კლიმატის ცვლილება შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ბუნებრივი პროცესების, ასევე გარე ზემოქმედებების შედეგად. ეკონომიკური საქმიანობა და რესურსების ინტენსიურად გამოყენება კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი სერიოზული მიზეზია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის წინაველას უბანი მეწყერსაშიშ ზონაშია. ვარძიაში მერის წარმომადგენელი მზექალა გლუნჩაძე ამბობს, რომ ამ უბანს გეოლოგები 1989 წლიდან აკვირდებოდნენ, როცა მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ახლა ამ უბნის ყველა ოჯახი სხვა, გეოლოგიურად მდგრად უბნებში, საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილებულია. თუმცა რამდენიმე მათგანი, მაინც ძველ სახლში ცხოვრობს.
რა პრევენციული ზომების მიღება შეუძლიათ ადგილობრივ თვითმმართველობებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესარბილებლად, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.
აღმოჩნდა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას საგანგებო მართვისა და საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმები არ შეუმუშავებია.
ეს გეგმები ზემო იმერეთის ოთხი მუნიციპალიტეტიდან (საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი, ხარაგაული) მხოლოდ საჩხერის მუნიციპალიტეტს აქვს. ეს ინფორმაცია ამ მუნიციპალიტეტების მერიის ადმინისტრაციული სამსახურებიდან მოვიპოვეთ.
მუნიციპალიტეტებს კლიმატის ცვლილების ადაპტაციის გეგმა რომ შემუშავებული უნდა ჰქონდეთ, ამის შესახებ „ჩემი ხარაგაული“ ჯერ კიდევ 2013 წელს წერდა.
საგანგებო მართვისა და საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმების ვალდებულება კი მუნიციპალიტეტებს 2017 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობის #452 და #453 დადგენილებებით დაეკისრა.
„საგანგებო მართვის გეგმა არ გვაქვს, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – კლიმატის ცვლილების საკითხი დღის წესრიგში აქტიურად ახლა დადგა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნოემბრის ბოლოს გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მონაწილეობდა. ალბათ ახალი მესიჯები და მიდგომები სახელმწიფოს ექნება და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.
ჩვენ, ძირითადად, შედეგებზე ვრეაგირებთ. რა თქმა უნდა, უმჯობესია, პრევენციული ღონისძიებები გავატაროთ. წინასწარ როცა განსაზღვრულია, რა შეიძლება მოხდეს ამა თუ იმ ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად, მასთან გამკლავება უფრო ადვილი და ეფექტურია.
ხარაგაულში მეწყერსაშიში ადგილების შესახებ ინფორმაცია გვაქვს. ასეთი ადგილები კიცხის ზონისა და ჩხერიმელას ხეობის სოფლებში უფრო მეტია, ვიდრე სხვა სოფლებში. რამდენიმე ლოკაცია განვსაზღვრეთ კიდეც, პრობლემები იყო და ვიმუშავეთ. მოლითის თემში, ბოლო პერიოდში, გზის გამაგრებითი სამუშაოები განხორციელდა.
საგანგებო მართვის გეგმის შემუშავებას მუნიციპალიტეტი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს. აქ სპეციალისტების, კერძოდ გეოლოგების, ჩართვა აუცილებელი იქნება.
ხარაგაულის თვითმმართველობაში მოქმედებს სოციალური პროგრამა და სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს ბინის ქირას ვუხდით. გეოლოგიის დეპარტამენტი როდესაც გვწერს, რომ კონკრეტული ადგილიდან ოჯახი სასწრაფოდ გასაყვანია, მაშინვე ვრეაგირებთ – მოქალაქე ან სხვა საცხოვრებელ სახლში გადაგვყავს, ან მისთვის ბინას ვქირაობთ.
ჩვენი ინიციატივითაც მიგვიმართავს გეოლოგებისთვის, რომ შეისწავლონ რისკსაშიში ზონები.
თვითმმართველობა მაინც მომხდარი კატაკლიზმების შემდეგ რეაგირებს. პრევენცია, რისკების წინასწარ განსაზღვრა და ღონისძიებების დაგეგმვა, აუცილებელია.
კონკრეტული ოჯახების საცხოვრებელი სახლების გარდა, კატაკლიზმების დროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურა ზიანდება. წყალდიდობები რომ თავიდან ავიცილოთ, მდინარეებში იმ ადგილებში, სადაც ამის საშიშროება არსებობს, ნაპირსამაგრები, ჯებირები უნდა მოვაწყოთ. ეს ყველაფერი ძალიან დიდ ფინანსურ სახსრებს მოითხოვს, რისი შესაძლებლობაც ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტს არ გააჩნია“.
ნინო კაპანაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება უწყვეტი პროცესია – ეკატერინე ბენდელიანი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი