მასთან ყოველი შეხვედრა დადებითი ენერგიით გავსებს. ღიმილით მოგესალმება, სითბოთი და სიყვარულით გულწრფელად მოგიკითხავს.

ხარაგაულის #2 სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ციური სულამანიძე საუკეთესო პიროვნულ თვისებებთან ერთად მაღალი დონის პროფესიონალია.

2021 წელი ციური მასწავლებლისთვის ორმაგად საიუბილეოა – დღეს, 20 თებერვალს, ის 70 წლის გახდა, პირველ სექტემბერს კი პედაგოგიური საქმიანობის დაწყებიდან 45 წელი უსრულდება.

ციური სულამანიძის პედაგოგიური ნათლობა ვარძიის სკოლაში შედგა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ხარაგაულში, სოფელ ვარძიაში გაანაწილეს.

„ვარძიის სკოლაში ყველამ საკუთარი შვილივით მიმიღო, – იხსნებს ციური მასწავლებელი, –  ამიტომ დღემდე განსაკუთრებით მიყვარს ვარძია და ვარძიელები. იმავე წელს მეათე კლასის დამრიგებლობა ჩამაბარეს. 24 წლის ვიყავი და ჩემს მოსწავლეებთან ერთად ხალისით დავდიოდი ასკილისა და პანტის მოსაგროვებლად“.

ორი წლის შემდეგ ბედი ხარაგაულელ ლევან მეტრეველს დაუკავშირა. სიყვარულით შექმნილ ოჯახში ოთხი შვილი დაიბადა – სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟი.

„ძალიან მინდოდა ბევრი შვილი მყოლოდა, – ამბობს ციური სულამანიძე, – შვილებზე მეტი სიმდიდრე მე არ გამაჩნია. დედმამიშვილები ერთმანეთს აძლიერებენ. ჩემი შვილები ისე აგვარებენ ერთმანეთის პრობლემებს, მშობლებს არც კი გვაგებინებენ. ერთმანეთის ფასი, სიყვარული და თანადგომა იციან.

ჩვენს ოჯახში მე და ლევანს ქალის და კაცის საქმე არასდროს გაგვიყვია – რომელსაც რა შეგვეძლო, იმას ვაკეთებდით. სანამ მე ახლა სკოლაში გაკვეთილებს ვატარებ, ლევანთან სახლში სამი შვილიშვილია. მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, ბავშვები უსაფრთხოდ არიან – ბაბუა აჭმევს, მოუვლის, გაართობს.

ოჯახში უმთავრესი სიყვარული და ურთიერთობებია. შვილებს სულ ასე ვარიგებ – შენს გვერდით მყოფისგან თუ რამეზე გაბრაზდი, არ შეეპასუხო, ათამდე დაითვალე. ამასობაში წყენაც გაგივლის.

მადლობელი ვარ უფლის, რომ ჩემს ქალიშვილებს, ნათიას, თამთას და ნინოს საუკეთესო მეუღლეები ჰყავთ. ჩემი სიძეები – ბათუ კიკნაძე, ბაქარ კევლიშვილი და ზაზა ზაქარაია მეუღლეებისა და შვილებისადმი მზრუნველები რომ არიან, ეს მათი მშობლების დამსახურებაა. შვილები ხომ მშობლების მაგალითებით იზრდებიან. ოჯახის ღირსებას უნდა გაუფრთხილდნენ – ამას ვასწავლი შვილებსაც და მოსწავლეებსაც. იმედია, ჩემი ვაჟი – ბაქარი კარგ ოჯახს შექმნის“.

ციური სულამანიძემ 45 წელი ჟურნალით ხელში გაატარა. ვარძიის სკოლის შემდეგ მუშაობა ჯერ ბაზალეთის სკოლაში, 1985 წლიდან კი ხარაგაულის #2 სკოლაში გააგრძელა. კოლეგებში გამიმართლა, სამივე სკოლაში საუკეთესო პიროვნებების გვერდით ვმუშაობდიო, – ამბობს.

„ბავშვები ძალიან მიყვარს, – ამბობს ციური მასწავლებელი, – ჩემს მოსწავლეებს სულ ვეუბნები, რომ უყვარდეთ ერთმანეთი. მათემატიკასაც ისწავლიან და სხვა საგნებსაც, მთავარი ჯანსაღი ადამიანური ურთიერთობებია.

არასოდეს ვეტყვი მოსწავლეს უარს, თუ მას დამატებითი მეცადინეობა და ჩემგან მიხმარება სჭირდება. ოღონდ მითხრას და თან გადავყვები. მისთვის დრო როგორ დამენანება.

ვთვლი, რომ მასწავლებლობაზე უკეთესი პროფესია ამქვეყნად არ არსებობს. ბავშვებთან ურთიერთობა, მათი გაცისკროვნებული თვალების დანახვა მაახალგაზრდავებს. ამასწინათ ერთი მეექვსე კლასელი გაკვეთილზე მეუბნება – ციური მასწავლებელო, თუ შეიძლება ჩაგეხუტოო. ასეთ სიტყვებს რომ გეტყვის მოსწავლე, ცუდ ხასიათზე როგორ იქნები?!

ჩემი ცხოვრების სიმდიდრე ოთხი შვილი და ცხრა შვილიშვილია. ისინი არიან ჩემი ბედნიერებისა და სიხარულის წყარო. ახლა მეათე შვილიშვილს ველოდებით“.

ჯანმრთელობას, ბედნიერ და ნაყოფიერ წელთა სიმრავლეს ვუსურვებთ იუბილარ მასწავლებელს.

ნინო კაპანაძე

შესაძლოა, ასევე დაგაინტერესოთ:

ჩვენს მრავალშვილიან ოჯახში ბავშვებს ნეთბუქები აქვთ, ინტერნეტი – არა

„ერთხელ გამოცდაზე სოფოს ნაცვლად გავედი“ – ამბობს ტყუპისცალი სალომე ალავიძე

ალექსანდრეს დაბადებით ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო – ეკა დვალიშვილი

ქართულ-ჩინური სიყვარულის ისტორია ხარაგაულში

სიყვარულის დღეს, მოლითში