშლევის სკოლას ერგნეთისა და თამარაშენის სკოლების კოლექტივები ესტუმრენ.
ამ სკოლებთან დამეგობრების მთავარი მიზანი, ქეთინო ლურსმანაშვილის თქმით ისაა, რომ მომავალ თაობას ოსებისა და ქართველების მეგობრობა აჩვენონ.
„ვცდილობ, ახალგაზრდებს, ჩემს მოსწავლეებს დავანახო, რომ ოსებსა და ქართველებს ერთი მტერი გვყავს – რუსეთი, – ამბობს ქეთინო ლურსმანაშვილი, – რუსეთის აგრესიამ უკრაინაში გადაინაცვლა. ამიტომ გამოვეხმაურეთ უკრაინაში მიმდინარე ომს ღონისძიებით.
იმ დღეს კახიდან ჩაგვერთო პოეტი ქალი, კულტურის სახლის დამფუძნებელი შორენა თამაზაშვილი, რომელმაც გვითხრა, რომ საინგილოში მცხოვრები ქართველები თავს მიტოვებულად გრძნობენ. დავპირდი, რომ აუცილებლად ვესტუმრებით. ვცდილობ, რომ მოსწავლეებს მოძმე ხალხის სიყვარული და თანადგომა ვაჩვენო. უკრაინა ახლა თავისი თავგანწირვითა და ერთობით მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა.
ახლო ურთიერთობა მაქვს საქართველოში მცხოვრებ სომხებთან. ჩვენი სკოლა ახალციხის სოფელ ჭაჭარაქის სკოლასთან მეგობრობს. ამ დღეებში ჭაჭარაქის სკოლის დირექტორმა დამირეკა და მითხრა, ახალი სკოლა აგვიშენეს და საზეიმო გახსნა 14 აპრილს დაიგეგმა, პანდემიის გამო სტუმრების რაოდენობა შეზღუდულია, თუმცა, თქვენ აუცილებლად ჩემს გვერდით უნდა იყოთო. ასე რომ, 14 აპრილს ჭაჭარაქის სკოლის გახსნაზე ქართული ენის დღე სომეხ მეგობრებთან ერთად უნდა აღვნიშნოთ. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
კორონავირუსის პანდემიამ არაერთი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. ქეთინო ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ონლაინ სწავლებამ მოსწავლეებში სწავლისადმი მოტივაცია შეასუსტა. ამას ინტერნეტზე ხელმიუწვდომლობა დაერთო. სკოლის დირექტორი მადლობას უხდის მასწავლებლებს, რომლებმაც რამდენჯერმე მოსწავლეთა მშობლებს ინტერნეტპაკეტი შეუძინეს.
როგორ გააღვიძონ შვილებში წიგნისა და სწავლის მიმართ სიყვარული, – ამ მიმართულებით ქეთინო ლურსმანაშვილი მშობლებს ურჩევს, რომ დღის განმავლობაში ნახევარი საათი მაინც დაუთმონ შვილებთან ურთიერთობას, დაინტერესდნენ მათი ცოდნის დონით, წიგნი მათთან ერთად წაიკითხონ.
„სხვადასხვა ღონისძიებებით ვცდილობ, მოსწავლეები გავააქტიურო, წიგნი შევაყვარო, – ამბობს ქეთინო ლურსმანაშვილი, – ხშირად ვატარებთ მკითხველთა კონფერენციებს. ვინც კარგად კითხულობს, სიგელითა და სხვა საჩუქრებით ვახალისებთ.
ბავშვი სახლში მთელი დღე რომ წიგნს ხელს არ ჰკიდებს, მშობელმა ხომ უნდა მიუთითოს?! ონლაინ სწავლებისას ბებიები და ბაბუები უფრო აქტიურობდნენ, ვიდრე თავად მშობლები. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნასწავლი მასალის გაგება, გააზრება, შეფასება – ესაა მთავარი. ამ გამოწვევის დაძლევაში კი მშობელი უნდა დაგვეხმაროს.
28 წელია, სკოლის დირექტორი ვარ და ამ წლების განმავლობაში ბევრი სირთულე შემხვდა. ვფიქრობ, რომ სამართლიანი ვარ და ეს გამოწვევების დაძლევაში დამეხმარა.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა სარგვეშის სკოლაში დავიწყე. მაშინდელი სკოლის დირექტორის, იური ნავაძისგან ბევრი რამ ვისწავლე.
დირექტორობისას იყო რთული პერიოდები, მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ, რადგან გვერდით მიდგანან ახალგაზრდა მოტივირებული პედაგოგები და მათით ვამაყობ.
ვაშლევის ცხრაწლიანი სკოლიდან მოსწავლეები ბორითისა და ვერტყვიჭალის სკოლაში გადადიან. ამ სკოლების დირექტორები – სერგო ლაბაძე და ლენა აბაშიძე ყოველთვის მეხმიანებიან და მადლობას მიხდიან ჩვენი სკოლის წარმატებული მოსწავლეების გამო. ამ დროს ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს. ახალგაზრდებს წარმატებულ და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ“.
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების