„რა დამავიწყებს იმ დღეს, როცა კლასში ახალგაზრდა, მომღიმარი მასწავლებელი შემოვიდა. ერთ თვეზე მეტია, ხატია გოგალაძის გაკვეთილზე ყოფნა გვიხარია.
ინგლისურ ენას სიღრმისეულად გვასწავლის. თბილი, მოსიყვარულე და მშვიდი პიროვნებაა. ახალგაზრდა მასწავლებელმა ინგლისური ენის სწავლება უფრო სინტერესო გახადა,“ – ასე ახასიათებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევის სკოლის მეცხრეკლასელი გვანცა გოგოლაძე თავის მასწავლებელს.
ხატია გოგალაძე იმ შვიდ ახალბედა მასწავლებელს შორისა, რომელთაც წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში მუშაობა დაიწყეს. ხატია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო 60 კრედიტიანი პროგრამის კურსდამთავრებულია. მან პარალელურად მაგისტრატურა დაამთავრა, სასერტიფიკაციო გამოცდაში უმაღლესი – ათი ქულა მიიღო და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
„რა გზა განვლო ახალბედა მასწავლებელმა სკოლაში შემოსასვლელად“, – ასეთი პროექტის განხორციელების სურვილი გაუჩნდა ხატია გოგალაძის სკოლაში მისვლის შემდეგ ვაშლევის საჯარო სკოლის დირექტორ ქეთინო ლურსმანაშვილს. ის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკან დავით ჩოჩიშვილს დაუკავშირდა და ერთობლივი ღონისძიების მოწყობა შესთავაზა.
ახლახან გორის უნივერსიტეტმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს, ვაშლევის სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უმასპინძლა. ღონისძიებაში გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და სტუდენტები მონაწილეობდნენ.
„სკოლის წარმატება აქტიური დირექტორის გარეშე წარმოუდგენელია, – აღნიშნა ღონისძიებაზე განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დავით ჩოჩიშვილმა, – სასიხარულოა, რომ შეხვედრის ინიციატივა სკოლიდან წამოვიდა. ჩვენ ვაშლევის სკოლასთან ურთიერთობას გავაგრძელებთ – მოსწავლეებთან ერთობლივ პროექტებს განვახორციელებთ“.
გორის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მასწავლებლობის მსურველთა რიცხვი იმიტომაც იზრდება, რომ სახელმწიფომ სასკოლო რეფორმა პრიორიტეტად მიიჩნია და ღვაწლმოსილი მასწავლებლები ღირსეულად – ფულადი ჯილდოთი დააფასა; მოქმედი მასწავლებლების ხელფასი ეტაპობრივად იზრდება.
შეკრებილთ სიტყვით მიმართეს რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ნანა ტერმაკოზაშვილმა, 60-კრედიტიანი პროგრამის კურსდამთავრებულებმა ნათია ოქროპირიძემ და ამ პროგრამის სტუდენტმა თამარ ქარელმა, ვაშლევის სკოლის წამყვანმა მასწავლებელმა ქეთევან გოგოლაძემ.
გორის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა ისაუბრა პედაგოგების მომზადებისა და გადამზადების პროცესში ამ სასწავლებლის განსაკუთრებულ როლზე და აღნიშნა, რომ „დღეს აღარ არის ეპოქა, „ცენტრში“ მხოლოდ დედაქალაქი ვიგულისხმოთ. ცენტრი არის იქ, სადაც ინტერნეტი, მომსახურების უმაღლესი სერვისები, მაღალი აკადემიური განათლების მქონე ადამიანებით დაკომპლექტებული სივრცეა; სადაც თანამედროვე ევროპული ცოდნის მიღებაა შესაძლებელი. თუ გვინდა წარმატებული ქვეყანა გავხდეთ და საბჭოურ ჭაობს თავი დავაღწიოთ, ცხოვრებაში საკუთარი ადგილი უნდა ვიპოვოთ“.
„ვუერთდებით სასკოლო რეფორმას, რომელმაც სკოლაში ახალბედა მასწავლებელი – ხატია გოგალაძე შეგვძინა, – მიმართა გორის უნვერსიტეტში შეკრებილთ ვაშლევის სკოლის დირექტორმა ქეთინო ლურსმანაშვილმა, – მასწავლებლები ყველა რეფორმას ვუძლებთ და ვაძლიერებთ. ამ რეფორმის უმთავრესი შედეგი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაა.
ცხინვალის უნივერსიტეტი დავამთავრე და ამ მხარეში როცა მოვდივარ, გული სულ სხვა სიხარულით მიძგერს. იმ სასწავლებელმა მრავალეროვანი საქართველოს შვილები სამუდამოდ შეგვაკავშირა. ეს ფუნქცია დღეს გორის უნივერსიტეტს აკისრია“.
ახალბედა მასწავლებელმა ხატია გოგალაძემ მადლობა გადაუხადა პროფესორ-მასწავლებლებს, ვაშლევის სკოლის დირექციას, პედკოლექტივს და აღნიშნა: „კარგი მასწავლებელი რომ იყო, პირველ რიგში მოსწავლეები უნდა გიყვარდეს. ჩემი მოსწავლეების სიყვარული მაძლიერებს და მეტის მიღწევის მოტივაციას მაძლევს. წარმატებებს ვუსურვებ ვაშლევის სკოლას, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდას ღირსეულად ემსახურება“.
ოფიციალური შეხვედრის ბოლოს ვაშლევის სკოლის მოსწავლეებმა გორის უნივერსიტეტი დაათვალიერეს.
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების