შეყვარებული ადამიანისთვის არ არსებობს ენობრივი, რელიგიური და ეთნიკური ბარიერები.

გიყვარს, ეს ნიშნავს, რომ შენს რჩეულთან საერთო ღირებულებები გაერთიანებს, მასთან ყოფნა და ურთიერთობები გაბედნიერებს.

შორენა ციცქიშვილისა და ჰოფი ჰეს ქართულ-ჩინური ოჯახის შექმნიდან შვიდი თვე გავიდა. მათი სიყვარულის ისტორია ხარაგაულში, სოფელ ვერტყვიჭალაში დაიწყო. რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე ჩინეთის ჰუნაის პროვინციიდან ჩამოსული ჰოფი ჰე სწორედ იმ მონაკვეთის მშენებლობას ხელმძღვანელობდა ვერტყვიჭალაში, სადაც ციცქიშვილების ოჯახი ცხოვრობდა.

შორენა და ჰოფი ერთმანეთს თითქმის ყოველდღე ხედავდნენ და ესალმებოდნენ. ერთხელაც, ჰოფიმ გაბედა და შორენას დამტვრეული ქართულით გამოელაპარა. შემდეგ სოციალურ ქსელში დაუმეგობრდა.

„გუგლის სათარგმნი პროგრამის საშუალებით სისტემატურად მწერდა ქართულ ენაზე, – გვიამბობს შორენა, – მე თავს ვიკავებდი და არ ვპასუხობდი. ამასობაში ჩვენი სახლი ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვდა და საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. ჰოფისთვის არ მითქვას, ახალი სახლი სად შევიძინეთ“.

სიყვარულისთვის რას არ მოიფიქრებს კაცი და ჰოფიმაც ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულ შორენას მეგობრებს მიმართა.

2020 წლის აღდგომის წინა დღეს ციცქიშვილების სახლთან შორენას თანაკლასელი და ჰოფი „შემთხვევით“ მოხვდნენ.

იმ დღეს შორენა სახლში არ იყო. დედამისს შვილის კლასელი რომ დაუნახავს, სახლში სიხარულით შეუპატიჟებია. სტუმარი ღვთისააო და ქართული მასპინძლობით მოხიბლულ ჰოფის საბოლოოდ გადაუწყვეტია, საკუთარი ბედი შორენასთვის დაეკავშირებინა.

„იმ დღის შემდეგ გასაქანი აღარ მომცა, – ამბობს შორენა, – ყოველდღე სიურპრიზებით მაოცებდა. ჩემმა მშობლებმა მითხრეს, მშვენიერი ადამიანია, კარგი თვისებები აქვს და უარი არ უთხრაო.

ჩემს ოჯახში არასდროს ვყოფდით ადამიანებს ეროვნებისა და რელიგიის მიხედვით. მშობლებმა და მეგობრებმა დიდი სტიმული მომცეს და 2020 წლის 10 სექტემბერს მე და ჰოფიმ ხელი მოვაწერეთ.

ჰოფი თანდათან სწავლობს ქართულ ენას. ის უფრო ბეჯითია ქართულის სწავლაში, ვიდრე მე – ჩინურის. ჩემს მეუღლეს ჩინეთში დედა და დაოჯახებული ძმა ჰყავს. ჯერჯერობით, ჩვენი ოჯახები ერთმანეთს ინტერნეტით იცნობენ. ჰოფის არჩევანით მისი დედა და ოჯახის წევრები კმაყოფილები არიან.

მალე ჩვენს ქართულ-ჩინურ ოჯახში პატარა მათე შემოაბიჯებს. სახელი მომავალ შვილს მე შევურჩიე. ჰოფის სურს, რომ შვილს ჩინური სახელიც დაარქვას…

სიყვარულის დღეს ვულოცავ ყველა შეყვარებულს და ვუსურვებ, წინააღმდეგობებს არ შეუშინდნენ. სიყვარული ხომ ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანადგომასა და ერთგულებას აერთიანებს“.

ნინო კაპანაძე