ათეული წლებია, სოფლის ამბულატორიებში ინფრასტრუქტურული პრობლემები მოუგვარებელია.
რა პირობებში მუშაობენ ოჯახის ექიმები ხარაგაულში, – ამ შეკითხვით მუნიციპალიტეტში მოქმედი ამბულატორიების ექიმებს მივმართეთ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საექიმო ამბულატორია თხუთმეტ სოფელში ფუნქციონირებს – ბაზალეთში, ბორითში, ვარძიაში, ვახანში, ზვარეში, კიცხში, ლაშეში, ლეღვანში, მოლითში, საღანძილეში, ფარცხნალში, ღორეშაში, წიფაში, წყალაფორეთსა და ხუნევში. ხუნევისა და კიცხის ორდონიანი ამბულატორიები მოსახლეობას ხევსა და ხიდარშიც ემსახურებიან.
ამ ამბულატორიების უმთავრესი პრობლემა უწყლობაა.
წყალი არ მიეწოდება ვარძიის, ლაშეს, ზვარეს, საღანძილეს, ფარცხნალის, კიცხის, მოლითისა და ხევის საექიმო ამბულატორიებს. ექიმები და ექთნები წყალს ხელის დასაბანად და იატაკის მოსაწმენდად ბოთლებით წყაროებიდან ან ახლო მეზობლებიდან ეზიდებიან.
2019 წელს კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა ადმინისტრაციულ შენობებში განთავსებულ ვახანის, ფარცხნალისა და ხიდრის ამბულატორიებს. მედპერსონალს ამ შენობებში ორ-ორი ოთახი უჭირავს.
ორი წლის წინ გარემონტდა წყალაფორეთის ამბულატორია. ამ შენობის სახურავი ნაწილობრივ შეიცვალა. თუმცა, როგორც ექიმი ამირან ხალილულაევი ამბობს, ჭერიდან წყალი ჩამოდის. ამის გამო კედლებზე ახლადგაკრული თაბაშირმუყაოს ფილები ფუჭდება.
„კარგი რაც გაკეთდა ისაა, რომ ამბულატორიის ეზო შემოიღობა, – ამბობს ამირან ხალილულაევი, ბოძები მშენებელმა კომპანიამ მოიტანა, მავთულბადე საკუთარი ხარჯებით ვიყიდე. შენობაში წყალგაყვანილობის სისტემა არ გამოცვლილა. რაც გაკეთდა, მადლობელი ვარ. თუმცა, ხარვეზების გამოსწორებას ველოდები“.
წყალი ჩამოდის მოლითის ამბულატორიის შენობაშიც.
ხუნევის, მოლითის, საღანძილისა და წიფის ამბულატორიების ეზოები შემოსაღობია.
შენობებს ზამთარში შეშისა და დენის ღუმელებით ათბობენ. მსოფლიო ბანკის პროგრამით აშენებულ – ბორითის, საღანძილეს, კიცხის, წყალაფორეთის, მოლითის, ღორეშისა და ხუნევის – ამბულატორიებში არსებულ ცენტრალური გათბობის სისტემას ვერ რთავენ, რადგან ძვირი ჯდება. ექიმებს საკუთარი ხელფასიდან უწევთ შეშის შეძენა და მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა.
კოსმეტიკურ რემონტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში თითქმის ყველა ამბულატორია საჭიროებს.
„ამბულატორიაში შენობაში შემოსასვლელი კარი გაგვიფუჭდა და ახლა საკუჭნაოდან გვიწევს შესვლა, – ამბობს ლაშეს ამბულატორიის ექიმი მაია ნებიერიძე, – ძალიან ვწვალობთ. მხოლოდ ჩვენ ამბულატორიაში ვერ მოხერხდა ინტერნეტის შემოყვანა, რადგან ვერც ერთი ოპერატორის სიგნალი ვერ მივიღეთ. ასაცრელი მასალის შესანახი მაცივარი, აგერ უკვე 15 წელია, გაფუჭებულია. არასწორადაა დაყენებული პანდუსი“.
ზვარეს ამბულატორიის შენობა მეწყერულ ზონაშია. 2017 წელს, ახალი რკინიგზის მშენებლობის გამო, ზვარეში მეწყერი დაიძრა. ექიმი ნინო კობახიძე ამბობს, რომ ძლიერად დანესტიანებული შენობის კედლებიდან და ჭერიდან პლასტიკატები ჩამოვარდა. ამიტომ ექიმი და ექთანი პაციენტებს იმ ოთახში იღებენ, სადაც თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობენ.
ხევში მდებარე ამბულატორიის შენობა ავტობანის მშენებლობის არეალშია. ექიმი ია პაქსაშვილი არ ფლობს ინფორმაციას, თუ სად განთავსდება მომავალში ამბულატორია.
„შენობისთვის მიწა მუნიციპალიტეტმა უნდა შეისყიდოს, – ამბობს ია პაქსაშვილი, – შეპირებები არის, მაგრამ რეალურად წინ გადადგმული ნაბიჯები არ ჩანს. ხევში გასაყიდი მიწის ნაკვეთიც კი აღარ არის. თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მაიმედებს, რომ ხეველები ამბულატორიის შენობის გარეშე არ დარჩებიან“.
ექიმების მომსახურებითა და მათი კვალიფიკაციით სოფლად მცხოვრები მოსახლეობა კმაყოფილია. თუმცა ამბობენ, რომ ექიმი სოფელში ყოველდღიურად სჭირდებათ. იმის გამო, რომ სათანადო ანაზღაურება არ აქვთ, ოჯახის ექიმების უმრავლესობა რამდენიმე ადგილას მუშაობს. სოფლებში პაციენტების მისაღებად კვირაში ერთი ან ორი დღე აქვთ გამოყოფილი. მუდმივად ადგილზე მხოლოდ მოლითის ამბულატორიის ექიმები იმყოფებიან.
„მაღალი დონის, ძალიან კვალიფიციური ექიმი ნინო კობახიძე და ექთანი შორენა ნათობიძე გვემსახურებიან, – ამბობს ზვარეში მცხოვრები რუსუდან ჩაჩანიძე, – ხელისუფლება დეცენტრალიზაციასა და რეგიონალურ განვითარებაზე საუბრობს. თუმცა, სოფლებში სამედიცინო მომსახურებას ეს ნაკლებად ეტყობა. სახელმწიფოსგან ოჯახის ექიმებსა და ექთნებს მეტი მხარდაჭერა, დაფასება, გამართული სამუშაო პირობები სჭირდება“.
ამბულატორიების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 2019 წელს თვითმმართველობებს დაევალა. ამ მიზნით ცენტრალური ბიუჯეტიდან 22 371 ლარი გამოიყო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ თანხით წყალაფორეთის, ვახანის, ფარცხნალის, ხიდრის ამბულატორიები გარემონტდა.
2020-2021 წლებში ხარაგაულში საექიმო ამბულატორიების ინტერნეტიზაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 ათასი ლარი დაიხარჯა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე ამბობს, რომ ამბულატორიებში წყალმომარაგების პრობლემები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოგვარდება.
„ზვარეს ამბულატორია ძალიან ცუდ მდგომარეობაში, – ამბობს ნანა კიკნაძე, – დამეწყრილი ტერიტორია გეოლოგიურ შესწავლას საჭიროებს. ამის შემდეგ გადავწყვეტთ, არსებული შენობა გავარემონტოთ, თუ ზვარეში ამბულატორიისთვის სხვა ტერიტორია მოვიძიოთ.
მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პეტრე შარიქაძე ამბობს, რომ წყალაფორეთის ამბულატორიის შენობის სახურავის მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან და თუ იქ წყალი ნამდვილად ჩამოდის, შესაბამის ზომებს მიიღებენ – სახურავის შეკეთებას ან მშენებელ კომპანიას მოსთხოვენ, ან მის შესაკეთებლად თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფენ.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე – ზვარეს ამბულატორიის შენობა
ამავე თემაზე ასევე დაგაინტერესებთ
შეზღუდვა, რომელმაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პრობლემა შეუქმნა
კოვიდპაციენტმა თვითიზოლაციის წესები ოჯახშიც უნდა დაიცვას – ლატავრა ნინიკაშვილი
სოფლის ექიმის დატვირთვა გაიზარდა, პრობლემები იგივე დარჩა, – ამბობს ია პაქსაშვილი
სოფლის ექიმების როლი დიდია, რადგან მოსახლეობა კარგად გვიცნობს
თუ თქვენ სოფლის ექიმთან დაკავშირება დაგჭირდათ
სოფელი კორონავირუსმა მთლიანად მოიცვა – ამბობს ლაშის ამბულატორიის ექიმი
სოფლის ექიმებსაც უჭირთ და მათ პაციენტებსაც
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი