საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი საკითხია კატასტროფების მართვისა და მათი თავიდან აცილების საქმეში.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს.
ამ ცენტრის მიზანია საჯარო განხილვების ორგანიზება და ასევე – გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობაზე ხელშეწყობა; გარემოსდაცვით და აგრარულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
„კლიმატის ცვლილება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი თემაა, – ამბობს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბენდელიანი, – გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩვენი ცენტრი, უკვე ოთხი წელია, კატასტროფების მართვის საკითხებზე, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმებზე სამიზნე მუნიციპალიტეტებში თვითმმართველობებთან და სათემო ორგანიზაციებთან მუშაობს.
„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ – ამ პროექტის ფარგლებში 13 მუნიციპალიტეტთან (გორი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, ლაგოდეხი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი) ვთანამშრომლობთ. მათი რიცხვი 2024 წლიდან გაიზრდება.
ახლახან სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შევხვდით და კატასტროფების რისკის მართვისა და შემცირების პროცესში მუნიციპალიტეტების როლისა და პასუხისმგებლობის საკითხებზე ვესაუბრეთ. საგანგებო სიტუაციების მუნიციპალური გეგმის არსებობა აუცილებელია.
მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა გააცნობიერონ საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა კატასტროფის რისკის მართვისა და შემცირების პროცესში, გამოკვეთონ ადგილობრივი საჭიროებები. პროექტის მიზანია, რომ გაძლიერდეს მოწყვლადი თემების მედეგობა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების მიმართ.
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების რუკების გამოყენების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ზვავის გამომწვევ მიზეზებსა და საფრთხის რუკების გამოყენების მნიშვნელობაზე.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების გარდა, საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმებსა და გარემოსდაცვით საკითხებზე საბავშვო ბაღებთან, სკოლებთან, უნივერსიტეტებთან ვთანამშრომლობთ.
ჩვენი ცენტრი საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, სკოლების მასწავლებლებს გარემოსდაცვით საკითხებზე ტრენინგებს უტარებს. 2026 წლიდან ვერც ერთი საბავშვო ბაღი ვერ გაივლის ავტორიზაციას, საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა თუ არ ექნება. ჩვენ მათ საინფორმაციო მასალებს ვაწვდით.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ცენტრის ჩართულობით, დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოებში გარემოსდაცვით საკითხებს დიდი ყურადღება ეთმობა. ამჯერად, ევროკავშირის მხარდაჭერით ამ თემების განხილვა უფროსკლასელებთანაც გაგრძელდება. პედაგოგებისთვის დაწესებული გვაქვს „მწვანე ჯილდო“.
დეფიციტური დარგების – გეოლოგიის, გარემოს დაცვის მენეჯმენტის სტუდენტებს გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, მათი აკადემიური მოსწრების მიხედვით, „მწვანე სტიპენდიას“ გადავცემთ. ეს სტიპენდია – 1500 ლარი – წელიწადში ერთხელ გაიცემა. გამორჩეული სტუდენტები სტაჟირებაზე აგვყავს და შემდგომში მათ დასაქმებასაც ხელს ვუწყობთ.
ასე რომ, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება უწყვეტი პროცესია“.
ნინო კაპანაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
თვითმმართველობა, ძირითადად, კატაკლიზმების შედეგებზე რეაგირებს – კობა ლურსმანაშვილი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი