მეოთხე სასწავლო წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყალაფორეთის საჯარო სკოლას საკუთარი შენობა აღარ აქვს.
2020 წლიდან, ორი წლის განმავლობაში, ამ სკოლის სასწავლო პროცესი ვარძიის სკოლაში, მეორე ცვლაში მიმდინარეობდა, ბოლო ორი სასწავლო წლის განმავლობაში კი წყალაფორეთიდან 15 კმ-ით დაშორებული თეთრაწყაროს სკოლის შენობაში.
წყალაფორეთის სკოლის შენობის რემონტი, 2020 წლის ნოემბრიდან ვერტყვიჭალისა და მარელისის სკოლების რემონტთან ერთად ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია სს „სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთმა“ დაიწყო. რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩნდა, რომ წყალაფორეთში სკოლის არსებული შენობა უნდა დანგრეულიყო და მის ადგილზე ახალი შენობა აშენებულიყო.
2022 წლის ივლისში სკოლა დაანგრიეს. ახალი შენობის ასაგებად ტენდერი განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტომ ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის ივლისში, გამოაცხადა. ამ ტენდერში მონაწილე შპს „მანე ლუქსს“ დისკვალიფიკაცია მიენიჭა, რადგან მან ტექნიკური დოკუმენტაცია ვერ წარადგინა.
„მას შემდეგ მოლოდინის რეჟიმში ვართ, – ამბობს წყალაფორეთის სკოლის დირექტორი ნათია დვალი, – თეთრაწყაროში, წყალაფორეთიდან 15 კილომეტრის მოშორებით დავდივართ. ტრანსპორტი მოსწავლეებს ჭიშკართან აკითხავს, მაგრამ ყველა სოფლის ცეტრში ხომ არ ცხოვრობს?! წყალაფორეთის უკიდურესი უბანი შეიძლება უფრო მეტი მანძილითაც იყოს დაშორებული თეთრაწყაროდან.
სირთულე იქმნება ზამთარში. საქარიქედი-კიცხის გზის მონაკვეთი შეიძლება ისე მოიყინოს, რომ თეთრაწყარომდე ტრანსპორტით მოსვლა ვერ შევძლოთ. იმ დროს ვწვალობთ ძალიან და ემოციურადაც განვიცდით, რომ მოსწავლეები სახლებამდე მშვიდობიანად დავაბრუნოთ“.
სკოლის სიშორის გამო, რამდენიმე მოსწავლე მშობლებმა წყალაფორეთთან ახლოსმდებარე სკოლაში გადაიყვანეს. ეს კი ისედაც მცირერიცხოვანი სკოლისთვის არასახარბიელოა.
„წყალაფორეთის საჯარო სკოლიდან მოსწავლეების გადინებას, სავარაუდოდ, ჩემს დანიშვნამდეც ჰქონდა ადგილი, – ამბობს ნათია დვალი, – მე სკოლაში 21 მოსწავლე დამხვდა. ჩემი დირექტორობის პირველ წელს 32 მოსწავლეზე ავედით, მაგრამ სკოლის აშენების „მოლოდინის რეჟიმმა“ დაგვაზარალა. იმ პრობლემების გამო, რაც ტრანსპორტირებას უკავშირდება, მშობლებმა შვილები საცხოვრებელ სახლთან ახლოსმდებარე სკოლებში გადაიყვანეს. ამას ჩვენ ხელს ვერც შევუშლით“.
ნათია დვალი ამბობს, რომ წყალაფორეთის საჯარო სკოლის აშენების პროცესში მაქსიმალურ მხარდაჭერას გრძნობს საგანმანათლებლო რესურცენტრიდან და თვითმმართველობიდან.
გვეუბნებიან, რომ წყალაფორეთს აუცილებლად ექნება სკოლა, მაგრამ როდის, ამ წუთას ჩვენ ინფორმაციას არ ვფლობთ, – ამბობს ნათია დვალი, – სოფელი არ უნდა დარჩეს სკოლის გარეშე. იმედია, მოლოდინი ტყუილად არ ჩაივლის. ეს მარტო სკოლის პრობლემა კი არ არის, არამედ სოფლის პრობლემაცაა.
სოფელში, სკოლა რომ ფუნქციონირებს, სხვანაირი ჟრიამულია, სხვანაირად ცოცხლდება სოფელი. მეც ამ სკოლის კურსდამთავრებული ვარ. დიდი ისტორიის მქონეა ჩვენი სკოლა და სოფელი. ახალი სკოლა რომ გვექნება, მოსწავლეები, რომლებიც სხვა სკოლებში გადავიდნენ, დაგვიბრუნდებიან. წყალაფორეთის საჯარო სკოლის პროექტი 60 მოსწავლეზეა გათვლილი. სავარაუდოდ, 45 მოსწავლემდე გვეყოლება“.
30 წელია, წყალაფორეთის სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელია მაყვალა მესხი. „სკოლის რემონტი როკმ დაიწყო, ვარძიის სკოლაში გადავედით, – ამბობს მაყვალა მასწავლებელი, – იქ მეორე ცვლაში ვსწავლობდით და ძალიან ვწვალობდით. სამის ნახევარზე ვიწყებდით სწავლას და რვის ნახევარზე ვასრულებდით.
შემდეგ თეთრაწყაროს სკოლის კორპუსში გადმოვედით. ამ სკოლაში ყველანაირი პირობა გვაქვს. აქაურებს ძალიან უხარიათ, სკოლა რომ მოქმედებს. ეგ არის, რომ შორი მანძილია წყალაფორეთიდან თეთრაწყარომდე. ვწუხართ, მშობლიური სკოლა რომ არ გვაქვს.
ბავშვებმაც ამიტომ დაიწყეს სკოლიდან გადინება. მოსწავლეები შორ მანძილზე ტრანსპორტითაც იღლებიან. მშობლები გვენდობიან. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ სიხარულით აგზავნიან ბავშვებს აქ, ამსიშორეს. წყალაფორეთში სკოლა თუ არ იქნება, სოფელი გაქრება. ეს გვაწუხებს ყველას უფრო მეტად. მაღაზია იყო წყალაფორეთში, მაგრამ სკოლა რომ აღარ გვაქვს, ვეღარ ფუნქციონირებს და დაიხურა“.
სკოლების მშენებელობის გაჭიანურება საქართველოს არაერთ რეგიონში აწუხებთ. ამ პრობლემას კარგად იცნობს ანა ნაცვლიშვილი, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი. ის წყალაფორეთში იმყოფებოდა და სიტუაციას ადგილზე გაეცნო.
„ეს სისტემური პრობლემაა, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი, – 2022 წლიდან ოფიციალური მიმოწერა მაქვს განათლების სამინისტროსთან სკოლების ინფრასტრუქტურის მდგომარეობაზე. მესამე მინისტრი გამოიცვალა ამ პერიოდში განათლების სამინისტრომ. სკოლების რეაბილიტაციის თემა არის ძალიან სერიოზული ჩავარდნა სახელმწიფოს მხრიდან და ამ ჩავარდნის უკან დგას კორუფცია.
2022 წელს მიპასუხეს, რომ 21 ათასზე მეტი ბავშვი საქართველოს მასშტაბით ვერ დადის საკუთარ სკოლაში და ამ ბავშვებს უწევთ გაცილებით უფრო დიდი მანძილის გავლა. ეს მოსწავლეთა განათლების ხარისხზე ძალიან ცუდად მოქმედებს იმიტომ, რომ გადაადგილებაში დრო იკარგება და იღლებიან. მითუმეტეს, სოფლად ეს დისტანცია კიდევ უფრო დიდია.
განათლების სამინისტრო ამ საკითხს არ ეკიდება შესაბამისი პასუხისმგებლობით. მათ ერთიანი ბაზაც კი არა აქვთ, რომ ნახონ სად არის პროგრესი სამშენებლო სამუშაოებში და სად არის ჩამორჩენა, რომ ეს იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და გამჭირვალე. საინფორმაციო ვაკუუმში არიან ადამიანები და წლობით ელოდებიან ზოგი – შენობის დემონტჟს, ზოგი – ახლის აშენებას.
შევისწავლე სატენდერო დოკუმენტაცია. მაგალითად, კომპანიამ, რომელმაც ერთ სოფელში ვერ გაართვა თავი სამუშაოებს, სამ-ოთხჯერ მოითხოვა ვადის გადაწევა, თანხის გაზრდა, გააფრთხილებისა და შავ სიაში შეყვანის ნაცვლად, სხვაგან ახალი ტენდერი მოიგო.
ხელისუფლება საუბრობს, სოფლები უნდა გაძლიერდეს და ახალგაზრდა ოჯახებს ხელი უნდა შევუწყოთო. ამ დროს სოფელში სკოლა არ არის ხელმისაწვდომი. ეს არის გამოხატულება იმ დამოკიდებულებისა, რომელიც აქვს სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ დღის წესრიგიდან არ მოხსნილა წყალაფორეთის სკოლის მშენებლობის საკითხი და ამ პრობლემის გადაჭრაში ჩართულია მაჟორიტარი დეპუტატიც.
„განათლების მინისტრი შეიცვალა და მასთანაც გვექნება კონსულტაციები, – ამბობს მანანა ბარბაქაძე, – ყველას გვაინტერესებს მაგ საკითხი იმიტომ, რომ ბავშვი პრიორიტეტია. გეთანხმებით, ეს სკოლა წელიწადნახევარის აშენებული უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ წყალაფორეთში სკოლა ნამდვილად აშენდება, თუმცა, მე პირადად არ ვიცი როდის“.
ხარაგაულის საგანმანათლებო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე ვარაუდობს, რომ წყალაფორეთის სკოლის მშენებლობისთვის ტენდერის გამოცხადება ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელის რამდენჯერმე ცვლილებამ გააჭიანურა. ის იმ დროს იხსენებს, როცა წელიწადნახევრის წინ სამინისტრომ წყალაფორეთის ახალი სკოლის შენობის პროექტი გამოაქვეყნა.
„დიდი ზარ-ზეიმითაც გავაზიარეთ ეს ინფორმაცია. თუმცა, მას შემდეგ ყოველდღე ტენდერის გამოცხადებას ველოდებით. სამინისტროში არაერთი ზარია განხორციელებული, ჩართულია ამ საკითხში ყველა რგოლი და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე მოგვივა დადებითი პასუხი წყალაფორეთში სკოლის მშენებლობისთვის ტენდერის გამოსაცხადებლად“.
განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოში წყალაფორეთის სკოლის მშენებლობისთვის ხელახალი ტენდერის გამოცხადების თარიღს ვერ აკონკრეტებენ და ამბობენ, რომ სამინისტროსგან მითითებებს ელოდებიან.
განათლების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია 15 საჯარო სკოლის ჩამონათვალი, რომელთა მშენებლობისთვის ტენდერი 2024 წლის შემოდგომაზე უნდა გამოცხადდეს. ამ ჩამონათვალში წყალაფორეთის სკოლა არ არის.
ნინო კაპანაძე
ლაურა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი