„ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზის ცენტრში“ მოლაშქრეთა კლუბი „ნაცნობი ბილიკი“ დაფუძნდა.

„მეექვსე თვეა, რაც ტურიზმის მიმართულება დაგვემატა, – ამბობს ამ ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი, – ხარაგაულში ბევრი მიმზიდველი და საინტერესო ადგილია, რომლებიც უნდა დავლაშქროთ. ახალგაზრდების ჩართულობა კლუბის საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია. მათთან ერთად უნდა დაიგეგმოს კლუბის თითოეული აქტივობა.

ლაშქრობების მონაწილეები, გართობასთან ერთად, შეისწავლიან კომპასით ადგილმდებარეობის გამოცნობას, კარვის გაშლას და რაც ძალიან მნიშნელოვანია, იმ კონკრეტული ღირსშესანიშნავი ადგილის ისტორიას. ლაშქრობებზე მიღებული ცოდნა, ვფიქრობთ, მათ ცხოვრებაშიც გამოადგებათ“.

დევის ხვრელი, ცაშეკრულას კანიონი, ჩხერისა და ვახანის ციხეები, მარელისის ხერგილი, ბერების კლდე ნუნისში – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ადგილებისა, რომელთა დალაშქვრასაც ხარაგაულელი მოლაშქრეები აპირებენ.

მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, აპრილში მდინარე ჩხერიმელაზე, ინსტრუქტორების ჩართულობით, ჯომარდობა იგეგმება.

მოლაშქრეთა კლუბის ლოგოსა და დროშას ამ კლუბის წევრები ერთობლივად შეიმუშავებენ. მომავალში იგეგმება მეზობელი მუნიციპალიტეტების მოლაშქრეთა კლუბებთან დამეგობრება.

მოლაშქრეთა კლუბს წარმატებები უსურვეს „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზის ცენტრის“ დირექტორის მოადგილეებმა იზა ვეფხვაძემ, სპარტაკ ლაცაბიძემ და ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელმა არჩილ ლურსმანაშვილმა.

კლუბში უკვე 32 ახალგაზრდა გაწევრიანდა. „ნაცნობი ბილიკის“ წევრობა ნებისმიერ პირს შეუძლია.

ფოტოზე: ტურიზმის ცენტრის თანამშრომლები (მარცხნიდან) მირიან ყრუაშვილი, შალვა ბუაჩიძე და ვაჟა ბლუაშვილი მოლაშქრეთა კლუბის პრეზენტაციისას