30 მარტი ექიმთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ექიმ ირინა ბიბიჩაძეს ვესაუბრებით.

ირინა ბიბიჩაძემ ქუთაისის პირველი კლასიკური გიმნაზიის შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი დაამთავრა. ხარაგაულის რაიონში მუშაობა 1987 წლიდან დაიწყო.

„ხარაგაულის რაიონული საავადმყოფოს მაშინდელმა მთავარმა ექიმმა იური ბერაძემ  ჯერ ზვარის საექიმო ამბულატორიის ექიმად დამნიშნა, შემდეგ ღორეშაში გამაგზავნა სამუშაოდ.

დაოჯახების შემდეგ საცხოვრებლად ხარაგაულში გადმოვედი. ვმუშაობდი ბავშვთა კაბინეტის ექიმად, ინფექციურ განყოფილებაში პედიატრად. შემდეგ ოფთალმოლოგიასა და ნევროლოგიაში ავიმაღლე კვალიფიკაცია. ამჟამად ხარაგაულის საავადმყოფოში ოფთალმოლოგად და ნევროლოგად ვმუშაობ.

2005 წლიდან სასწრაფოში, ხოლო 2019 წლიდან ფარცხნალის ამბულატორიის ექიმი ვარ.

წლების შემდეგ უფრო აფასებ იმ პიროვნებებს, რომლებმაც შენს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულეს. ასეთი იყო ბატონი იური ბერაძე, ძალიან დისციპლინირებული და ნამდვილი პროფესიონალი.

ბევრი არაჩვეულებრივი ექიმი მუშაობდა იმ დროს ხარაგაულის საავადმყოფოში: ლიანა თარგამაძე, ჩემი მეუღლე – საუკეთესო ექიმი და ადამიანი ზაურ ჭუმბურიძე, სტეფანე დევდარიანი, ლოლა გურგენიძე, მერი ჩიკვაიძე, მერი გოგიჩაძე და სხვები.

ახლაც საუკეთესო ექიმები მუშაობენ ხარაგაულის საავადმყოფოში. აზა ფურცელაძე არაჩვეულებრივი პროფესიონალია, ნანი არევაძე საუკეთესო პედიატრი, ქეთევან აბრამიშვილი, – საუკეთესო ექიმი და კოლეგა“, -ამბობს ირინა ექიმი.

ირინა ექიმს კარგად ახსოვს პირველი პაციენტი ქუთაისის საავადმყოფოში, რომელსაც კოლეგებთან ერთად უმკურნალა და გამოაჯანმრთელა. ამბობს, რომ გამოცდილი კოლეგებისგან ბევრი რამ ისწავლა.

„უმაღლეს სასწავლებელში პროფესიის საფუძვლებს სწავლობ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პრაქტიკული მუშაობის პროცესში გიყალიბდება ჩვევები და ინტუიციაც გეხმარება. ჩვენ დღემდე ვსწავლობთ, სისტემატურად ვეცნობით სიახლეებს და ვაბარებთ გამოცდებს. განვითარება ყველა პროფესიის წარმომადგენელს სჭირდება, განსაკუთრებით ექიმებს.

დღეს პაციენტის გამოჯანმრთელების მეტი შესაძლებლობაა, ვიდრე ადრე. ტექნოლოგიების განვითარება გეხმარება, ადამიანს დიაგნოზი მარტივად დაუსვა და შემდეგ უმკურნალო.

დღემდე ძველი, საბჭოთა დროინდელი იარაღებით ვმუშაობ. კი ბატონო, იგივეს ვაკეთებ, რასაც თანამედროვე ახალგაზრდა ექიმები, მაგრამ მათ გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვთ. აუცილებელია ყველა საავადმყოფოში ხელმისაწვდომი იყოს თანამედროვე, ახალი აპარატურა. ალბათ ჯანდაცვის სისტემის მთავარი გამოწვევა ესაა“,  – ამბობს ირინა ექიმი.

ყველაზე ხშირად სოფლის ამბულატორიაში პაციენტები არტერიული ჰიპერტენზიით მიმართავენ. ასევე ხშირია სახსრების ტკივილი, თავბრუსხვევები, ასაკობრივი დაავადებები.

ირინა ექიმი ცდილობს, ყველა მათგანს პროფესიონალურად და ადამიანურად დაეხმაროს. ამბობს, რომ ძალიან საჭირო სახელმწიფო პროგრამაა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტების უფასოდ მიწოდება. ასევე აუცილებელია, რომ სოფლის ექიმებს სახელმწიფო ტრანსპორტირებაში დაეხმაროს.

„პაციენტს, სანამ ძალიან არ შეწუხებს ჩივილი ან ტკივილი, ექიმთან არ მოდის, – ამბობს ირინა ბიბიჩაძე, – პრევენციას უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, ვიდრე დაავადების მკურნალობას და ეს უკეთეს შედეგს გამოიღებს. აუცილებელია, ადამიანებს ამაზე ხშირად და ბევრი ვესაუბროთ. საინფორმაციო კამპანიები უნდა ჩატარდეს.

ჩემი მეუღლის, ექიმ ზაურ ჭუმბურიძისგან ძალიან ბევრი ვისწავლე; პირველ რიგში, დამოკიდებულება პაციენტის მიმართ. ადრე მორიგე ექიმებს, არასამუშაო დროს, სტაციონარში სახლიდან იძახებდნენ. ზაური ღამეში ორჯერ, სამჯერ ამდგარა და წასულა ისე, რომ ერთი საყვედური არ წამოცდენია. ძალიან გულისხმიერი პიროვნება იყო.

პაციენტი უნდა გიყვარდეს და როგორც ახლობელს, ისე უნდა მოეპყრო. არ უნდა დაძაბო, ოჯახის წევრივით უნდა მიეხმარო. სიყვარული უნდა გქონდეს პაციენტის,  ზოგადად ადამიანის და შენი პროფესიის მიმართ.

ყველა კოლეგას ვულოცავ ექიმის საერთაშორისო დღეს. ვუსურვებ, რომ დიდხანს ემსახურონ თავიანთ პაციენტებს, ჰქონდეთ დაფასება და ბევრი მადლიერი პაციენტი ჰყავდეთ. ჯობია ვიმუშაოთ პრევენციაზე, ვიდრე დაავადებებზე.

ამ წლების განმავლობაში, რაც ხარაგაულში ვცხოვრობ, მუდმივად სიყვარულს ვგრძნობ. ძალიან დიდი სიყვარული და თანადგომა შეუძლიათ ხარაგაულელებს და ამას ძალიან ვაფასებ. მადლობა ხარაგაულელებს“.

თამთა გოგოლაძე