ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 20 დღე რჩება. საარჩევნო სუბიექტები ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად აქტიურად მუშაობენ.
დავინტერესდით, როგორ აფასებენ წინასაარჩევნო გარემოს ხარაგაულში მოქმედი პარტიების წარმომადგენლები.
პ/გ „მესამე ძალას“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლაცაბიძე ამბობს, რომ ამ დრომდე საარჩევნო შტაბები საუბნო საარჩევნო კომისიებისა და პროპორციული სიების დაკომპლექტებით იყვნენ დაკავებულები.
„ყველა ოპოზიციურ პარტიაზე ზეწოლებია. ამასთან დაკავშირებით ჩემს სათქმელს ღიად არჩევნების შემდეგ დავაფიქსირებ“, – ამბობს გოგი ლაცაბიძე.
„ევროპული საქართველოს“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი ამბობს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები მოსახლეობას სოციალური შემწეობის მოხსნით ემუქრებიან.
„ამომრჩეველი წერილობით გარანტიას გვთხოვს, რომ არჩევნებზე ჩვენთვის მხარდაჭერის შემთხვევაში სოციალური დახმარება შეუნარჩუნდებათ. ჩვენ ამ გარანტიის მიცემა არ შეგვიძლია. კონკრეტულმა პიროვნებებმა დამირეკეს ლაშედან, ხევიდან, თუმცა გვარ-სახელების თქმისგან თავს შევიკავებ. ამით შეიძლება მათ, ჩვენდაუნებურად, საქმე გავუფუჭოთ“, – ამბობს აკაკი მაჭავარიანი.
„ხალხი ჩუმადაა, საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირების ეშინიათ, რაც ძალიან შემაშფოთებელია, – მიაჩნია პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ქეთევან ზუმბაძეს, – წინასაარჩევნო შეხვედრებს „კარდაკარის“ პრინციპით ვატარებთ. ადამიანები ჩვენთან საუბრის დროს აქეთ-იქით იხედებიან, ვინმე ხომ არ უყურებს. დასაქმებულ ადამიანებს განსაკუთრებით ეშინიათ. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენს მხარდაჭერას თუ ღიად დააფიქსირებენ, სამსახურიდან გამოუშვებენ.
საარჩევნო პროცესში ჩართულები არიან მერიის თანამშრომლები, მერის მოადგილეეები და მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში. სოფელ ვარძიაში დაპირებების ახალი ტენდენცია გაჩნდა – მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ არჩევნების შემდეგ მიწის აზომვით ნახაზებს უფასოდ გაუკეთებენ და მიწის დარეგისტრირებაში მიეხმარებიან.
სოფელ ლაშეში მოხუცებს პენსიის მოხსნით ემუქრებიან.
სოფელ ბორითში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები თვლიან, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ მხარს არ დაუჭერენ, სამსახურიდან გაათავისუფლებენ. არადა, ავტობანის მშენებელი ჩინური კომპანია ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეხებაში არ არის. მოსახლეობაში დიდი უიმედობა და სასოწარკვეთაა – ფიქრობენ, რომ მათ გადაწყვეტილებას მნიშვნელობა არ აქვს, შედეგები მაინც გაყალბდება“.
პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს თემურ ფცქილაძეს, მიაჩნია, რომ პანდემიის გამო არჩევნები არ უნდა ჩატარდეს, რადგან ასეთ დროს ამომრჩევლებთან მისვლა და მათთან საუბარი საფრთხის შემცველია.
„წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებზე ზეწოლით „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაასწრო. გასულ არჩევნებში ჩვენი პარტია მესამე ადგილზე გავიდა, მაგრამ სასამართლოს ძალით ყველანაირი უფლება ჩამოგვართვეს, – არც კომისიის წევრი გვყავს, არც დაფინანსება. ეს იშვიათი უსინდისობაა. ხარაგაულში ის შენობა, სადაც ჩვენი ოფისია განთავსებული, გარედან რკინის კონსტრუქციით შეფუთეს. ამ შენობაზე ჩვენს ბანერებს ვაკრავდით, თუმცა ახლა ეს შეუძლებელია.
ადგილობრივ ბიუჯეტში ერთჯერადი ფინანსური დახმარების დაფინანსება გაზარდეს და ამ დახმარებას მათ აძლევენ, ვისაც თვითონ გადაწყვეტენ. სოფლებში მერის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ კოორდინატორებად არიან გადაქცეულები; მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ჩვენ ხომ დაგეხმარეთ, ოპერაცია დაგიფინანსეთ, ახლა თქვენ უნდა დაგვიჭიროთ მხარიო. თითქოს დახმარების თანხა საკუთარი ჯიბიდან ამოიღეს.
ვარძიაში, კოჩაძეების უბანში მაცხოვრებლებს თავიანთ მხარდამჭერებად არ მიიჩნევენ და მძიმე მდგომარეობაში მყოფ საუბნო გზას არ უკეთებენ, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობამ მერს წერილობითი თხოვნით მიმართა“, – ამბობს თემურ ფქციალაძე.
პარტია „ლელოს“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ინგა მაღრაძე თვლის, რომ მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს აქტიურად იყენებს.
„უბისაში „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენაზე, ძირითადად, საჯარო მოხელეები და ააიპ-ების თანამშრომლები იმყოფებოდნენ. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, მათ ერთდღიანი შვებულებით ისარგებლეს.
„ქართული ოცნების“ რამდენიმე კანდიდატი საჯარო სკოლის დირექტორია და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობენ. სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მათი დირექტორის მხარდამჭერი პოსტი განთავსდა.
კარგად ვიცით, ხელისუფლებას რა ხელეწიფება და რაზე წამსვლელები არიან. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი საარჩევნო აქტივი, კანდიდატები, კომისიის წევრები გადავაზღვიოთ. ისეთ ადამიანებს ვარჩევთ, რომლებიც დასაქმებულები არ არიან და მათზე ზეწოლას ვერ მოახდენენ. სამწუხაროდ, წინა არჩევნებთან შედარებით, ამომრეველი ძალიან ჩაკეტილი, დაბნეულია და გაურკვევლობაში იმყოფება. ამიტომ არ ვიცით, 2 ოქტომბერს რა შედეგი დადგება.
ყველა პოლიტიკური პარტიისთვის უდიდესი გამოწვევაა საყოველთაო ნიჰილიზმი. ვიმედოვნებ, რომ როგორმე ამას დავძლევთ და ადამიანები საარჩევნო ყუთებთან მივლენ“, – ამბობს ინგა მაღრაძე.
„გზაზე გამოფენილი საჯარო მოხელეები აგიტაციას ატარებენ და ამომრჩევლებს აშინებენ, რომ სოციალურ დახმარებას მოუხსნიან, თუ ხმას მმართველ პარტიას არ მისცემენ. თანაც ეუბნებიან, რომ დაინახავენ, თუ ვის მისცემენ ხმას“, – ამბობს „ლეიბორისტული პარტიის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე შალვა ხიჯაკაძე. თუმცა, ის კონკრეტულ ფაქტებს არ ასახელებს.
პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილი თვლის, რომ ძირითადი ზეწოლები მმართველი პარტიის მხრიდან სწორედ მათ მხარდამჭერებზე ხორციელდება.
„ჩვენმა მხარდამჭერმა გელა კოპაძემ უარი თქვა კანდიდატობაზე. მან მიზეზად ოჯახური მდგომარეობა დაასახელა. თუმცა, დანამდვილებით ვიცი, რომ მასზე ზეწოლა იყო.
სოფელ ლაშეში ჩვენი პარტიის უბნის უფროსთან ნიკა მანჯავიძესთან „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე“ შევიდა პოლიცია და მის სახლში ჩაატარა ჩხრეკა. თუმცა იქ ვერაფერი აღმოაჩინეს. ვთვლით, რომ ეს ამ ოჯახზე ზეწოლა იყო.
დასაქმებულ ადამიანებს კაბინეტებში იბარებენ და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. ეს ადამიანები არიან მძევლებად 200 და 300 ლარიან სამსახურში. მახსენდება 2012 წელი, რასაც აკეთებდა მაშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სწორედ ამას აკეთებს ახლა „ქართული ოცნება“. ამომრჩევლები მეუბნებიან, „არ მოხვიდე ჩემთან, მე ვიცი რაც უნდა გავაკეთო არჩევნების დღეს“.
მინდა ხარაგაულის მერობის სახელისუფლებო კანდიდატს კობა ლურსმანაშვილს, როგორც მისმა მრჩეველმა (ვარლამ თავზარაშვილი 2021 წლის 8 სექტემბრამდე ხარაგაულის მოქმედი მერის, კობა ლურსმანაშვილის მრჩეველი იყო), ვურჩიო, საბოლოოდ ნუ დაიმთავრებს პოლიტიკურ ცხოვრებას, რადგან არ ვაპირებ, ვინმეს ზეწოლა ვაპატიო. თითოეული ადამიანისა და საარჩევნო ხმისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ“, – აცხადებს ვარლამ თავზარაშვილი.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი როინ ხიჯაკაძე ამბობს, რომ ამომრჩევლებს ინდივიდუალურად ხვდება და რაიმე ზეწოლის ფაქტი მათი მხარდამჭერების მიმართ ამ დრომდე არ ყოფილა.
„ჩვენი, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ქალბატონები „იუბკების“ გამო რომ დააბულინგეს, ექსპერტები მოიწვიეთ და ჩვენ არ გამოგვეხმაურეთ. მაშინ დაგერეკათ. ახლა არ მცალია“, – გვიპასუხა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ, ხარაგაულში წინასაარჩევნო გარემოს შეფასება რომ ვთხოვეთ.
თამთა გოგოლაძე
ამავე თემაზე
„საქართველოში ფულის სანაცვლოდ „ხმების ყიდვა“ შეიძლება“ – წინასაარჩევნო გარემო ზემო იმერეთში
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი