ვაშლევის საჯარო სკოლა ჭაჭარაქის (ახალციხის მუნიციპალიტეტი) სომხურენოვან საბაზო სკოლასთან მეგობრობს. ორ სკოლას შორის ურთიერთობა ხუთი წლის წინ დაიწყო განათლების სამინისტროს პროექტით – არაქართულენოვან სკოლებთან დამეგობრება.
როგორც ჭაჭარაქის საბაზო სკოლის დირექტორი მარინე ოქრომელიძე ამბობს, – პროექტი დასრულდა, მაგრამ ქართული და სომხური სკოლების მეგობრობა გრძელდება.
-რუსთველმა თქვა – „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.“ ამაზე კარგს ვერაფერს ვიტყვი, – ამბობს ქალბატონი მარინე, – ყოველთვის უნდა ვეძებოთ მოყვარე, რადგან ადამიანის არსებობის მთავარი აზრი ამქვეყნად არის სიყვარული. უსიყვარულოდ არსებობა არარსებობას ნიშნავს.
ჩვენი მეგობრობის მთავარი საძირკველიც სიყვარულია.“
ვაშლევისა და ჭაჭარაქის სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები დროდადრო სტუმრობენ ერთმანეთს. ამჯერად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ვაშლევის სკოლამ მოიწვია მეგობრები მესხეთიდან.
საზეიმო ღონისძიებაზე ვაშლევის სკოლის დირექტორმა ქეთინო ლურსმანაშვილმა ორ სკოლას შორის მეგობრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სომეხ მეგობრებთან ერთად აღნიშნავენ.
შეხვედრაზე მყოფმა ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორმა ლენა აბაშიძემ აღნიშნა, რომ მისაბაძია ვაშლევისა და ჭაჭარაქის სკოლების მჭიდრო მეგობრობა და გამოთქვა სურვილი, რომ ვერტყვიჭალის სკოლამ აღადგინოს განძის არაქართულენოვან სკოლასთან მეგობრობა, რომელიც წლების წინ დაიწყო.
-ძალიან ამაღელვებელი მომენტია, სხვა ერის წარმომადგენელი რომ ქართულ სიმღერას ასრულებს, – ამბობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე, – სასიამოვნოა, ჩვენს მიწა-წყალზე მცხოვრები სხვა ეროვნების ადამიანები რომ ქართულ ფოლკლორს, საქართველოს ისტორიას, ქართულ ხელოვნებას ეცნობიან. მისასალმებელია ამ ორი სკოლის მეგობრობა. დღევანდელ ღონისძიებას ნათელ ზოლად გასდევს რუსთველის სიტყვები „მეგობრობა გზად და ხიდად.“ მხოლოდ მეგობრობა გადაგვარჩენს, განსაკუთრებით ჩვენისთანა პატარა ერებს, რომელთაც გვაქვს უძველესი კულტურა და ტრადიცია. 14 დამწერლობაა მსოფლიოში და მათ შორის ერთი ქართულია და ერთი – სომხური. დიდი სიამოვნებით ჩავერთვები ვაშლევის სკოლის დელეგაციაში, როცა ახალციხეში გადაწყვეტთ სტუმრობას. უნდა გავაღრმავოთ, მუნიციპალურ დონეზე უნდა გავაფართოვოთ ეს მეგობრობა.
-26 მაისი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის, – ამბობს ჭაჭარაქის საბაზო სკოლის მასწავლებელი სამველ მინასიანი, – გილოცავთ მთელ საქართველოს ჩვენი სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა სახელით. დაე, საქართველო იყოს მდიდარი და გაერთიანებული. სომხურ-ქართული მეგობრობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ძმების, – ჰაოსისა და ქართლოსის შვილები, დიდი თურგუნ პაპას შვილიშვილები ვართ. ეს მეგობრობა არც დღევანდელია და არც გუშინდელი, ძველი საუკუნეებიდან მოდის. დღეს ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ორი ერის მეგობრობის ისტორია და ეს ურთიერთობა ლამაზად უნდა განვავითაროთ.
ვაშლევის სკოლაში საზეიმო შეხვედრის შემდეგ მასპინძლებმა და სტუმრებმა ბორითში, საქართველოს დამოუკიდებლობისა და მერაბ კოსტავას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადაინაცვლეს.
ლაურა გოგოლაძე
ამავე თემაზე
ქეთინო ლურსმანაშვილი სამველ მინასიანს – ვაშლევში ისტორიის გაკვეთილი ორ ენაზე ჩავატაროთ
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების