საბა ებანოიძე – „საქართველოს 2019 წლის ეტალონი მოსწავლე“ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება.

ცდილობს, არ იღელვოს, რადგან იცის, რომ ეს სასურველი შედეგის მიღწევაში ხელს შეუშლის. სწავლის გაგრძელება აგრარულ ან თავისუფალ უნივერსიტეტში, საინჟინრო ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე სურს. თუმცა, ჯერ არ გადაუწყვეტია, – რომელი განხრით. ფიქრობს, რომ ეს პერსპექტიული და საინტერესო პროფესიაა და უახლოეს მომავალში მოთხოვნადი გახდება. პანდემიამ ყველას და მათ შორის – საბას აბიტურიენტობაზეც იმოქმედა.

„რეპეტიტორებთან სიარულის პრობლემა შემექმნა, – ამბობს საბა,- ხშირად ისინი მეცადინეობებს საღამოს საათებში ნიშნავენ, რათა სასკოლო პროცესს ხელი არ შეეშალოს. კომენდანტის სააათის გამო მათთან მისვლას ვეღარ ვახერხებდი. სწორედ ამიტომ მოგვიწია მეცადინეობების დისტანციურად წარმართვა. ჩემთვის, ისევე როგორც ბევრი აბიტურიენტისთვის, დროის სწორად გადანაწილებაა ყველაზე დიდი სირთულე. სკოლის პერიოდში ძალიან დატვირთული ვიყავი. ახლა მთლიანად გამოცდებზე ვარ კონცენტრირებული“.

დღეს მოსწავლეები ხშირად ამბობენ, რომ მხოლოდ სკოლის ცოდნით ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება წარმოუდგენელია. ამას რეპეტიტორთა ინსტიტუტის გაძლიერებაც მოწმობს. განათლების მოძველებული სისტემა საგამოცდო პროგრამასთან თანხვედრილი არ არის. საბა თვლის, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები კი არ უნდა გამარტივდეს, არამედ სასკოლო სისტემა საგამოცდო ცენტრის მოთხოვნებს დაუახლოვდეს.

„იმედია, მომავალ თაობებს მაინც ეღირსებათ კარგი საგანმანათლებლო სისტემა საქართველოში. იმ ფაკულტეტზე, სადაც მე მსურს სწავლის გაგრძელება, სკოლის განათლებით ჩარიცხვა თითქმის შეუძლებელია. რეპეტიტორის გარეშე 100%-იან გრანტს ვერ აიღებ; თან იმ ფონზე, როცა მათემატიკაში საკმაოდ ძლიერ ცოდნას ითხოვს ფაკულტეტი. ქართულშიც სკოლის პროგრამა სულ სხვაა და გამოცდებზე სხვას ითხოვენ. სკოლის მასწავლებელი გამოცდაზე არ არის ორიენტირებული. ეს ასე არ უნდა იყოს. სამწუხაროა, რომ სკოლას არ აქვს იმის ბერკეტი, მოსწავლეს შესაბამისი ცოდნა მისცეს“.

აბიტურიენტობის პერიოდში მშობლები ზშირად ზედმეტ ყურადღებას იჩენენ შვილებისადმი, რაც მათ სტრესულ მდგომარეობაში აყენებს. საბა ამბობს, რომ ბავშვობიდან დამოუკიდებელ პიროვნებად იზრდებოდა. მშობლები მის გადაწყვეტილებებში დოზირებულად ერთვებოდნენ.

„სტრესულ გარემოში სწავლა რთულია. მშობლებმა შვილებს თავიანთი აზრი არ უნდა მოახვიონ. ორ კვირაში ეროვნული გამოცდები დაიწყება. აბიტურიენტმა საკუთარი მღელვარება უნდა აკონტროლოს და არა – მშობლები და ახლობლები აწყნაროს. ყველა აბიტურიენტს, მათ შორის საკუთარ თავსაც, ვეტყვი, რომ ახლა სიმშვიდე უმნიშვნელოვანესია. საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაოთ, რაც მეტ თავდაჯერებასა და წარმატებას მოგვიტანს“.

საბამ კერძო უნივერსიტეტში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება. სმენია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ბევრი პრობლემაა. შერჩეულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით კარგი მოლოდინები აქვს. ამას კიდევ უმყარებს ის გაცნობითი შეხვედრები, რომელსაც ონლაინრეჟიმში დაესწრო.

„პროგრამა კარგად აქვთ აღწერილი. საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში განათლებამიღებული ლექტორები ჰყავთ. ისინი იქ ახლაც სხვადასხვა პროექტებსა და შრომაში არიან ჩართული. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ ასეთი ლექტორები ისეთ ცოდნას მომცემენ, რაც საერთაშორისო დონეს აკმაყოფილებს. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ სწავლის უცხოეთში გაგრძელება აუცილებელია, რადგან საქართველოში ამის ბაზა არ არის. მაგისტრატურაში სწავლას, სავარაუდოდ, საზღვარგარეთის რომელიმე უნივერსიტეტში გავაგრძელებ“.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს ვუსურვებთ საბა ებანოიძესა და ყველა აბიტურიენტს.

ლიკა ხიჯაკაძე

საბა ებანოიძის შესახებ ასევე დაგაინტერესებთ

ხარაგაულელი საბა ებანოიძე საქართველოს ეტალონი მოსწავლე გახდა

ხარაგაულელი საბა ებანოიძე ლატვიაში მიემგზავრება

საბა ებანოიძე – ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის ერთადერთი მონაწილე ხარაგაულიდან