„მივმართავ მთავრობას! ადგილობრივსაც და ცენტრალურსაც! – წერს მარინა გოგია, – თქვენ ახლა ჩემთვის ხართ ნიჩაბი, ტრაქტორი, გრეიდერი, მონტიორი, მაშველი და დარაჯი, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში, ჩვენს სასიკეთოდ (აბა, მანდ ყოფნა ადვილი რომ მეგონოს, თქვენ მიმასწრებდით…)

ჰოდა, გამოფხიზლდით, გამოიღვიძეთ…

დენი არ გვაქვს, გზა არ გვაქვს, წყალი არ გვაქვს … ვერ გადავადგილდებით.

გამოდით, მანქანას მაინც მოაწექით, ავადმყოფებს საჭმელი რომ მივუტანო…

ანდა, დაიფარეთ ქუდები და წადით სახლში…“ – წერს სოციალურ ქსელში მარინა გოგია.

ინდმეწარმე მარინა გოგია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კოვიდცენტრების პაციენტებს კვებავს და გამზადებულ საკვებს, დღეში რამდენჯერმე, საკუთარი ავტომანქანით აწვდის.

გუშინ მოსული თოვლის გამო, მეორე დღეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, ფაქტობრივად, პარალიზებულია, – მთელ მუნიციპალიტეტში გათიშულია ელექტროენერგია, მოსახლეობას არ მოგვეწოდება წყალი; გზები გაუწმენდავი და დალიპულია.

უდენობის გამო, დაბა ხარაგაულში მოქმედ სკოლებში საკლასო ოთახების გათბობა შეუძლებელი გახდა და ამიტომ მოსწავლეები ვერ მიიღეს.

უგზოობის გამო დღეს არც ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ წასულა ხარაგაულიდან თბილისის, ზესტაფონისა და ქუთაისის მიმართულებით. ხარაგაულსა და კიცხში ვერ ცხვება პური და დისტრიბუტორებს ვერც ზესტაფონიდან შემოაქვთ.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის მოწოდებას ეტაპობრივად გვპირდება.

P.S. ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, „ჩემი ხარაგაულის“ გვერდზე მკითხველთა ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ხარაგაულში, უგზოობის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია

როდის აღდგება ხარაგაულში ელექტროენერგიის მოწოდება

ხარაგაულის მერი უამინდობით შექმნილ პრობლემებზე კომენტარს მოგვიანებით აპირებს