კორონავირუსით დაავადებულთა მართვის პროცესში ოჯახის ექიმების როლი განსაკუთრებულია.

მას შემდეგ, რაც სტაციონარები და კოვიდსასტუმროები ინფიცირებულებით გადაიტვირთა, საშუალო სიმძიმისა და შედარებით მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, მკურნალობენ.

ხუნევის ორდონიანი ამბულატორიის ექიმი ია პაქსაშვილი სამედიცინო მომსახურებას ხევისა და ნადაბურის მოსახლეობას უწევს. ია ექიმი მიიჩნევს, რომ პანდემიის პირობებში სოფლის ექიმების დატვირთვა გაიზარდა, – პაციენტები დღე-ღამის ნებისმიერ დროს სოფლის ექიმებს უკავშირდებიან, – ექიმო, მიშველე, ტემპერატურა მაქვს, სახსრები ამტკივდა, ამოსუნთქვა მიჭირს და სხვ.

ოჯახებში კოვიდპაციენტებთან მისვლა და მათი მონახულება ოჯახის ექიმს არ ევალება. ასეთ ავადმყოფთან ბინაზე ვიზიტი რომც სურდეთ, ტრანსპორტირება ძალიან გართულებულია.

ია ექიმი ხევში საკუთარი ავტომანქანით დადიოდა. ახლახან ავტომობილი გაუფუჭდა. შეზღუდვებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ დადის. ამიტომ ხევში, მეორე კვირაა, ვეღარ მიდის.

„სოფლის ექიმების საქმიანობაში რა პრობლემებიც იყო, იგივე დარჩა, თითქმის არაფერი შეცვლილა, – ამბობს ია პაქსაშვილი, – პაციენტამდე ფიზიკურად ვერ მივალ, თუ ჩემი ავტომანქანით არ წავედი, ან თუ პაციენტის ოჯახში ვინმეს ავტომობილი არ ჰყავს და თავად არ მომაკითხა.

კოვიდპანდემიამ ის შეცვალა, რომ მუდმივი ინტერნეტი და კომპიუტერები შეგვიძინეს.

2020 წელს ანაზღაურება 100 ლარით გაგვიზარდეს. შეღავათია ის, რომ პანდემიის გამო, თვეში ორჯერ ქუთაისში ანგარიშების ჩასაბარებლად აღარ მივდივართ – ყველაფერს ელექტრონულად ვაგზავნით.

რამდენიმე თვის წინ პირველადი დახმარების მედიკამენტები გადმოგვცეს – საკმაოდ მცირე რაოდენობის, – არ დავაკონკრეტებ, რამდენი. პირველადი დახმარების წამლებს ჩვენი ხელფასით ვიძენთ და პაციენტებს ვეხმარებით. ამას ყველა სოფლის ექიმი აკეთებს“.

ხევში ამბულატორია ძველ, ამორტიზებულ შენობაშია განთავსებული. ეს შენობა, რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალშია. ია ექიმმა სავარაუდოდ იცის, რომ გაზაფხულიდან შენობის დაცლა მოუწევთ, თუმცა, ექიმი და ექთანი სად და როგორ გააგრძელებენ საქმიანობას, მისთვის უცნობია.

„ხევის ამბულატორიისთვის შენობა იუსტიციის სახლთან ერთად უნდა აშენებულიყო, – ამბობს ია პაქსაშვილი, – იუსტიციის სახლი აშენდა და ამოქმედდა კიდეც, მაგრამ ამბულატორიის შესახებ არაფერს ამბობენ.

ამბულატორიაში ექთანი ყოველდღეა. მეც, კვირაში ორ-სამჯერ მივდივარ, ხევისა და ნადაბურის თემის ექვსი სოფლის მოსახლეობას ვემსახურები. როგორც უკვე აღვნიშნე, კოვიდპაციენტებს კონსულტაციებს ტელეფონით ვუწევ“.

რამდენი კოვიდინფიცირებულია ხევისა და ნადაბურის თემის სოფლებში, – ამის შესახებ ექიმ ია პაქსაშვილს ზუსტი მონაცემი არ აქვს. ის ამბობს, რომ ბევრმა ისე გადაიტანა კოვიდი, არ გაამხილა. ამიტომ სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით, ამ ორ თემში, გაცილებით მეტი კოვიდგადატანილი და ინფიცირებულია.

„ყველას მოვუწოდებ, რომ არ დამალონ, თუ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდებათ, ან ინფიცირებულთან კონტაქტი ექნებათ, – ამბობს ია პაქსაშვილი, – ტესტირება უნდა ჩაიტარონ. ყურადღება ოჯახის ექიმის მხრიდან არ მოაკლდებათ. გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას“.

ნინო კაპანაძე

 

ამავე თემაზე

სოფლის ექიმების როლი დიდია, რადგან მოსახლეობა კარგად გვიცნობს

თუ თქვენ სოფლის ექიმთან დაკავშირება დაგჭირდათ

კოვიდპაციენტმა თვითიზოლაციის წესები ოჯახშიც უნდა დაიცვას – ლატავრა ნინიკაშვილი

სოფელი კორონავირუსმა მთლიანად მოიცვა – ამბობს ლაშის ამბულატორიის ექიმი