კორონავირუსმა სოფლის ამბულატორიების დღის წესრიგი შეცვალა.
მამია ტაბატაძე, სოფელ კიცხის ამბულატორიის ექიმი, ამბობს, რომ მაქსიმალურად ცდილობ, პაციენტებს დახმარება ტელეფონით გაუწიოს. ასე მუშაობა რთულია, მაგრამ ამ ვითარებაში ყველაზე კარგი გამოსავალია. თუ დარწმუნდა, რომ დაავადებულს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ნახულობს პირადად.
ბოლო პერიოდში პაციენტები ყველაზე ხშირად ფილტვების მოსმენას სთხოვენ, რადგან ვირუსის ეშინიათ. მამია ექიმი კი მათ ეუბნება, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული ფილტვების დაზიანება მხოლოდ კომპიუტერული ტომოგრაფიით დგინდება.
„პაციენტი როდესაც მიკავშირდება, ვარკვევ ხომ არ აქვს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები, ან ხომ არ ჰქონდა კონტაქტი დაინფიცირებულთან. ამ შეკითხვებზე თუ დადებითად მიპასუხა, ვურჩევ რამდენიმე დღე იზოლირებულად იმყოფებოდეს.
სიმპტომები თუ გაუგრძელდა, ტესტის ჩასატარებლად ვაგზავნით. სწრაფი ტესტი კეთდება ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და საავადმყოფოში.
ტესტზე პასუხი თუ დადებითი აღმოჩნდა, ონლაინ ოჯახის ექიმი ერთვება საქმეში. ისინი, ძირითადად, ზესტაფონელი ექიმები არიან. პარალელურად მეც ვუწევ მათ კონსულტაციას. ორი კვირის გასვლის შემდეგ კი ასეთ პაციენტებს მე ვმეთვალყურეობ. ჩვენი როლი მაინც დიდია, რადგან სოფლის მოსახლეობა გვიცნობს“.
პანდემიის პერიოდში კიცხის ამბულატორია ორჯერ მომარაგდა ერთჯერადი ხალათებით, პირბადეებითა და ხელთათმანებით.
„კარგია რომ მოგვამარაგეს, მაგრამ ერთჯერადი ხალათები საკმარისი არ არის. პირბადეებს რაც შეეხება, სასურველი იქნებოდა კიდევ მიგვეღო. მოგვამარაგეს სადეზინფექციო ხსნარით, რომლითაც ამბულატორიის ინვენტარი უნდა გაიწმინდოს, მაგრამ არ მიგვიღია ხელის დასამუშავებელი ხსნარი. ჩვენ თვითონ შევიძინეთ.
მამია ექიმს პაციენტისთვის წამლის გამოსაწერად სახლში მისვლა სჭირდება, რადგან კიცხის ამბულატორიაში ინტერნეტი არ არის.
„პრობლემაა, რომ პაციენტისთვის წამლის გამოწერის დროს ინტერნეტით სარგებლობისთვის სახლში უნდა მივიდე და შემდეგ ისევ უკან, ამბულატორიაში, დავბრუნდე. სოფლის ამბულატორიების ინტერნეტიზაცია იგეგმება. ეს ძალიან დაგვეხმარება“.
კიცხის ამბულატორიაში შეუფერხებლად მიმდინარეობს გეგმიური ვაქცინაცია. გარდა ამისა, გრიპის ვირუსის ვაქცინაციის პროცესიც აქტიურ ფაზაშია.
ზუსტი მონაცემების დადგენა, თუ რამდენმა ადამიანმა გადაიტანა კორონავირუსი კიცხში, შეუძლებელია. მამია ექიმი აღნიშნავს, რომ 22 ადამიანის შესახებ აქვს ინფორმაცია, რომლებსაც ეს ვირუსი ჰქონდათ.
„თვეში ორჯერ ქუთაისში დავდიოდით ანგარიშის წარსადგენად, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი დისტანციურად ხდება. ონლაინ ლექციები და სემინარები გვიტარდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ვმართოთ კორონავირუსი.
covid-19-ის თავიდან ასაცილებლად ყველაზე კარგი საშუალება პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და პირადი ჰიგიენაა. ეს არის ის, რაც ამ ვირუსის გავრცელებისგან დაგვიცავს“.
ლიკა ხიჯაკაძე
ფოტოზე: ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოფლის ამბულატორიების ექიმები (მარცხნიდან) ნინო ბუხნიკაშვილი, ნათია ლომიძე, მამია ტაბატაძე, ნანი არევაძე, ია პაქსაშვილი.
ამავე თემაზე
სოფლის ექიმის დატვირთვა გაიზარდა, პრობლემები იგივე დარჩა – ამბობს ია პაქსაშვილი
თუ თქვენ სოფლის ექიმთან დაკავშირება დაგჭირდათ
კოვიდპაციენტმა თვითიზოლაციის წესები ოჯახშიც უნდა დაიცვას – ლატავრა ნინიკაშვილი
სოფელი კორონავირუსმა მთლიანად მოიცვა – ამბობს ლაშის ამბულატორიის ექიმი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი