კორონავირუსის პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებულმა შეზღუდვებმა მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა შეუქმნა.
ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებელს, რომელიც ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობისთვის გადაადგილების ერთადერთი ხელმისაწვდომი ტრანსპორტია, მარტამდე მგზავრების გადაყვანის უფლება არ აქვს.
ჩხერიმელას ხეობაში – ფონადან ხარაგაულამდე საავტომობილო გზა უმძიმეს მდგომარეობაშია. ზვარედან ხარაგაულამდე ტაქსით მგზავრობა 70 ლარი, ხოლო წიფადან – 90 ლარი.
„მოსახლეობას საკვებისა და წამლების შესაძენად წასვლა ძალიან უჭირს, – ამბობს მოლითის ამბულატორიის ექიმი ნათია ლომიძე, – განსაკუთრებით, ქრონიკულად მოავადე პაციენტებს გაუჭირდათ. პანდემიის დასაწყისშივე ელექტრონულ რეცეპტებზე გადავედით და თუ პაციენტი უფასო მედიკამენტების პროგრამაშია ჩართული, სამ თვეში ერთხელ რეცეპტს ისე ვუწერთ, ამბულატორიაში მოსვლა არ სჭირდება.
უფასო მედიკამენტები ხაშურსა და ზესტაფონში ავერსისა და PSP-ს აფთიაქებშია ხელმისაწვდომი. ვინც მარტოა და ოჯახში არავინ ჰყავს, წამლის მოტანას მეზობლებსა და ახლობლებს სთხოვენ.
აფთიაქებში მედიკამენტები უფასოდ ხშირად არ აქვთ. მეზობელ მუნიციპალიტეტში ძლივს ჩასულ ადამიანს აფთიაქში მისთვის აუცილებელი მედიკამენტი რომ არ დახვდება, რა დღეში ჩავარდება. ელექტრონულ რეცეპტს ორკვირიანი ვადა აქვს.
მოლითში, მაგალითად, ორი ასეთი შემთხვევა მქონდა – ასთმით და დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა ჩემგან გამოწერილი ძვირადღირებული წამლები უფასოდ ვერ მიიღეს. არადა, ორივე პაციენტი უფასო მედიკამენტების პროგრამაშია ჩართული.
პანდემიამ სოფლის ექიმის პროგრამაში არსებული პრობლემები კიდევ უფრო მწვავედ წარმოაჩინა. მოლითის თემში ბევრი კოვიდინფიცირებული გვყავდა. კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომების მქონე პირებმა, ტრანსპორტის შეზღუდვის გამო, ტესტის გაკეთება ვერ შეძლეს.
აღჭურვილობა, ანტისეპტიკური ხსნარები, ერთჯერადი ხალათები – ყველაფერი ჩვენი ხელფასით უნდა შევიძინოთ. გასული წლის გაზაფხულზე, პანდემია რომ დაიწყო, ერთჯერადი ხალათები და პირბადეები მოგვცეს. ამბულატორიაში რომ უამრავი პრობლემაა, ეს ბევრ შეხვედრაზე მითქვამს და საზოგადოებისთვის ცნობილია. ეზო შემოსაღობია, შენობაში არ გვაქვს წყალი, ხოლო წვიმიან ამინდში წყალი ჩამოდის. ასე რომ, ჩვენც გვიჭირს და ჩვენს პაციენტებსაც.
კარგი ის გაკეთდა, რომ მოგვცეს კომპიუტერები და მოლითის ამბულატორიაში ინტერნეტი დაამონტაჟეს“.
მოლითში მცხოვრები თამარ კიკნაძის დედას ექიმმა „სერეტიდი“ გამოუწერა. თამარი ამბობს, რომ გასული წლის მარტის შემდეგ ეს წამალი სააფთიაქო ქსელში უფასოდ არ აქვთ. ამიტომ იძულებული გახდა, წამალში 83 ლარი გადაეხადა.
„წნევის წამლები, სისხლის გამათხელებელი და საგულე წამლები აფთიაქში უფასოდ მომცეს, მაგრამ ასთმის წამალი, რაც დედას ყველაზე მეტად სჭირდება, უფასოდ არ აქვთ. პენსიონერმა 83 ლარი ერთ წამალში რომ მისცეს, თვიდან თვემდე როგორ უნდა იარსებოს? ვისი ბრალია, პროგრამით რომ ვერ ვსარგებლობთ – აფთიაქების თუ სახელწიფოსი, ვერ გეტყვით“.
წიფაში მცხოვრები თამარ ტალახაძე დეკემბერში კორონავირუსით დაავადდა. მას გულის ქრონიკული დაავადება – არითმია აწუხებს.
„ექიმმა ნინო ბუხნიკაშვილმა და ექთანმა ელენე ბანცაძემ გადამარჩინეს, – ამბობს თამარ ტალახაძე, – ჩემს გადასარჩენად თავი გაწირეს. სხვა სოფლებში კორონავირუსიანებს ექიმები ტელეფონით უკავშირდებოდნენ. მე კი ესენი გვერდიდან არ მცილდებოდნენ. ნინო ექიმს ჩემთვის წამალიც მოჰქონდა და საჭმელიც. თავისი მეუღლის მანქანით მოდიოდა. გვიან შევიტყვე, ძვირადღირებული წამლები, რომლებიც უფასოდ მეკუთვნოდა და აფთიაქში არ ყოფილა, თავისი ფულით შეუძენია. მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ პანდემიის დროს ხელისუფლებისგან მეტი ყურადღება გვჭირდება სოფლის მოსახლეობასაც და ჩვენს ექიმებსაც.“
დავინტერესდით, რატომ ვერ სარგებლობენ ქრონიკულად დაავადებული პაციენტები მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამით.
ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოდან გვიპასუხეს, რომ „ჯანდაცვის სამინისტრო პროგრამაში ჩართულ აფთიაქებს უწყვეტ რეჟიმში და სრულფასოვნად აფინანსებს. დანარჩენი უკვე აფთიაქების კომპეტენცია და პრეროგატივაა. აფთიაქებს დაფინანსების კუთხით სამინისტროდან შეფერხება არ აქვთ“.
პროგრამაში ჩართული აფთიაქებისგან კომენტარის მისაღებად, რამდენიმე დღეა, ავერსისა და PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირებას ვცდილობთ. თუმცა, ჩვენს სატელეფონო ზარებს ისინი არ პასუხობენ.
ნინო კაპანაძე
ასევე დაგაინტერესებთ
ხარაგაულის სოფლებში უფასო სამედიცინო აქციებს აუცილებლად გავაგრძელებთ – მაკა ქასრაშვილი
სოფელი კორონავირუსმა მთლიანად მოიცვა – ამბობს ლაშის ამბულატორიის ექიმი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი