ხარაგაულში კახა ხიჯაკაძისა და ეკა დვალიშვილის ოჯახში მეოთხე შვილი დაიბადა. ალექსანდრე ხიჯაკაძე ამ ქვეყანას 23 თებერვალს მოევლინა.

დედობა ენით უთქმელი ბედნიერება და ამასთანავე, უდიდესი პასუხისმგებლობაა, – მიაჩნია ეკა დვალიშვილს, რომელიც ოჯახის შექმნის პირველ წლებში მრავალშვილიან დედობაზე არ ფიქრობდა. ალექსანდრეს  სახელი მშობლებმა ერთად შეურჩიეს.

„პირველი შვილი – ელენე რომ დაიბადა, 23 წლის ვიყავი და კარგად ვერ გავაცნობიერე, დედობა რას ნიშნავდა, – ამბობს ეკა დვალიშვილი, – ბარბარეზე რომ ფეხმძიმედ დავრჩი, ძალიან განვიცდიდი, როგორ გავზრდიდი ორ პატარა ბავშვს ერთად. თუმცა ბარბარემ ისეთი ემოცია განმაცდევინა, მაშინ ვთქვი, რომ რამდენი შვილიც მეყოლებოდა, გავაჩენდი.

ოთხივე შვილმა განსაკუთრებული სიხარული მომიტანა. ეს ბიჭის ყოლის სურვილით არ მომხდარა. ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვაჟი გვეყოლებოდა თუ გოგონა.

ახლა დედასთან ვარ, ბაღდათში. თაიას ნაბოლარას სტატუსი არ ეთმობა და გვერდიდან არ მშორდება, უფროსი დები კი ალექსანდრეს ჯერ მხოლოდ ვიდეოთვალით იცნობენ“.

ეკა დვალიშვილი ამბობს, რომ ბევრი უფიქრია იმაზე, თუ როგორ შეძლებს ოთხი შვილის გაზრდას და მათთვის სათანადო განათლების მიცემას. ის ფიქრობს, რომ უფალმა რადგან მისი მრავალშვილიანი დედობა ინება, მათი რჩენისა და გაზრდის შესაძლებლობასაც მისცემს.

„ძლიერად და იმედიანად ვარ, – ამბობს ეკა, – ალექსანდრეს დაბადებით ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო და მჯერა, ყველაფერი გაცილებით უფრო კარგად იქნება, ვიდრე აქამდე იყო. უფროსი შვილები მპირდებიან, რომ ძამიკოს გაზრდაში დამეხმარებიან.

ძნელია სხვის საქმეში ჩარევა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ოჯახები, რომლებიც ერთ შვილზე მეტის გაჩენას არ აპირებენ, მომავალში ძალიან ინანებენ. შვილს დედმამიშვილზე მეტ სიმდიდრეს რას დაუტოვებ?! მე ძმა მყავს და ჩვენ ერთმანეთის იმედი ვართ. ჩემი მეუღლე დედისერთაა და ამას სულ განიცდის. ერთხელ აღნიშნა კიდეც, დედმამიშვილობას ვერავინ გაგიწევსო. მე და კახამ ჩვენი შვილები დედმამიშვილებით გავანებივრეთ.

დედის როლი შვილების აღზრდის საქმეში განსაკუთრებულია. კახა ძალიან მზრუნველი მამაა, მაგრამ პასუხისმგებლობა შვილების განათლებაზე მე ავიღე. გოგონებს ჩემი რიდი მეტად აქვთ, ვიდრე ბებია-ბაბუის. ისინი ანებივრებენ. მე უფრო მკაცრი ვარ. ახლა აქედან ვაკონტროლებ, რომ დროულად იმეცადინონ და კარგად ისწავლონ.

მთელი ოჯახი ვცდილობთ, რომ შვილები საზოგადოების ღირსეულ წევრებად აღვზარდოთ. მშობლიური კუთხისა და ქვეყნის სიყვარული ჩავუნერგოთ. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს“.

ხარაგაულში ახალგაზრდა ოჯახებისთვის სხვადასხვა სერვისები ხელმისაწვდომი არ არის, მაგალითად, არ გვაქვს სამშობიარო. ეკა დვალიშვილი ძალიან განიცდიდა, რომ საავადმყოფოში წასვლა კომენდანტის საათის დროს არ დასჭირვებოდა.

ის ამბობს, რომ ორსულობის ბოლო თვეში ღამეები არ ეძინა იმაზე ფიქრით, თუ როგორ უნდა წასულიყო სამშობიაროდ ზესტაფონში. მათ ოჯახს საკუთარი მანქანა არ ჰყავს. სხვისი მანქანისთვის საშვს რამდენად მოიპოვებდნენ, წინასწარ არ იცოდნენ.

გამიმართლა, ალექსანდრე დილით რომ დაიბადაო, – ამბობს ეკა და ხარაგაულში ახალგაზრდა ოჯახების საჭიროებებზე საუბრობს:

„ხარაგაულში ბევრ რამეს მოკლებულნი ვართ. წლების განმავლობაში ბავშვებს გასართობი ატრაქციონები ენატრებოდათ. რატომ უნდა დავდიოდეთ მეზობელ მუნიციპალიტეტებში წამლების შესაძენად, საბანკო მომსახურებისთვის ან შვილების ცურვაზე სატარებლად?!

…საკმაოდ რთულია, დრო ისე გადაანაწილო, რომ იყო კარგი დედა, კარგი რძალი, კარგი მეუღლე, კარგი თანამშრომელი.

ხანდახან მიფიქრია, ნეტავ მარტო წამიყვანა სადმე და დამასვენა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ოჯახის გარეშე სამი დღეც ვერ გავძლებ.

მიმაჩნია, რომ ბევრი ყოფითი პრობლემის მიუხედავად, შვილებთან ახლოს უნდა ვიყოთ. ყველა დედას შვილების ჯანმრთელობასა და ოჯახის კეთილდღეობას ვუსურვებ“.

ნინო კაპანაძე