„უდიდესი როლი გენიჭებათ თქვენ, ჟურნალისტებს, საზოგადოების ინფორმირების საქმეში.
მოსახლეობა უნდა მოემზადოს კლიმატის ცვლილებების ნეგატიური შედეგებისთვის. როგორმე უნდა შეიცვალოს ასეთი მიდგომები – ხომ ვიხდი ელექტროენერგიის საფასურს, ამიტომ რა პრობლემაა, ჩავრთავ შუქს მუდმივად. მნიშვნელოვანია თითოეული ენერგოეფექტური ნათურა. კლიმატის ცვლილების საკითხებზე უნდა ვწეროთ ბევრი და გამოვკვეთოთ ძირითადი პრობლემები,“ – გვითხრა სამეცნიერო-ჟურნალისტური ექსპედიციის მონაწილეებს პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტმა თამარ ბაგრატიამ.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ახორციელებს პროექტს „საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია.“ პროექტის ფარგლებში 21-23 დეკემბერს ბორჯომში, აბასთუმანსა და გორში მოეწყო სამეცნიერო-ჟურნალისტური ექსპედიცია.
„მეცნიერული პროგნოზის თანახმად, კლიმატის ცვლილების ამჟამინდელი ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, XXI საუკუნის ბოლოსთვის, გლობალური საშუალო ტემპერატურა გაიზრდება 1,4-5,8C-ით, ხოლო ზღვის დონე სავარაუდოდ აიწევს 9-დან 88 სანტიმეტრამდე 1990 წელთან შედარებით, რაც შესაბამისად გაამძაფრებს ბუნებრივ კატაკლიზმებს მთელს მსოფლიოში:
შეიცვლება და გადაგვარდება ეკოსისტემები,ზოგიერთი მათგანი საერთოდ გაქრება, შეიცვლება ცხოველთა, მცენარეთა სახეობების გავრცელების არე,“ – ამბობს თამარ ბაგრატია. მისივე თქმით, კლიმატის ცვლილებების მხრივ საქართველოში ყველაზე მგრძნობიარე ზონაა ზღვისპირა ქალაქები, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი და ქვემო სვანეთი.
როგორც პროგრამაში ვკითხულობთ, 1985-2000 წლებში ცენტრალური კავკასიონის მყინვართა შესწავლამ აჩვენა, რომ ამ წლებში მყინვართა უკან დახევის საშუალო სიჩქარემ 8 მ/წელი შეადგინა, ხოლო მყინვართა ფართობმა 6-9%-ით დაიკლო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში მყინვარის უკან დახევის ტემპმა მნიშვნელოვნად მოიმატა.
2050 წლისათვის ტემპერატურის მოსალოდნელმა მატებამ შეიძლება გამოიწვიოს ქვემო სვანეთის მყინვარების სრული გაქრობა, ღვარცოფების ორჯერადი მატება, გვალვების გამოვლენის (+17%) და ხანგრძლივობის (+38%) მატება, პარაზიტებისა და დაავადებების გავრცელება ტყეებში, რომლებიც ტერიტორიის 60 %-ს ფარავს და მყინვარების 25% -იანი კლება (1.2 კმ3 -დან 0.8კმ3 -მდე).
„პროგრამის ზოგადი მიზანია საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაციის გზით, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება,- ამბობს თამარ ბაგრატია, – უფრო კონკრეტულად კი, მუნიციპალიტეტებში უნდა შეიქმნას სტრუქტურა, რომელსაც ექნება კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის გეგმა.
ამ გეგმაში უნდა აისახოს გარემოსდაცვითი, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხები ექსპერტული ცოდნის მობილიზაციის გზით. ამ მიზნით ჩვენ 2012 წლის აპრილიდან ვთანამშრომლობთ 65 მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ეს გახლავთ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინების დანერგვის პირველი მცდელობა.“
ნინო კაპანაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი