მეხუთე თვეა, ხარაგაულის საავადმყოფოს 15 თანამშრომელს ანაზღაურება არ მიუღია.

ამის გამო ისინი გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებიან. კუთვნილ ხელფასებს, სამსახურიდან გათავისუფლების შიშით, ვერც კი ითხოვენ. ფაქტობრივად, მონებივით შრომობენ.

ისინი თითო-თითო კვირით, კოვიდცენტრში ათენებენ და აღამებენ, – ოქტომბრიდან დღემდე კლინიკიდან ასზე მეტი გამოჯანმრთელებული და მომსახურებით კმაყოფილი პაციენტი გაწერეს. ამ შეუფასებელი და გმირული შრომის პროცესში ხუთი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. ხელფასი, რომელიც აგვისტოს შემდეგ არ მიუღიათ, ბევრი მათგანის ოჯახისთვის ერთადერთი შემოსავალია.

ხარაგაულის კოვიდცენტრის უხელფასოდ დარჩენილი თანამშრომლები უიმედო მდგომარეობაში არიან და გამოსავალს ვერ ხედავენ, – ანაზღაურების მისაღებად ვის და როგორ მიმართონ.

როდის ჩაერიცხება ხარაგაულის საავადმყოფოს 15 თანამშრომელს კუთვნილი სახელფასო ანაზღაურება, ამის გასარკვევად რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, ნუგზარ ბოლქვაძეს მივმართეთ.

 

 

„არაფერი პრობლემები არ აქვთ, ხელფასები აუცილებლად ჩაერიცხებათ აუცილებლად ორშაბათ-სამშაბათს, უკიდურეს შემთხვევაში, ოთხშაბათს, – განაცხადა ჩვენთან საუბარში ნუგზარ ბოლქვაძემ, – საახალწლოდ ისინი ერთი თვის, აგვისტოს ხელფასს, მიიღებენ.  მეტი თანხა მთავრობიდან არ მიგვიღია. დღესაც ველოდები ფულის ჩარიცხვას.

გუშინ ვიყავი ხარაგაულში, მედპერსონალს შევხვდი და ბოდიშიც მოვუხადე. ყველაფერი მესმის, მაგრამ რა გავაკეთო.

ხარაგაულის საავადმყოფო რომ კოვიდცენტრად გადაკეთდა, მედპერსონალი გაორმაგებულ ხელფასს მიიღებს, როცა იმ ხელფასების ჩარიცხვის დრო მოვა.

ხარაგაულის კოვიდცენტრის თანამშრომლები ძალიან კარგად მუშაობენ. ამდენი მადლობა არცერთი კოვიდკლინიკის პაციენტებისგან არ მიმიღია. ჩემზე მეტი გულშემატკივარი მათ არ ჰყავთ. ხარჯები კოვიდთან დაკავშირებით ძალიან გაგვეზარდა“.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე:

ხარაგაულის საავადმყოფოში ექვსთვიანი დავალიანება არ მცირდება
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი „ჩემი ხარაგაულის“ სტატიას ეხმიანება
როდის დაიფარება ხარაგაულის საავადმყოფოს თანამშრომელთა სახელფასო დავალიანება
ხარაგაულის საავადმყოფოში ექვსთვიანი სახელფასო დავალიანებაა
ნუგზარ ბოლქვაძე – ხარაგაულის საავადმყოფოში სახელფასო დავალიანებას უახლოეს დღეებში დავფარავთ