არჩევნების დღე ხარაგაულში ერთი შეხედვით მშვიდად დაიწყო.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია საარჩევნო უბნის გახსნას კიცხში დაესწრო. ამ უბანზე ყველაფერი კანონის დაცვით განხორციელდა. თუმცა, კომისიის ორმა წევრმა წილისყრით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაზე უარი თქვეს – ერთმა გადასატანი საარჩევნო ყუთის გაყოლაზე, მეორემ – ნაკადის მომწესრიგებლად ყოფნაზე.

დილიდან თითქმის ყველა საარჩევნო უბნის მიმდებარედ, ეზოში, ან უბნიდან 10-20 მეტრის დაშორებით იდგნენ როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური პარტიების კანდიდატები და წარმომადგენლები. ისინი უბანს „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ ტოვებდნენ, თუმცა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უკან ბრუნდებოდნენ.

 

„ამ არჩევნებისგან ერთპარტიული მმართველობის დასრულებას ველოდები“

რას ელოდებიან არჩევნებისგან, როგორი უნდა იყოს მერი, რომელი პრობლემების მოგვარება უნდა დაიწყოს პირველ რიგში ხარაგაულის ახალარჩეულმა ხელისუფლებამ, – ამ შეკითხვებით ხარაგაულელ ამომრჩევლებს მივმართეთ.

სალომე მაჭავარიანი, დავით ხიჯაკაძე, მარინე პეტავა და შალვა ჩხეიძე არჩევნებზე ცვლილებების მოლოდინით მივიდნენ.


 

მერობის ორი კანდიდატი ერთ საარჩევნო უბანზე

მერობის კანდიდატები პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“ ვარლამ თავზარაშვილი და „ქართული ოცნებიდან“ კობა ლურსმანაშვილი ერთი საარჩევნო უბნის, თეთრაწყაროს ამომრჩევლები არიან.

რას მისცეს ხმა, მერად მათი არჩევის შემთხვევაში რა და როგორ შეიცვლება ხარაგაულში მომავალი 4 წლის განმავლობაში, – ამ შეკითხვებზე მერობის კანდიდატებმა გვიპასუხეს.

 

დარღვევები საარჩევნო უბნებზე

მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ კობა ლურსმანაშვილი ხმის მიცემას მართვის მოწმობით ცდილობდა.

მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორმა დააფიქსირა, მერობის კანდიდატმა ხმა ვეღარ მისცა და საარჩევნო უბანი დატოვა.
ამ ფაქტის გამო კომისიის თავმჯდომარემ ნაკადის მომწესრიგებელსა და რეგისტრატორს შენიშვნა მისცა.
კობა ლურსმანაშვილმა ხმა მას შემდეგ მისცა, რაც მანქანაში დარჩენილი პირადობის მოწმობა მოუტანეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლეების სტატუსით იმყოფებოდნენ.

„მერის პირველ მოადგილეს დამკვირვებლად ყოფნა საარჩევნო კოდექსით ეკრძალება“, – ამბობს „ღია სივრცე კავკასიას“ (COS) იურისტი ირმა პავლიაშვილი.

ბაზალეთის საარჩევნო უბანზე განგვიმარტეს, რომ მერის პირველმა მოადგილემ კანონდარღვევაზე მითითებისთანავე საარჩევნო უბანი დატოვა.

თავად ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ არ იცოდა, თუ მას არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლის სტატუსით უბანზე შესვლის უფლება თუ არ ჰქონდა. ამ ფაქტის შესახებ მან თავად აცნობა ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო აკრედიტაციის გაუქმების მოთხოვნით ცეკოს მიმართა.

არჩევნების დღეს სხვადასხვა კანონდარღვევებზე საუბრობდნენ „ლელოსა“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები.

საარჩევნო უბნებთან ას მეტრზე ახლოს იმყოფებოდნენ მმართველი პარტიების წარმომადგენლები და კოორდინატორები. ამის გამო „ლელოსა“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა საოლქო კომისიაში საჩივრები შეიტანეს.

#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, არჩილ ბლიაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ოლქში დღეს ხუთი საჩივარი შევიდა – ორი „ლელოდან“, სამი – „ნაცმოძრაობიდან“.

„ოთხი საჩივარი უბნის გარეთ ასმეტრიანი დისტანციის დარღევას ეხება, ხოლო ერთი საჩივარი დაიწერა იმის გამო, რომ რეგისტრატორმა შემთხვევით ერთის ნაცვლად ორი ბიულეტენი მისცა სპეცსიაში მყოფ კომისიის წევრს, – ამბობს არჩილ ბლიაძე, – საჩივრის ავტორები კომისიის წევრის მიმართ დისციპლინარულ სასჯელს ითხოვენ.

საოლქო კომისიის იურისტი წავიდა უბნებზე და გააფრთხილა მოქალაქეები, რომ საარჩევნო უბანს ასი მეტრის რადიუსით დაშორდნენ, ხოლო ზედმეტი ბიულეტენის გაცემაზე კომისიის წევრები გამოვკითხეთ და ამ ფაქტს მოგვიანებით განვიხილავთ“.

ნინო კაპანაძე

ასევე დაგაინტერესებთ 

შვიდი შეკითხვა ხარაგაულის მერობის ხუთ კანდიდატს

წინასაარჩევნო გარემო ზემო იმერეთში

ვინ არიან ხარაგაულის მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები

„არჩევნებში პირველად ვმონაწილეობ და ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა“