
ტყუპები – სალომე და სოფო ალავიძეები ბავშვობაში ისე ჰგავდნენ ერთმანეთს, რომ ზოგჯერ მათი გარჩევა მშობლებსაც კი უჭირდათ. ამას ხელს ისიც უწყობდა, რომ ხშირად ერთნაირად ეცვათ. ნაცნობ-მეგობრების უმრავლესობა მათ დღესაც „სოფო-სალოს“ ეძახის.
ბავშვობაში სალომე და სოფო სულ ერთად იყვნენ და ყველგან ერთად დადიოდნენ. მოზარდობის ასაკში მიხვდნენ, რომ ისინი ერთ მთლიანს კი არ წარმოადგენენ, არამედ ცალ-ცალკე პიროვნებები არიან. უნდოდათ განსხვავებულები ყოფილიყვნენ და ამიტომ დედას სთხოვეს, რომ მათთვის ერთნაირი ტანსაცმელი აღარ ეყიდა.
„ბავშვობაში ერთმანეთს ძალიან ვგავდით, – იხსენებს სალომე, – ორივე ძალიან აქტიურები ვიყავით. თავდაპირველად ორივეს ჟურნალისტობა გვინდოდა. შემდეგ მეც და სოფომაც ერთ უნივერსიტეტში ჩავაბარეთ, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, ირანული ენის შესწავლა გადავწყვიტეთ. დღეს სოფო ჟურნალისტია. მე კი ერთ-ერთ საბროკერო კომპანიაში ვმუშაობ. ბავშვობაში თუ ერთმანეთს ძალიან ვგავდით, ახლა განვსხვავდებით როგორც გარეგნობით, ისე ხასიათით“.
ზოგადად, ტყუპებს ერთმანეთთან განსაკუთრებული ემოციური კავშირი აქვთ. სალომესა და სოფოს შემთხვევაშიც ასეა. ხშირად ეხმარებიან ერთმანეთს პრობლემების მოგვარებაში. დაბადების დღესაც ერთად აღნიშნავენ, რადგან, ძირითადად, მაინც საერთო სამეგობრო ჰყავთ. 22 მარტი მათი დაბადების დღეა.
„იმის გამო, რომ მე და სოფო ერთმანეთს ვგავართ, ხშირად სასაცილო და უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებით. მახსოვს, ერთხელ სოფო შეუძლოდ იყო და მის მაგივრად გამოცდაზე მე გავედი, – იხსენებს სალომე, – პირადობა მაგიდაზე მედო და ძალიან ვნერვიულობდი, რომ დამკვირვებელი არ მიმხვდარიყო. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. სოფოს ნაცვლად გამოცდა წარმატებით ჩავაბარე. ძირითადად, ასეთ რაღაცებს არ ვრისკავთ ხოლმე. მხოლოდ ეს ერთი შემთხვევა იყო. ახლა რომ ვიხსენებ, მეცინება, მაგრამ მაშინ ძალიან ვინერვიულე“.
სალომესა და სოფოს მამიდაშვილს, ჟურნალისტ ეკო მაღრაძესაც ტყუპი შვილები – მაკო და ვატო ჰყავს.
„ვატოსა და მაკოს სულ ერთად ყოფნა უნდათ. ცდილობენ, ერთმანეთის მიმართ სითბო გამოხატონ. ამ მხრივ უფრო აქტიური ვატოა. ნამდვილად არ ველოდი, ტყუპები თუ მეყოლებოდა. დღესაც ვერ მოვძებნე ის სიტყვა, რაც ჩემს ემოციებს გამოხატავს. უბედნიერესი ადამიანი ვარ. მგონია, რომ დედამიწა ჩემს გარშემო ტრიალებს, როდესაც მათთან ერთად ვარ,“ – ამბობს ეკო მაღრაძე.
ლიკა ხიჯაკაძე
ფოტოზე: სოფო და სალომე ალავიძეები მამიდაშვილის ტყუპებთან – მაკოსთან და ვატოსთან ერთად
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება