2021 წლის 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.

მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს მყოფი ხელისუფლება – საკრებულოს წევრები და მუნიციპალიტეტის მერი უნდა ავირჩიოთ.

როგორი თვითმმართველობაც გვეყოლება, ისე წარიმართება ჩვენი ყოფა-ცხოვრება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის – დავით მაღლაფერიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ლია ფცქიალაძე – „პატრიოტთა ალიანსიდან“, მიხეილ ჭიპაშვილი – „ლელოდან“, ვარლამ თავზარაშვილი – „გახარია-საქართველოსთვის“, კობა ლურსმანაშვილი – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“.

მოსახლეობის რომელი პრობლემები მიაჩნიათ პრიორიტეტულად, რას ჰპირდებიან ამომრჩევლებს, როგორია მათი ხედვები და რამდენად აქვთ ამომრჩევლების მხარდაჭერის იმედი, – მერობის კანდიდატები ჩვენგან დასმულ შეკითხვებს პასუხობენ.

ხარაგაულის მერობის კანდიდატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით მაღლაფერიძემ ჯერ უარი გვითხრა ვიდეოგადაღებაზე, მოგვიანებით კი დაგვპირდა, რომ დაგვიკავშირდებოდა. თუმცა, შემდეგ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გზები იგება, საბავშვო ბაღები შენდება, სკოლების ინფრასტრუქტურა წესრიგდება, ბუნებრივი აირი შეჰყავთ სოფლებში. ამის მიუხედავად, ახალგაზრდა ოჯახებისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტი საცხოვრებლად მომხიბვლელი არ არის, – მიგრაცია შეუქცევი პროცესია. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხარაგაულში ახალგაზრდა ოჯახებმა დაბრუნება და ცხოვრება გადაწყვიტონ.

დავით მაღლაფერიძე: – სოფლებში გზები იგება, მაგრამ უხარისხოდ. ახალგაზრდა ოჯახების სოფლებში ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ მუნიციპალიტეტში სამუშაო ადგილები შეიქმნას. საზღვარგარეთ ახალგაზრდების ნაწილი სასწავლებლადაც მიდის. თუმცა, უმრავლესობა, ძირითადად, მაინც სამუშაოს საძებნელად მიეშურება. როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, – ეს სხვა საკითხია. გარდა ამისა, მხოლოდ მუშაობაც ხომ არ არის, ახალგაზრდას გართობა და დასვენება სჭირდება. ხარაგაულში დასაქმების, გართობისა და დასვენებისთვის შესაბამისი პირობები უნდა შევქმნათ.

ლია ფცქიალაძე: – ხელისუფლება ხალხისთვის უნდა იყოს და თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე უნდა ფიქრობდეს. სოფლებში გაუსაძლისი მდგომარეობაა. გარდა იმისა, რომ მოსახლეობას ეკონომიურად უჭირს, ძალიან დათრგუნულები და შეშინებულები არიან. სახელმწიფომ ახალგაზრდები უნდა დააინტერესოს; დაეხმაროს, სოფლის მეურნეობის პროდუქცია რომ აწარმოონ და მისი რეალიზაცია შეძლონ. უნდა ამოქმედდეს პროდუქტების ჩასაბარებელი პუნქტები. შეიძლება, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტრანსპორტი გამოუყოს და პროდუქცია იქამდე მიატანინოს. ამით ალბათ საქმე წინ წავა.

მიხეილ ჭიპაშვილი: – ხარაგაულში გზები მთავრობისგან აღებული სესხით იგება. ეს ვალები წლების განმავლობაში უნდა ვიხადოთ. ადამიანების სოფლებში დასამაგრებლად, ახალი ოჯახების შესაქმნელად და იმისთვის, რომ ახალგაზრდა ოჯახები სოფლებში ცხოვრებით დაინტერესდნენ, აუცილებელია, რომ მოსახლეობას საკუთარი ფინანსური შემოსავლები გაუჩნდეს. ეს შესაძლებელია, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ხელშეწყობით, ხე-ტყეზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, ახალი საწარმოების ფუნქციონირებითა და ტურიზმის რეალურად ამოქმედებით. ამ დრომდე, მიმდინარეობს ფასადური სამუშაოები, რაც ადამიანების გრძელვადიანად დასაქმებას ხელს ვერ უწყობს.

 ვარლამ თავზარაშვილი: – სოფლები ბევრმა ოჯახმა დატოვა, რადგან ხე-ტყეზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდათ. ახალგაზრდა ოჯახები ავეჯის დამზადებით იყვნენ დაკავებულები. ვერავის შევპირდები, რომ აქ ფაბრიკა-ქარხნები გაიხსნება და ეკონომიკა აგუგუნდება. ბევრი სამუშაოა ბიზნესის, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. ახალგაზრდები ვენახის გაშენებით, მცირე საოჯახო სასტუმროების შექმნით ინტერესდებიან. ამ კუთხით არის სამუშაო, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების პროგრამები შეიქმნას. ამაში ვხედავ გამოსავალს, რომ მიგრაცია შეჩერდეს.

კობა ლურსმანაშვილი: – ახალგაზრდებს ხელშეწყობა აქვთ და ექნებათ, რათა მათ მოახერხონ საჯარო სამსახურებში შემოსვლა იმისთვის, რომ სამომავლოდ ხარაგაულის ბედი გადაიბარონ.  გარდა ამისა, ხარაგაულს გააჩნია აუთვისებელი პოტენციალი, რომელიც ადამიანების ეკონომიურ მდგომარეობას განსხვავებულს გახდის. ხარაგაულში არსებობს რამდენიმე ახალი საწარმოს მშენებლობის, ფერმერული მეურნეობების შექმნის, სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა აქტივობების იდეები, რაც იმის საწინდარია, რომ მიგრაციული პროცესები არათუ გაჩერდეს, არამედ აქ ხალხი დაბრუნდეს.

რა და როგორ უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თვითმმართველობა ცენტრალურ ხელისუფლებაზე დამოკიდებული აღარ იყოს?

დავით მაღლაფერიძე: – ეს რთული პრობლემაა. მაგას ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ გადაწყვეტს და წლებია, პრობლემად რჩება. ეს მაინც საპარლამენტო და მთავრობის დონეზე უნდა მოგვარდეს. თვითმმართველობამ უნდა დააყენოს საკითხი პარლამენტსა და მთავრობაში, რომ საკრებულოებსა და მერიებს მეტი უფლებამოსილება და დამოუკიდებლობა მიენიჭოთ.

ლია ფცქიალაძე: – ამისთვის მუნიციპალიტეტმა ისეთი მერი უნდა აირჩიოს, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას არ მოასვენებს და ხარაგაულს რეალურად რა შემოსავლებიც ეკუთვნის, იმას მოსთხოვს. მაღალი ძაბვის სადენებიდან, რკინიგზიდან ჩვენ გაცილებით მეტი შემოსავლები გვეკუთვნის. გარემოზე მიყენებული ზიანის გამო ჯარიმები ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა ირიცხებოდეს. ცენტრალური ხელისუფლებისგან დასამადლოებელი, რომ – ტრანსფერს გვაძლევენ, – არაფერი გვჭირს.

მიხეილ ჭიპაშვილი: – ცენტრალური ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებისთვის თანხების განაწილების წესს არ ვეთანხმები. ხარაგაულის ადგილობრივ ბიუჯეტში დამატებითი ღირებულების გადასახადის 19%-დან 0,54%-ს გვირიცხავენ. ეს პროცენტი უნდა გაიზარდოს. თვითმმართველობაში თავისუფალი ადამიანები უნდა მოვიდნენ და არა – ცენტრალურ ხელისუფლებაზე დამოკიდებულნი. დღეს ადგილობრივი ხელისუფლება კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებებსაც ვერ ვახორციელებთ.

ვარლამ თავზარაშვილი: – ადგილობრივი ხელისუფლება გადაწყვეტილებებს მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით უნდა იღებდეს. სოფელში რწმუნებულმა და დეპუტატმა უკეთ იცის ოჯახების მდგომარეობა და პრობლემები. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემთხვევაში, თვითმმართველობებს უფრო მეტი უფლებამოსილება მიენიჭებათ. ფინანსური კუთხით, ალბათ, ცენტრალურ ხელისუფლებაზე ვიქნებით დამოკიდებულნი, მაგრამ გადაწყვეტილებები მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით უნდა მივიღოთ.

კობა ლურსმანაშვილი: – თვითმმართველობამ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები დამოუკიდებლად რომ მოაგვაროს, ფინანსურად თვითკმარი უნდა იყოს. ამისთვის საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო. კარგი იქნება, თუ საჯარიმო სანქციიდან შემოსული ყველა თანხა ადგილობრივ ბიუჯეტს დარჩება. ადგილობრივი მეწარმეებისგან გადახდილი დამატებითი ღირებულების გადასახადი, რომელიც ცენტრალურ ბიუჯეტში მიემართება და შემდეგ ნაწილდება, მთლიანად ადგილზე უნდა რჩებოდეს.

თქვენი აზრით, რა არის ხარაგაულის მოსახლეობის ყველაზე პრიორიტეტული პრობლემები და როგორია მათი გადაჭრის თქვენეული გეგმა?

დავით მაღლაფერიძე: – ხარაგაულის უმეტეს სოფლებში წყალმომარაგების პრობლემაა. სასოფლო გზები სანახევროდ და უხარისხოდაა დაგებული. თუ ამომრჩეველი ჩემს კანდიდატურას მხარს დაუჭერს, პირველ რიგში, დაუსრულებელ პროექტებს მივხედავ. მთავარი რაოდენობა კი არა, ხარისხია. მირჩევნია 100 კმ სიგრძის გზის ნაცვლად, 70 კმ გზა დაიგოს და ხარისხიანი იყოს. შესრულებული სამუშაოების ხარისხზე კონტროლს გავაძლიერებთ. მოსახლეობა ხე-ტყეზე ხელმისაწვდომობას ითხოვს. წლებია, ეს პრობლემა ვერ გვარდება. როგორც ჩანს, საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო. ეს სხვა მუნიციპალიტეტების პრობლემაცაა და ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ერთობლივად უნდა ვიაქტიუროთ.

ლია ფცქიალაძე: – მოსახლეობისთვის ეკონომიკური სიდუხჭირე ყველაზე დიდი პრობლემაა. გაჭირვებულ ადამიანებს ხვალინდელ დღეზე ფიქრი უჭირთ. ჩემი აზრით, ოჯახების მდგომარეობა მიზნობრივი პროგრამების დაფინანსებით უნდა შეიცვალოს, ამისკენ სვლა უნდა დავიწყოთ. თავიდან სოციალური პროგრამები საჭირო იქნება, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნის მეცხრე წელსაც რომ ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემით თავს იწონებ, ძალიან ცუდია. შემოდგომაზე სოფლებში ცოტა შეღავათი აქვთ იმით, რომ მოსავალს იღებენ. არჩევნები გაზაფხულზე უნდა ტარდებოდეს, როცა ადამიანებს ჭირნახული გამოლეული აქვთ და უფრო კარგად გაიაზრებენ, ხელისუფლება მათზე როგორ ზრუნავს.

მიხეილ ჭიპაშვილი:ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმეტესობა სოციალურ დახმარებას ითხოვს.

სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ეკონომიურად გაძლიერებაში უნდა დავეხმაროთ.

ფერმერები სოფლის მეურნეობის ხელშემწყობ დონორ ორგანიზაციებს უნდა დავაკავშიროთ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროექტების თანადაფინანსება შევთავაზოთ.

უნდა მოვიზიდოთ ინვესტორები, რომელთაც ტერიტორიებსა თუ შენობებს იჯარით გადავცემთ, ბიუჯეტის შემოსავლების გასაზრდელად. თვითმმართველობის ააიპ-ებში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც 300 ლარს იღებენ, ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ. ხარაგაულს ტურიზმის განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. ამ დრომდე უბისის მონასტერი ტურისტულ რუკაზე დატანილი არაა.

ვარლამ თავზარაშვილი: – ალბათ ყველაზე პრიორიტეტული დასაქმების პრობლემაა. ჩვენი ოფისის გვერდით დასუფთავების სამსახურია. აქ დასაქმებულთაგან ზოგმა, რა ფუნქცია აკისრია, არც იცის. ზოგადად, ადამიანების სამსახურში მიღებისა და მათზე ხელფასების გაცემის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ეს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვაა. ადამიანები 200-300 ლარიანი ხელფასის გამო მძევლებად აქციეს. ამას ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ვაპროტესტებდი. ხარაგაულში კოოპერატიული მეურნეობების შექმნას, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელი უნდა შევუწყოთ. ამ მიმართულებით არსებული პროგრამები სოფლად მცხოვრები ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ.

კობა ლურსმანაშვილი: ხარაგაულელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დასაქმების პრობლემა და შემოსავლების გაჩენაა. აქ დღემდე არ არსებობს მძლავრი საწარმო, რომელიც ადამიანებს დაასაქმებს. უპირველესად, ხელი კერძო სექტორის გაძლიერებას უნდა შევუწყოთ. ხარაგაულელები მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დასაქმდნენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საჯარო სექტორში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში, მუნიციპალურ ააიპ-ებსა და განათლების სისტემაში დასაქმებასთან ერთად ბიზნესის განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ. პრობლემები მუნიციპალიტეტის ყველა თემისთვის ინდივიდუალურია. მთავარია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ გადასაჭრელად ადექვატურია.

– რას ჰპირდებით ამომრჩევლებს?

დავით მაღლაფერიძე: -ნებისმიერი მიმართულებით პრობლემებია. ქვეყანას ნეპოტიზმი და კორუფცია ჭამს. ეს, გარკვეულწილად, ხარაგაულსაც ეხება. მეწარმეებთან დადებული ხელშეკრულებების ვადები მკაცრად დასაცავია. ვიზრუნებ ინფრასტრუქტრული პროექტების ხარისხიანად შესრულებაზე; ახალი სამუშაო ადგილების შექმნით – მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ჩხერიმელას ხეობის სოფლებში მცხოვრები ოჯახები თავს ავეჯის დამზადებით ირჩენდნენ. დღეს მათ შეშისა და სამასალე მერქანის კანონიერად მოპოვება უჭირთ. ამიტომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და მოვიდეს კოალიციური მთავრობა, რომელიც ხალხზე იზრუნებს. ამას დაუღალავი შრომა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან მუდმივი თანამშრომლობა სჭირდება.

ლია ფცქიალაძე: – მერად ჩემი არჩევის შემთხვევაში, ცენტრალური ბიუჯეტიდან მოთხოვნილი თანხების ხარჯზე ადგილობრივი ბიუჯეტი გაიზრდება. უფასო სასადილო ხელმისაწვდომი გახდება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ამის საჭიროება აქვს. შევქმნი მუნიციპალურ აფთიაქს, სადაც ზოგი წამლები იქნება უფასოდ, ზოგი – დაბალ ფასად. ჩამოვაყალიბებ საზოგადოებრივ დარბაზს, სადაც მოქალაქეები თავიანთ საჭიროებებს გაგვაცნობენ.

მერის წარმომადგენლები სოფლის ყრილობებზე შეირჩევიან. კვირაში ორჯერ სოფლებიდან ივლის უფასო ტრანსპორტი, რომლითაც მოსახლეობა პროდუქციას სარეალიზაციოდ ცენტრში მოიტანს. უსახლკარო ოჯახებისთვის გარკვეულ ფართებს გავარემონტებთ. ვიბრძოლებთ, რომ ლეღვანი-ხარაგაულის წყალსადენი სამართავად მუნიციპალიტეტს დაუბრუნდეს.

მიხეილ ჭიპაშვილი: – მოსახლეობას შიშისგან, ტერორისგან და ზეწოლისგან გათავისუფლებას ვპირდები. ყველა დონეზე დავაყენებ საკითხს, რომ სოფლის მურნეობის მიმართულებით გამოყოფილი გრანტები ხარაგაულის მუნიციპალიტეტზე მორგებული გახდეს. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც ვგეგმავ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას. მოვითხოვ, რომ ხე-ტყეზე ხელმისაწვდომობის პროცესი დაჩქარდეს.

ვაპირებ მცირე მეწარმეების ხელშეწყობას და მათთვის ქონების იჯარით გადაცემას. ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხები სხვადასხვა სპეციალობის ადამიანების გადასამზადებლად.

ვარლამ თავზარაშვილი: -მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას, სოფლებში გაზიფიცირების პროცესის დაჩქარებას და რა რაც ყველაზე მთავარია, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით ხელშეწყობას ვპირდები. შევიმუშავებთ პროგრამებს ახალგაზრდული მიმართულებით და შევეცდებით, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას გაუჩნდეს ხარაგაულში ცხოვრების ინტერესი.

არასწორი მენეჯმენტის ბრალია, რომ ხარაგაულის ქუჩები 6-7 თვე გადათხრილია. მერის მოვალეობაა, რომ პროექტები სწორად დაგეგმოს.

 კობა ლურსმანაშვილი: – ძირითადად, აქცენტები ინფრასტრუქტრული მიმართულებით გვაქვს. უფრო მეტ პროექტებს მოვიზიდავთ და და განვახორციელებთ. მეორე მიმართულება იქნება სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდა.

ორიენტირებული ვიქნებით ყველა იმ პრობლემის მოგვარებაზე, რაც აწუხებს მოსახლეობას, – იქნება ეს უბნებში გზების შეყვანა თუ ახალი პროექტების განხორციელება. უპირველესი საზრუნავი იყო, არის და დარჩება, რომ მაქსიმალურად ორიენტირებული ვიყოთ ახალგაზრდებზე და ამ მიმართულებით პროგრამები განვახორციელოთ.

სამოქალაქო ბიუჯეტირება, რომელიც მოსახლეობას წელს  შევთავაზეთ, გაგრძელდება. ამ კუთხით დაფინანსება გაიზრდება და თვითმმართველობის საქმინობაში მეტი ადამიანი ჩაერთვება.

გამარჯვების იმედი რამდენად გაქვთ და ამომრჩეველთა ხმების რამდენ პროცენტს მოაგროვებთ?

დავით მაღლაფერიძე: – რა ვიცი, რა გითხართ ახლა. არ ვიცი, ამომრჩეველთა რამდენ პროცენტს მივიღებ. გამარჯვების იმედი თუ არ მაქვს, ამ ბრძოლაშიც არც შევიდოდი. მე მაქვს ცხოვრებისეული გამოცდილება, ცოდნა და პოტენციალი, რომელიც მინდა, რომ ჩემს ხალხს მოვახმარო. მაქვს იმის უნარი და შესაძლებლობები, კავშირები, რომ ხარაგაულში სხვადასხვა პროექტები განვახორციელო, ბიზნესმენები დავაინტერესო. მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი მაქვს.

ლია ფცქიალაძე: – მგონია, რომ ყველა წესიერი ადამიანის ხმა, ვისაც შინაგანი სინდისი აქვს, ჩემი უნდა იყოს. ჩემი განვლილი ცხოვრების გამო, მხარს დამიჭერენ. ზოგმა არც იცის, რომ მერის თანამდებობაზე კენჭს ვიყრი. თქვენგან მეძლევა ამის შესაძლებლობა. ბევრ გაჭირვებულ ადამიანს დავხმარებივარ ისე, რომ მათ ჩემი ვინაობა არ სცოდნიათ. ნათქვამია, სიკეთე ქვაზე უნდა დადო და წინ დაგხვდებაო. არ ვიცი, რა გამოვა, მაგრამ გამარჯვებისთვის ვიბრძვი.

მიხეილ ჭიპაშვილი: – გამარჯვების იმედი რომ არ მქონდეს, ამ პროცესებში მონაწილეობას არ მივიღებდი. ადამიანთა დამოკიდებულება ჩემს მიმართ საკმაოდ პოზიტიურია. ხარაგაულის მოსახლეობა ძალიან გონიერია. მათ წლების განმავლობაში ბევრი იმედგაცრუება ნახეს და უიმედოდ არიან. ამომრჩევლებთან შეხვედრისა და მათთან საუბრის შემდეგ დამოკიდებულება ჩვენი გუნდის სასიკეთოდ იცვლება. აქედან გამომდინარე, გამარჯვების ძალიან დიდი შანსი გვაქვს.

ვარლამ თავზარაშვილი: – გამარჯვების იმედი ვისაც არ აქვს, ბრძოლაში არ უნდა შევიდეს. მაქვს იმ ადამიანების იმედი, ვისაც ვესაუბრები. ოპოზიციის შეხვედრებზე ხალხი მასიურად ვერ გამოდის. ამიტომ სოფლებში კარდაკარ დავდივარ და ვხედავ, რომ მოსახლეობა ცვლილებას ითხოვს. რწმუნებულებს დაავალეს, თუ „ქართული ოცნება“ ხმების 50%-ს ვერ მიიღებს, თანამდებობებს დატოვებენ. დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში იმიტომ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

კობა ლურსმანაშვილი: – საარჩევნო შეხვედრებზე მოსული მოსახლეობა ნდობას ჩვენ გვიცხადებს. წარსული საქმიანობის გამო და იმის იმედით, რომ თვითმმართველობაში გამოცდილი, თეორიულად და პრაქტიკულად წონადი პიროვნება ვარ, მხარს დამიჭერენ. ამ გადაწყვეტილებაში ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია, რომ მე წარმადგინა „ქართულმა ოცნებამ“, სამთავრობო პარტიამ და მათ სწამთ, რომ დღეს სახელისუფლებო გუნდისგან მხარდაჭერილ კანდიდატს მეტი შესაძლებლობები ექნება.

თქვენი კონკურენტი ამ არჩევნებზე?

დავით მაღლაფერიძე: – კონკურენტად არც არავინ მესახება. ყველას აქვს უფლება, იბრძოლოს მერობისთვის. ყველას აქვს საკუთარი შეხედულებები და მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ემსახუროს თავის ხალხს, თავის მუნიციპალიტეტს. კონკრეტულად კონკურენტად არავის მივიჩნევ.

ლია ფცქიალაძე: – ჩემი კონკურენტი ამ არჩევნებზე არის მოსყიდვა. გაჭირვებული ადამიანის მოსყიდვა ადვილია და მათ თავისუფალი არჩევანის გაკეთება უჭირთ.ზოგს სამსახურის დაკარგვის ეშინია. ეს ყველაზე ცუდი რამაა, რაც კი შეიძლება ქართველ ხალხს დამართნოდა. უსამართლობასთან ბრძოლა რთულია, მაგრამ არ უნდა დავიღალოთ.

მიხეილ ჭიპაშვილი: – ჩემი კონკურენტია ყველა ის პიროვნება, ვისაც ხარაგაულის მერობაზე პრეტენზია აქვს. ვთავაზობ მერობის კანდიდატებს, რომ თქვენი მედიაორგანიზაციის, თუ ჩვენი პირადი შესაძლებლობებით, ვიდებატოთ, დავდოთ კონკრეტული გეგმა, თუ რატომ უნდა აგვირჩიოს მოსახლეობამ.  ხარაგაულელებს კარგი და ნათელი არჩევანის საშუალება ნამდვილად აქვთ.

ვარლამ თავზარაშვილი: – ყველაზე დიდ კონკურენტად მიმაჩნია, რომ გაჭირვებული ადამიანები ერთი „მეშოკი“ პურის ფქვილის ფასად არ გაიყიდონ. მომავალი 4 წლის განმავლობაში იმ 50 ლარის ამარა დარჩებიან. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი დახმარებების გაცემა გაზრდილია. ადამიანებს ყველაზე მთავარ ღირებულებას, თავისუფლებას ართმევენ. ამისთვის კობა ლურსმანაშვილსა და მის მოადგილე ვალერი ჭიპაშვილს პასუხს მოვთხოვ.

კობა ლურსმანაშვილი: – ჩემი კონკურენტი ამ არჩევნებზე შეიძლება იყოს მხოლოდ საზოგადოება, ხალხის განწყობა და არა – კონკრეტული პარტიები, რომელთაც არ ჰყავთ შესაბამისად ავტორიტეტული და მაღალრეიტინგული კანდიდატები წარმოდგენილი. ესა თუ ის პარტია, რომელიც მხარდაჭერით ვერ სარგებლობს, არჩევნების შემდეგ უსირცხვილოდ იმას მაინც არ უნდა აცხადებდეს, რომ არჩევნები გაუყალბეს და ამის გამო დამარცხდა.

შეკითხვა დავით მაღლაფერიძეს

ბატონო დავით, ოთხი წლის განმავლობაში საკრებულოში პროცესებს მხოლოდ აკვირდებოდით და ხმამაღლა აზრს არ გამოხატავდით. განგვიმარტეთ თქვენი პასიურობის მიზეზი?

– პასიურობის მიზეზი ის იყო, რომ უმრავლესობაში არ ვიყავი და ვიცოდი, რომ ჩემს აზრს არ გაითვალისწინებდნენ. ჩემს გვერდით ვინც იყო, აქტიურობდა და აკრიტიკებდა, რა გამოვიდა?! მე ვერაფერი დავინახე, ყოველშემთხვევაში. სადმე როდესმე ოპოზიციის აზრის გათვალისწინება არ მომხდარა. ჩვენდა სამწუხაროდ, ასეა ყველგან პარლამენტშიც და ადგილობრივ თვითმმართველობაშიც.

შეკითხვა ლია ფცქიალაძეს

ქალბატონო ლია, თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი თვითმმართველობაში ქალების არჩევა?

– ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ჩვენი მფარველი არის დედაღვთისა და ყველა მას მივმართავთ, რომ გადაგვირჩინოს ჩვენი ქვეყანა. ვფიქრობ, რომ დედობრივი გრძნობა, რაც ყველა ქალშია, უფრო წინ წაიყვანს ქვეყანას. დედობრივი უნარის მქონე ადამიანები მწვავედ განვიცდით პრობლემებს, მე ცრემლებამდე მივდივარ, ადამიანების გაჭირვებას რომ ვხედავ. საარჩევნო ყუთთან კარგად დავფიქრდეთ, – როცა ვიღაცას ხმას აძლევ, ამით იზიარებ იმ პასუხისმგებლობას, რასაც შენი რჩეული გააკეთებს.

შეკითხვა მიხეილ ჭიპაშვილს

ბატონო მიხეილ, რომელია თქვენგან ან თქვენი ჩართულობით მიღებული, მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამგებლის მოადგილედ, ან საკრებულოს წევრად მუშაობის პერიოდში?

– გამგებლის მოადგილე ინფრასტრუქტურის მიმართულებით ვიყავი. იმ წლების განმავლობაში არც ერთი პროექტი არ ჩავარდნილა. ვერც ახლანდელი და ვერც წინა ხელისუფლება ვერ გაიხსენებს, რომ სადმე რამეს „ხელი დავაკელი“. რაც შეეხება საკრებულოს წევრობას, არ ყოფილა სხდომა, რომ აზრი არ დამეფიქსირებინა. ფრაქციაში სამი ადამიანი ვართ და იყო შემთხვევები, როცა ერთ საკითხზე სამივეს სხვადასხვა აზრი გვქონია. საკრებულოში ჩვენი მუშაობით მრავალი არასწორი გადაწყვეტილება შეიცვალა. მაგალითად, მერია ერთ-ერთი ააიპ-ის დაფუძნებას აანონსებდა და ამის საჭიროება დასაბუთებული არ იყო. ამ პროცესს ხელი შევუშალეთ და ხარაგაულელებს ისედაც მწირ ბიუჯეტში ეს თანხა შევუნარჩუნეთ იმისათვის, რომ თითოეულ მოსახლემდე მისულიყო.

შეკითხვა ვარლამ თავზარაშვილს

ბატონო ვარლამ, თქვენ, როგორც მერის მრჩეველმა სპორტისა და ტურიზმის საკითხებში, რა ურჩიეთ ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ხარაგაულის მერს, ამ მიმართულებებით?

– ყველაზე საინტერესო ჩემი ბოლო რჩევა იყო, – რომ კანდიდატურა არ დაეყენებინა იმიტომ, რომ პოლიტიკურ კარიერას ცუდად დაამთავრებდა. რაც შეეხება ტურიზმსა და სპორტს, პანდემიური პერიოდი დაემთხვა და ახლა ვერც სპორტისა და ვერც ტურიზმის კუთხით აქტივობები ვერ იქნებოდა. ჩემი ერთადერთი მიზანი და ინტერესი ის არის, რომ ხარაგაულში საფეხბურთო გუნდი აღდგეს. ამასთან დაკავშირებით მქონდა რაღაც ხედვები, გარკვეული მოსაზრებები. ამის გაკეთება ამათ ხელში ძალიან ძნელია. მე როცა მოვალ ხელისუფლებაში, ეს ყველაფერი აუცილებლად აღდგება.

 შეკითხვა კობა ლურსმანაშვილს

ბატონო კობა, რა გირჩიათ ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენმა მრჩეველმა ვარლამ თავზარაშვილმა სპორტისა და ტურიზმის საკითხებში?

– ჩემი მრჩეველი სპორტის და ტურიზმის საკითხებში გადადგა და კენჭს იყრის როგორც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. ამომრჩეველი თუ მას მაღალ ნდობას გამოუცხადებს, ე.ი. სწორად მიმიღია გადაწყვეტილება, როცა ის მრჩევლად დავნიშნე. თუკი ამომრჩეველი მას, როგორც პიროვნებას, პოლიტიკოსს, მხარს არ დაუჭერს, ვიფიქრებ, რომ არჩევანში შევცდი და ისიც შეცდა საკუთარ ამბიციებში. ეს არის ჩემი კომენტარი. მეტი კომენტარის გაკეთებას ამ შეკითხვაზე არ ვაპირებ.

მასალა მოამზადა ნინო კაპანაძემ

ამავე თემაზე
ვინ არიან ხარაგაულის მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები

ჩემი კონკურენტი კრებითი სახელი „ბიძინა ივანიშვილია“ – ამბობს საჩხერის მერობის კანდიდატი

როგორ მოაგვარებენ ზესტაფონის მერობის კანდიდატები მოსახლეობის პრიორიტეტულ პრობლემებს

რას ჰპირდებიან ამომრჩევლებს ჭიათურის მერობის კანდიდატები