რიკოთის ავტობანის მშენებლობამ ხევი-უბისას მონაკვეთზე მეწყერული პროცესები გაააქტიურა.

მეწყერის ჩამოწოლის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს არაერთხელ შეუჩერებია ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ავტობანის მშენებლებმა არამდგრადი და მოწყვლადი ფერდობების წონასწორობა დაარღვიეს.

ავტობანის მშენებლობის პროექტი ოთხ მონაკვეთადაა დაყოფილი – ჩუმათელეთი-ხევი, ხევი-უბისა, უბისა-შორაპანი, შორაპანი-არგვეთა.

„ოთხივე მონაკვეთისთვის ცალ-ცალკე მომზადდა გარემოზე ზემოქმედების შეფასება და შეუსწავლელი დარჩა კომპლექსური გავლენა, რომელიც ოთხივე პროექტის განხორციელებისას იქნება ბუნებასა და ადამიანებზე, – ამბობს მარიამ ფაცაცია, „მწვანე ალტერნატივას“ ადგილობრივი თემების მხარდაჭერის კოორდინატორი, – სპეციალისტები ეჭვქვეშ აყენებენ რიკოთის ავტობანის მშენებლობისთვის მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასებების სანდოობას.

გაუგებარია, რატომ არ აღმოჩნდა ავტობანის პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის არსებული გზის გაფართოება და ორმხრივ ავტობანად ქცევა უფრო მისაღები. დარგის ექსპერტები, ინჟინრები და გეოლოგები თვლიან, რომ ეს ალტერნატივა უფრო უსაფრთხო, ნაკლები დანახარჯის მქონე იქნებოდა და გარემოსაც ნაკლები ზიანი მიადგებოდა.

ავტობანის მშენებლობა ყველაზე რთულ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, მეშვიდე წელია მიმდინარეობს. სოფელ ხევში საფრთხის რამდენიმე კერა გაჩნდა.

მდინარე რიკოთულა, რომელიც წყალდიდობითა და წყალმოვარდნებით ხასიათდება, სოფელ ხევში საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ მიედინება. მდინარის დინების მიმართულებით, რიკოთულას მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს ხევის საჯარო სკოლა.

ავტობანის მშენებლობამ მდინარე რიკოთულასგან მომავალი საფრთხეები გაამძაფრა და ღვარცოფული პროცესების განვითარების რისკი გაზარდა. მდინარის კალაპოტის გარკვეული მონაკვეთები, ინერტული მასალის შეტანის გამო, შევიწროებულია.

2023 წლის ივნისში ხევის სკოლასთან ჯებირების მოწყობა დაიწყო. თუმცა, საფუძვლიანი კვლევის გარეშე შეუძლებელია იმის თქმა, რამდენად საკმარისია ეს ჯებირი სკოლის შენობის დასაცავად. მსოფლიო ბანკმა 2024 წლის ივნისში წერილობით გვაცნობა, რომ მათ მიერ დაქირავებული საერთაშორისო ექსპერტი შეისწავლის მდინარე რიკოთულას ჰიდროლოგიურ მდგომარეობას.

ერთ-ერთ ხევში, რომელიც რიკოთულას, ავტობანსა და თავად სოფელ ხევს გადმოჰყურებს, მშენებელმა კომპანიამ ფუჭი ქანების სანაყარო განათავსა. ტერიტორია უხარისხოდ არის მოწყობილი. სანაყაროს არ აქვს მოწესრიგებული წყალარინების სისტემა, რის გამოც ფუჭი ქანებით წარმოქმნილი ტერასები დაღარულია, წვიმისას მიწის მასა იშლება და კონსტრუქციაზე ნაპრალები ჩნდება. დამბა-ბეტონის ზღუდარი, რომელიც ასი ათასობით კბმ მასას ამაგრებს, ნორმალურად არ ფუნციონირებს. წყალი, რომელიც დაყრილ მასას ორივე მხრიდან ჩამოუდის, დამბასაც ნელ-ნელა აცლის მიწას და საფრთხეს უქმნის კონსტრუქციის მდგრადობას.

აღსანიშნავია, რომ ჩუმათელეთი-ხევის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის თანახმად, ავტობანის მშენებლობისას წარმოქმნილი ფუჭი ქანები არა ხევში, არამედ ხაშურის სიახლოვეს შერჩეულ ტერიტორიაზე უნდა განეთავსებინათ.

თუმცა, ჩინურმა სამშენებლო კომპანიამ 2019 წელს თავდაპირველად განსაზღვრული ტერიტორიის ცვლილება მოითხოვა. სანაყაროს ადგილმდებარეობის ცვლილების ნებართვა გარემოს დაცვის სამინისტრომ ისე გასცა, რომ ამის შესახებ ავტობანის მშენებელ დონორებს არ აცნობა. არადა, კანონით ეს სავალდებულოა.

2024 წლის იანვარში დაიმეწყრა ამ სანაყარომდე მისასვლელი გზა. კომპანიამ ფუჭი ქანების განთავსება რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, სოფელ ვერტყვიჭალაში განაგრძო.

ვერტყვიჭალაში სანაყარო განთავსებულია მდინარე მეჩხეთურას ხეობაში. მდინარის კალაპოტი შეცვლილია და უზარმაზარი მასები მდინარეში იყრება. იქ, მდინარის ადიდების შემთხვევაში, ღვარცოფი გარდაუვალია. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვერტყვიჭალაში დღეს არსებული სანაყარო საშიშ ტერიტორიადაა მიჩნეული.

„მწვანე ალტერნატივამ“ სოფელ ხევში არსებული შესაძლო საფრთხეების შესახებ პირველი შეტყობინება გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტს 2023 წლის 26 დეკემბერს გაუგზავნა.

მათგან პასუხი „მწვანე ალტერნატივამ“ 2024 წლის ივნისში მიიღო. ამ წერილის მიხედვით, ჩუმათელეთი-ხევის მშენებელი კომპანია – „ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი“ ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტზე 30 ათასი ლარით დაჯარიმდა.

მსოფლიო ბანკმა გვაცნობა, რომ უახლოეს პერიოდში ხევის ტერიტორიაზე არსებული სანაყარო უნდა დაიხუროს.

„მწვანე ალტერნატივამ“ სოფელ ხევში არსებული საფრთხეების შესახებ წერილობით სხვა უწყებებსაც მიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ჩვენი შეტყობინება საავტომობილო გზების დეპარტამენტს გადაუგზავნა – ანუ იმ უწყებას, რომლის საქმიანობის მონიტორინგიც თავად ევალება.

განათლების სამინისტრომაც საავტომობილო გზების დეპარტამენტს სთხოვა მშენებელ კომპანიასთან შუამდგომლობა ხევის სკოლისთვის გალავნისა და ჯებირების შემოსავლებად“, – ამბობს „მწვანე ალტერნატივას“ ადგილობრივი თემების მხარდაჭერის კოორდინატორი მარიამ ფაცაცია.

რაშია გამოსავალი, „ჩემი ხარაგაულის“ ამ შეკითხვაზე მარიამ ფაცაცია გვპასუხობს, რომ მნიშვნელოვანია, ავტობანის მშენებელმა ზაფხულის მშრალი პერიოდი უსაფრთხოების ზომებისთვის გამოიყენოს.

„აუცილებელია ჩატარდეს უსაფრთხოების აუდიტი, – ამბობს მარიამ ფაცაცია, -ავტობანის მიმდებარე ტერიტორიებზე ოცამდე სანაყაროა, რომლებიც ძალიან მოწყვლად ადგილებში მდებარეობს. ამიტომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ერთიანი მიდგომა და კვლევაა საჭირო, რისკების დასადგენად და გამოსავლის მოსაძებნად“.

ხევის საჯარო სკოლის დირექტორი გვანცა ხადილაშვილი ამბობს, რომ მდინარის მხრიდან სკოლას საფრთხე აღარ ემუქრება. მისი თქმით, 2024 წლის შემოდგომაზე მშენებელმა კომპანიამ ბეტონის 4-მეტრიანი კედელი ააშენა. თავად ამ კედლის საძირკველი კი 3 მეტრი სიღრმისაა. „მდინარე რიკოთულას ადიდების შემთხვევაში, იმის საფრთხე, რომ სკოლის ეზო დაიტბორება, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, – ამბობს გვანცა ხადილაშვილი, – დიდი ბრძოლა დაგვჭირდა ავტობანის მშენებელთან ამ დამცავი კედლის ასაშენებლად“.

ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე ამბობს, რომ მდინარე მეჩხეთურას კალაპოტის სანაყაროთი ამოვსება საშიშია. მისი ინფორმაციით, ავტობანის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას რამდენჯერმე შეხვდნენ  და დაჰპირდნენ, რომ დაგუბებული წყლისთვის მიმართულების მისაცემად სპეციალურ არხს გაჭრიან. თუმცა, ამ დრომდე პრობლემა არ მოგვარებულა.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: სანაყარო ვერტყვიჭალაში, მდინარე მეჩხეთურაში