ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხარაგაულის მერობის კანდიდატები ხუთმა, ხოლო საკრებულოს წევრობის კანდიდატები ცხრა პარტიამ დაარეგისტრირა.
დავინტერესდით, რამდენად დაიცვეს კანდიდატების წარდგენისას პარტიებმა გენდერული ბალანსი, როგორი პოლიტიკური წარსულისა და გამოცდილების მქონე პირები წარმოგვიდგინეს ხარაგაულში მოქმედმა პარტიებმა.
ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის. მათგან ერთი ქალია. „პატრიოტთა ალიანსის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციიდან კენჭს ამავე პარტიის თავმჯდომარის, თემურ ფცქიალაძის და ლია ფცქიალაძე იყრის. ის ხარაგაულის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის თანამშრომელია. მას პოლიტიკურ სარბიელზე საქმიანობის გამოცდილება არ აქვს.
მერობის ორი კანდიდატი მოქმედი საკრებულოს წევრია. დავით მაღლაფერიძე, რომელიც ამჟამად საკრებულოს წევრია „ევროპული საქართველოდან“, კენჭს გაერთიანებული ოპოზიციიდან იყრის, ხოლო მოქმედი საკრებულოს წევრი „შენების მოძრაობიდან“ მიხეილ ჭიპაშვილი – „ლელოდან“.
დავით მაღლაფერიძე საკრებულოში ოთხწლიანი მუშაობის განმავლობაში სხდომაზე სიტყვით არც ერთხელ არ გამოსულა და საკუთარი პოზიცია არასდროს დაუფიქსირებია.
ხარაგაულის მერობის კანდიდატი პარტია „საქართველოდან“ ვარლამ თავზარაშვილია. ის პოლიტიკაში 2003 წელს გამოჩნდა, როდესაც გამგებლის მოადგილედ დაინიშნა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით ხარაგაულის საკრებულოში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით მოხვდა და სამი წლის განმავლობაში ფრაქციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ხელმძღვანელობდა.
2007-2012 წლებში ვარლამ თავზარაშვილი სასჯელს იხდიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოპოვებული ინფორმაციით, მას 13 წელი თაღლითობისა და ქრთამის მიცემაში წაქეზებისთვის მიესაჯა. ხუთი წლის შემდეგ ციხიდან გათავისუფლდა და რვა წელი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს.
ვარლამ თავზარაშვილი ამბობს, რომ 2014 წელს სასამართლომ მისი მოთხოვნა ნასამართლეობის მოხსნის თაობაზე დააკმაყოფილა და პირობითი სასჯელიც მოეხსნა. თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოგვიდგინა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ზაალ გორგიძე განმარტავს, რომ ნასამართლობის მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ პირს კონკრეტული დანაშაული არ ჩაუდენია – ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში ყოველთვის იქნება.
ვარლამ თავზარაშვილი 2021 წლის იანვრიდან 8 სექტემბრამდე ხარაგაულის მერის მრჩევლად მუშაობდა სპორტისა და ტურიზმის საკითხებში.
„ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი მოქმედი მერი კობა ლურსმანაშვილია. ის 2013-2016 წლებში ხარაგაულის გამგებლად მუშაობდა. 2016-2020 წლებში იყო ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. 2020 წლის მერის რიგგარეშე არჩევნების შემდეგ ხარაგაულის მერი გახდა და დღემდე ამ თანამდებობაზეა.
პარტიული სიების ათეულებში 90 კანდიდატიდან მხოლოდ 29 ქალია
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს ახალ შემადგენლობას ავირჩევთ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულო 33 წევრიანი იქნება. მათ შორის, 11 დეპუტატს მაჟორიტარული წესით, ხოლო 22 დეპუტატს – პროპორციული წესით, ანუ პარტიული სიებით ავირჩევთ.
ხარაგაულის საკრებულოს წევრობისთვის ცხრა პარტიისგან წარდგენილი პარტიული სიების ათეულებს რომ გადავხედოთ, ჯამში, 90 კანდიდატიდან 29 ქალია, 61 – მამაკაცი.
„მესამე ძალას“ პარტიული სიის ათეულში ორი ქალი ჰყავს;
„ევროპულ საქართველოს“, „ნაციონალურ მოძრაობას“, „პატრიოტთა ალიანსს“, „ლელოს“, „გახარია -საქართველოსთვის“ და „თავისუფალ საქართველოს“ – სამ-სამი ქალი კანდიდატი;
ხუთი ქალია „ლეიბორისტული პარტიის“ პარტიული სიის ათეულში, ხოლო ოთხი ქალი კანდიდატი – „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში.
მაჟორიტარობის ქალი კანდიდატები „მესამე ძალას“ ორ საარჩევნო ოლქში ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ – 4-4 საარჩევნო ოლქში, „ლელოს“ – სამ საარჩევნო ოლქში, თითო-თითო მაჟორიტარობის ქალი კანდიდატია პარტიებიდან „გახარია-საქართველოსთვის“ და „პატრიოტთა ალიანსი“.
„საკრებულოს წევრობის მსურველთა მოძიება გაგვიჭირდა“
საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თერთმეტივე საარჩევნო ოლქში ჰყავს – „ნაციონალურ მოძრაობას“, „პატრიოტთა ალიანსს“ და „ქართულ ოცნებას“;
ცხრა საარჩევნო ოლქში წარადგინეს მაჟორიტარები პარტიებმა „მესამე ძალა“ და „ლელო“;
რვა საარჩევნო ოლქში – პარტიამ „გახარია-საქართველოსთვის“;
სამ საარჩევნო ოლქში – „ევროპულმა საქართველომ“;
საკრებულოს მაჟორიტარობის ერთი კანდიდატი ჰყავს პარტიას „თავისუფალი საქართველო“.
ლეიბორისტული პარტია ხარაგაულელი ამომრჩევლის წინაშე მხოლოდ პარტიული სიით წარსდგა.
ოპოზიციური პარტიების რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები აცხადებენ, რომ მათ ხარაგაულის საკრებულოს წევრობის მსურველთა მოძიება გაუჭირდათ.
„მოქალაქეები, რომლებიც ადრე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურობდნენ, გვეუბნებიან, რომ ჩუმად მოგვეხმარებიან, ხმას მოგვცემენ, ღიად კი მხარს ვერ დაგვიჭერენ“, – ამბობს პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი ხარაგაულში ინგა მაღრაძე, – მოსახლეობაში მეტწილად შიში და უიმედობაა“.
„თვითმმართველობის არჩევნებზე ხარაგაულის ოლქში წარდგენილი პროპორციული სიიდან მხოლოდ 4-5 ადამიანს ვიცნობ, – ამბობს ლეიბორისტული პარტიის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე შალვა ხიჯაკაძე, – ექსპერიმენტს ვატარებთ, – ასე გადავწყვიტეთ“.
„თავისუფალი საქართველოს“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლის, როინ ხიჯაკაძის თქმით, მათი სტრატეგია „მაინცდამაინც ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აგებული არ არის. ვფიქრობთ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად იქნება და რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას იქეთ მივმართავთ“, – ამბობს როინ ხიჯაკაძე.
ოჯახის წევრები კანდიდატებად
საკრებულოს წევრობის კანდიდატთა შორის არიან ხარაგაულში მოქმედი ოპოზიციური პარტიების რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეთა ოჯახის წევრები – დედმამიშვილი, მეუღლე, ცოლისძმა, რძალი.
„მესამე ძალისა“ და „ევროპული საქართველოს“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა საკრებულოს წევრობის კანდიდატებად მეუღლეები წარადგინეს, „ლელოს“ პარტიის წარმომადგენელმა რძალი, პარტიის „გახარია-საქართველოსთვის“ პარტიის თავმჯდომარემ – და.
კანდიდატთა პოლიტიკური გამოცდილება
„მესამე ძალის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი ლაცაბიძე 1998 წლის და 2014 წლის მოწვევის საკრებულოების წევრი იყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრობის კანდიდატთა შორის ორი მოქმედი საკრებულოს წევრია (თორნიკე ავალიშვილი, ქეთევან ზუმბაძე), ორიც – წინა მოწვევის საკრებულოს წევრი (კობა გოგსაძე, თემურ მაღლაკელიძე); ერთი კანდიდატი (თამაზ ლომიძე) გამგებლის პირველ მოადგილედ მუშაობდა 2008-2010 წლებში, სამი კანდიდატი – მერის წარმომადგენლად (ბაქარი ბარბაქაძე – 2019-2020 წწ., ზვიად არევაძე – 2014-20217 წწ., ბადრი ხაჩიძე – 2006-2012 წწ.).
„პატრიოტთა ალიანსის“ პარტიულის სიის პირველი ნომერი – თემურ ფცქიალაძე მოქმედი საკრებულოს წევრია 2017 წლიდან.
„ლელოს“ პარტიული სიის პირველი ნომერი ომარ გაგოშიძე 2014 წლის მოწვევის საკრებულოს წევრი იყო, მეორე ნომერი – ინგა მაღრაძე მოქმედი საკრებულოს წევრია. ის ასევე იყო ხარაგაულის 2014 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ოთხი ქალი კანდიდატიდან სამი სკოლის დირექტორია (ლენა აბაშიძე, ვერა ოდიკაძე, დოდო ხაჩიძე), ერთი – ექიმი (იამზე პაქსაშვილი). მათგან ლენა აბაშიძე, დოდო ხაჩიძე და იამზე პაქსაშვილი მოქმედი საკრებულოს წევრები არიან.
„ქართული ოცნების“ პარტიულ სიის ათეულში შვიდი მოქმედი საკრებულოს წევრია.
ამ პარტიის პროპორციული სიის მეორე ნომერია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატთა შორის ორი ადგილობრივი თვითმმართველობისგან დაფუძნებული ააიპ-ის ხელმძღვანელია – დაბა ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატი „კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ დირექტორი ბესიკ კვირიკაშვილია, ვარძია-წყალაფორეთი-ხიდარის მაჟორიტარობის კანდიდატი – ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე.
კიცხი-ფარცხნალის ოლქში მაჟორიტარად მმართველი პარტიიდან კენჭს სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი კიაზო გამრეკელაშვილი იყრის.
მოლითის მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ მერაბ ტალახაძე ხარაგაულის სატყეო უბანში წიფის უბნის მეტყევეა.
ახალი სახეებისა და ახალგაზრდების ნაკლებობა პარტიებში
ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში მაგდა პოპიაშვილი ამბობს, რომ, ძირითადად, პარტიები ძველ სახეებს არჩევენ, ხოლო მმართველი პარტია კანდიდატებად საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ასახელებს. მისივე თქმით, პოლიტიკურ პარტიებს ახალგაზრდები კანდიდატებად საარჩევნო სიებში თითქმის არ შეჰყავთ.
„ახალგაზრდები ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობისგან და გადაწყვეტილელების მიღებისგან თავადაც თავს იკავებენ, – ამბობს მაგდა პოპიაშვილი, სამწუხაროა, რომ ისინი ადგილობრივ თვითმმართველობაში საკუთარ ხმასა და ადგილს ვერ ხედავენ“.
ნინო კაპანაძე
ასევე დაგაინტერესებთ:
საკრებულოს არჩევის წესი და დეპუტატთა რაოდენობა იცვლება
თვითმმართველობებში მაჟორიტარების რაოდენობა მცირდება
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი