ვაშლევის საჯარო სკოლაში 12 დეკემბერს დილიდან უჩვეულო ფუსფუსი შეინიშნებოდა. ერთ-ერთი საკლასო ოთახი განსაკუთრებით გაალამაზეს. სუფრა საახალწლო სუვენირებით მორთეს და თანდათან ნაირ-ნაირი კერძებით ავსებდნენ. ფუსფუსის მიზეზი ღონისძიება გახლდათ, რომელიც
ვაშლევის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის დარეჯან ქურციკიძის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში – „მშობელთა შემოქმედება“ – რვა მშობელი ჩაერთო. მათ საკუთარი შესაძლებლობები მოსწავლეების, პედაგოგიური კოლექტივისა და მოწვეული სტუმრებს წინაშე წარმოადგინეს.
მშობლები ფიქრია წიქარიშვილი და შორენა არსენიძე, წლებია, საკუთარ გრძნობებსა და ემოციებს ლექსებით გამოხატავენ. ღონისძიებაზე მათ რამდენიმე ლექსი წაიკითხეს და საზოგადოების აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.
მარინა ლეკიაშვილი კულინარიითაა გატაცებული და ცდილობს, თავისი პატარებისათვის მუდამ გემრიელი ტკბილეული შექმნას. ღონისძიებაზე მან დამსწრე საზოგადოებისათვის უგემრიელესი თათარა მოამზადა.
მაკა ლომიძე თავისუფალ დროს, ულამაზეს სამკაულებს ქმნის. ქალბატონი მაკა სამკაულებს ძირითადად თავისთვის და ახლობლებისათვის აკეთებს და მის რეალიზაციაზე ჯერ არ უფიქრია.
ინდირა გაჩეჩილაძე ოჯახის წევრებისთვის ტანსაცმელს ქსოვს. ღონისძიებაზე ქალბატონმა ინდირამ თბილი წინდები მოქსოვა და ვაშლევის საჯარო სკოლას ქუდთან ერთად უსახსოვრა.
მშობელი მარინა წიქარიშვილიც ქსოვს. ის რამდენიმე ფერის ძაფს იყენებს და ნაქსოვს სხვადასხვა ფორმისა და ფერის გამოსახულებებით რთავს.
თამილა შუკაკიძე ვაშლევში იმერული ხაჭაპურის დიდოსტატად ითვლება. მას მიაჩნია, რომ ქალს ოჯახში დიდი მოვალეობა აკისრია და კარგი კერძების მომზადებას ბავშვობიდან უნდა დაეუფლოს.
ვაშლევში გამორჩეული კულინარია თინათინ ტაბიძეც. მან ღონისძიებაზე იოლად მოსამზადებელი საახალწლო ტკბილეულის რეცეპტი გაგვიმხილა.
„თითქმის ყველა იმერელის ოჯახშია კარალიოკის ჩირი. ერთი ფილა შოკოლადი და 50 გრამი კარაქი ნელ ცეცხლზე გაადნეთ, გამდნარ მასაში ამოავლეთ კარალიოკის ჩირი და უგემრიელესი საახალწლო ნუგბარიც მზადაა,“ – გვასწავლის ქალბატონი თინათინი.
ღონისძიების მიმდინარეობისას ვაშლევის საჯარო სკოლას საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარინა ალუღლიშვილი და ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძე სტუმრობდნენ.
მაია კობახიძემ ყურადღება სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ სკოლა სამი უმთავრესი კომპონენტისაგან შედგება, ესაა მშობელი, პედაგოგი და მოსწავლე.
„თუ მშობელი საგანმანათლებლო პროცესში აქტიურად არ ჩაერთო, ის სახლშიც ვერ მოეკიდება პასუხისმგებლობით შვილის განათლების საკითხს. მადლობა ყველა მშობელს, რომ ამ ღონისძიებაში ჩაერთეთ. გთხოვთ, არასდროს გააკრიტიკოთ პედაგოგი, მასწავლებელს გვერდით დაუდექით და ერთად აღზარდეთ ქვეყნის მომავალი თაობა. პედაგოგი არის ის, ვის მხრებზეც დგას ქვეყნის მომავალი წარმატება. თუ არა მასწავლებლის თავდადებული საქმიანობა ქვეყანა ვერ შეძლებდა განვითარებას ყველაზე მძიმე, 90-იან წლებში, როცა მასწავლებლები უხელფასოდ ემსახურებოდნენ ბავშვებს. მაშინ ჩვენმა ქვეყანამ შეძლო შეენარჩუნებინა თავისი თვითმყოფადობა და გაეგრძელებინა განვითარება.
საარქივო მასალებიდან დასტურდება, რომ საუკუნეების წინ პირველად მასწავლებელთა უფლება დამცველი პროფკავშირი შორაპნის მაზრაში შეიქმნა. ეს მეტყველებს თქვენი რაიონის მაღალ სამოქალაქო ცნობიერებასა და მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზე,“ – აღნიშნა მაია კობახიძემ ღონისძიებაზე.
ვაშლევის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ლურსმანაშვილი წუხს საქართველოში გასული დღეების განმავლობაში დატრიალებული ტრაგედიების გამო და აღნიშნავს, რომ ეს სიყვარულისა და ურთიერთობების ნაკლებობამ გამოიწვია.
„ბოლო წლებში მშობელი ძალიან დაშორდა სკოლას, აღარაა ისეთი აქტიური, როგორიც უნდა იყოს. მასწავლებლისა და მოსწავლის შემაერთებელი რგოლი კი სწორედ მშობელია. ჩვენი ღონისძიება ამ მიზანს ემსახურება, რაც შეიძლება აქტიურად ჩავრთოთ მშობლები სკოლის ცხოვრებაში. მეტი სითბო აჩვენოს შვილს. თავისუფალ დროს ასწავლოს ის, რაც თვითონ ხელეწიფება. ვაშლევის სკოლა შემდეგშიც აუცილებლად გამართავს ღონისძიებებს მშობელთა ჩართულობით, “ – ამბობს ქეთევან ლურსმანაშვილი.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი