„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია სოფლის მოსახლეობის პრობლემების ჩაღრმავებულად გაშუქებას აგრძელებს. მით უფრო, რომ მომავალი, 2021 წელი ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო წელია.
როგორ ხელისუფლებასაც ავირჩევთ, პრობლემებიც ისე მოგვიგვარდება.
ზვარეს ტერიტორიული ერთეულით ვიწყებთ.
მაღალმთიანი ზვარეს თემში შემავალი სამი სოფლის პრობლემები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების მსგავსია. თუმცა უმთავრესი, რაც ამ თემში მცხოვრებ მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს, უგზოობაა.
ზვარე, ჩრდილი და ნუნისი ეკოლოგიური საფრთხის წინაშეა. აქაურები ახალი რკინიგზის მშენებლობაზე გაცემულ გეოლოგიურ დასკვნებს არ ენდობიან. სამი წლის წინ მშენებლობამ მდინარე ზვარულას მარჯვენა სანაპიროზე მეწყერი წარმოქმნა. ზვარელები შიშობენ, რომ მდინარის მარცხენა მხარეს გადმონაცვლებული მშენებლობაც გარემოს დიდ ზიანს მიაყენებს.
ზვარეში, ჭენჭეხის უბანში ცხოვრობს ზურაბ ტალახაძე. უგზოობა ამ უბანში ძალიან აწუხებთ.
ჭენჭეხის უბანი, ფაქტობრივად, წყალზე დგას, მაგრამ წყალი ყველა მოსახლეს მაინც არ ჰყოფნის. ზურაბ ტალახაძე ამბობს, რომ ზვარეში, ბოლო სამი წელია, ინფრასტრუქტურა არ შეცვლილა.
მისი თქმით, ზვარეს თემის მოსახლეობა სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს.
„ექიმის კონსულტაცია სწორედ ახლა, პანდემიის დროს გვჭირდება, – ამბობს ზურაბ ტალახაძე, – კარგა ხანია, ექიმი სოფელში არ მოსულა. განსაზღვრული არ აქვს, კვირაში რომელ დღეს იქნება. ცოდოა ხალხი. ექთან შორენა ნათობიძის იმედზე ვართ.
ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა სერიოზული პრობლემაა. მოსწავლეთა ოჯახების დიდ ნაწილს ინტერნეტპაკეტების შეძენის საშუალება არ აქვს. მეცხრე კლასში რვა მოსწავლეა. ჩემს გაკვეთილზე დისტანციურად დასწრებას მხოლოდ ორი ახერხებს.
პანდემიის პირობებში საკვების მოტანა პრობლემაა. ტაქსი ზვარედან ხაშურამდე წასვლა-წამოსვლაში 80 ლარს ითხოვს.
წარმოუდგენელია, ქვეყანას ისეთი ბუნებრივი სიმდიდრე ჰქონდეს, როგორიც ზვარეს მინერალური წყალია და მიწაში მარხავდეს. არავინ გვაძლევს კონკრეტულ პასუხს, რკინიგზის მშენებლობა მინერალურ წყალს რა ზიანს მოუტანს“.
ზვარეში ხიხაძეების უბანში მისასვლელი გზის გაუმართაობაზე საუბრობს ჟანა ღონღაძე. რამდენიმე დღის წინ მცირეწლოვანი შვილი ექიმთან წაიყვანა. უკან დაბრუნებულებმა მანქანით სახლამდე მოსვლა ვერ შეძლეს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გზების მოხრეშვას წყალში ფულის გადაყრად აფასებენ კურტანიძეების, ორთოიძეებისა და სტადიონის უბნის მაცხოვრებლები. ამავე უბნების მოსახლეობა ზაფხულობით უწყლობას უჩივის.
ნუნისში მცხოვრები მზევინარ კიკნაძე წუხს, რომ მესამე წელია, ცენტრალური გზის პრობლემა ვერ მოგვარდა. გზის ნახევარი მობეტონებულია, ნახევარი ტალახითაა სავსე.
„გატანჯულები ვართ უგზოობით, წვიმიან ამინდში ტალახში ვიხრჩობით, – ამბობს მზევინარ კიკნაძე, – სოფელში მოსახლეობა დაუსაქმებელია, მძიმე სოციალური ფონია. შეშის მოტანა გვიჭირს, ისეთ მიუვალ ადგილებში მობეჭდეს. სოფელში ყანის, ეზოს შემოღობვა გვჭირდება, სამასალე მერქანი ძვირია, აქ კი ტყეში რომ მოვჭრათ, დაგვაჯარიმებენ“.
გზები შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია ჩრდილში კოშკისა და კაოთის უბნებში. კოშკის უბანში მცხოვრები ნინო ფანქველაშვილი კმაყოფილია, რომ საუბნო გზა მობეტონებულია, მოწყობილია გარე განათების ქსელი და წყლის სისტემა.
ჩრდილში, კოშკის უბანში ცხოვრობს ზვარეში მერის წარმომადგენელი ბესო დალალიშვილი. კოშკის უბნის გზა მობეტონებულია, მაგრამ არასრულყოფილად.
„ბუნებაც ისე შეიცვალა, რომ წყალი ბევრგან დაიკარგა და ზაფხულობით, როცა დამსვენებლები ჩამოდიან, აღარ გვყოფნის, – ამბობს ბესო დალალიშვილი, – ზვარეს თემის მოსახლეობის პრობლემები, ძირითადად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გვარდება. ამ პროგრამის ფარგლებში მოიხრეშა საუბნო გზები, ჩრდილის ორივე უბანსა და ნუნისში გარე განათება მოეწყო, გზაზე მოცურების საწინააღმდეგო ჯებირები გაკეთდა და წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად მილები შევიძინეთ“.
ბესო დალალიშვილი სოფლებიდან ახალგაზრდების გადინებაზე საუბრობს, თუმცა ამის მიზეზს ვერ ხედავს, რადგან თუ ვინმეს დასაქმება უნდა, რკინიგზის მშენებელი ჩინური კომპანია მუშა-ხელს ითხოვს. თუმცა მუშაობის მსურველი ნაკლებადაა.
„ყველაზე მეტად ზვარელებს უგზოობა გვაწუხებს. 15 დეკემბერს ამირან გოგნაძის საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. გზა იმდენად გაუმართავია, რომ ხარაგაულიდან ზვარეში ამოსვლას სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები 40-50 წუთს ანდომებენ. ამ დროში სახლი ნაცარტუტად იქცა. გზის პრობლემის გამო ყველა ცდილობს, ქალაქში წავიდეს. კურორტი ნუნისი ზამთრის სეზონზე მუშაობასაც გეგმავს. ეს იმას ნიშნავს, რომ აქაურები, ვინც კურორტზე სეზონურად მუშაობენ, მუდმივად დასაქმდებიან“, – ამბობს ბესო დალალიშვილი.
„დაპირებების შესრულებაში ნამდვილად მოვიკოჭლებ, – ამბობს ზვარეს თემის მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ტალახაძე, – მესამე წელია, ზვარეში ერთი მეტრი გზა არ დაგებულა, რაც მოსახლეობის სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს.
ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მდინარე ზვარულას მარცხენა მხარეს რკინიგზის მშენებლობამ ისევ მეწყერი გამოიწვიოს. ეს კატასტროფა იქნება. მოსახლეობა მეწყერის შიშით მშვიდად ვეღარ იძინებს. რკინიგზის მშენებელმა ფერდობზე ტყის მასივის მოჭრა უკვე დაიწყო. აგვისტოში რომ შეგხვდნენ მოსახლეობას „საქართველოს რკინიგზასა“ და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მას შემდეგ არავინ დაგვკავშირებია“.
ზვარეს თემის ექიმი ნინო კობახიძეა. ზვარელები, ნუნისელები და ჩრდილელები მის მაღალპროფესიონალიზმსა და გულისხმიერებაზე საუბრობენ. თუმცა დასძენენ, რომ ექიმი სოფელში დიდი ხანია არ უნახავთ.
თავად ექიმი ნინო კობახიძე ამბობს, რომ ქუთაისიდან ზვარემდე ტრანსპორტირება უჭირს. თუმცა კვირაში ერთხელ საკუთარი მანქანით ამბულატორიაში მისვლას ახერხებდა.
„კორონავირუსი შემხვდა და ამიტომ ზვარეში ვეღარ ავედი, – ამბობს ნინო ექიმი, – შემდეგ ინფიცირებული დედაჩემი ძალიან დამძიმდა და რეანიმაციაში გადავიყვანეთ. ახლა უკვე ჯანმრთელად ვარ და ოთხშაბათობით ზვარეში სიარულს ვგეგმავ. ჩემი ტელეფონი მუდმივად ჩართულია და მოსახლეობას კონსულტაციებს დისტანციურად ვუწევ.
ზვარეს ამბულატორიის შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია. შენობაში არ არის წყალი და ჭერიც ჩამონგრეულია. ინტერნეტი ამბულატორიაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ შემოგვიყვანა, მაგრამ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო კომპიუტერს ადგილზე ვერ ვტოვებ“.
ზვარეს თემში არსებულ უამრავ პრობლემათაგან, სკოლის დირექტორი ნატო შათირიშვილი შემდეგ საკითხზე საუბრობს: „პანდემიამ და უტრანსპორტობამ სხვადასხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეგვიზღუდა, – ამბობს ნატო შათირიშვილი, – მაგალითად სკოლის თანამშრომლებს დღეს ხელფასი დაგვერიცხა და აღებას ვერ ვახერხებთ, რადგან ხაშურამდე ტაქსით ჩასვლა-ჩამოსვლას 80 ლარი სჭირდება, ხარაგაულში ჩამოსვლას – 50 ლარი. ჩვენი სურვილია, რომ მოლითში ბანკომატი დაიდგას, რომ დასაქმებულებმა და პენსიონერებმა კუთვნილი თანხის აღება შევძლოთ. ზვარედან მოლითამდე ჩამოსვლას ადვილად შევძლებთ“.
რას გეგმავს ადგილობრივი ხელისუფლება ზვარეში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.
ზვარეს შიდა საუბნო გზის (ყოფილი ბანაკისკენ მიმავალი გზა) მობეტონებას მთის განვითარების ფონდიდან 2021 წელს გვპირდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი. ის ამბობს, რომ ზვარეს გზის საკითხი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია. მერის ინფორმაციით, ადგილობრივ ბიუჯეტში გზებისა და წყლის სისტემების მოსაწესრიგებლად თანხები, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის კუთხით ზვარეში არსებულ ლოკალურ პრობლემებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეტაპობრივად მოაგვარებენ.
მაშ ასე:
ნინო კაპანაძე
ფოტოზე – შეხვედრა ზვარეში, 2020 წლის 31 ივლისი
მოსახლეობის პრობლემებზე ასევე წაიკითხეთ:
ლეღვანი დაცლის პირასაა, მხოლოდ მოხუცებიღა დარჩნენ
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი