თანამედროვე მსოფლიოში პლასტმასის ნარჩენები და მათ დაშლასთან დაკავშირებული პრობლემები ერთ-ერთ უმთავრეს ეკოლოგიურ გამოწვევად რჩება. სინთეტიკური შეფუთვებისა და ნივთების ფართომასშტაბიანი წარმოება მსოფლიოში 1950-იან წლებში დაიწყო და დღეს ასეთი ნივთების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.
სწორედ პლასტმასის ნარჩენების მართვის თემას მიეძღვნა კიცხის საჯარო სკოლაში ღონისძიება, რომელიც ამ სკოლის ეკოკლუბის „მწვანე ხელები“ და მისი ხელმძღვანელის, ელისო არჯევანიძის, ორგანიზებით გაიმართა.
ეს ღონისძიება ხიდრისა და ვარძიის ეკოკლუბებთან თანამშრომლობით ჩატარდა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და ვიდეო რგოლები, რომელიც მსოფლიოში პლასტმასის გამოყენებასა და მის მავნე თვისებებზე გვამცნობდნენ.
„დღემდე კაცობრიობამ 8,3 მილიარდი მეტრული ტონა პლასტმასა შექმნა, საიდანაც 6,3 მილიარდი მეტრული ტონა უკვე ნარჩენად იქცა. მისი მხოლოდ 9% გადამუშავდა, ხოლო 12% დაიწვა. დარჩენილი 79% ნაგავსაყრელებსა და ბუნებრივ გარემოშია დაგროვებული, რითაც ეკოსისტემას საფრთხეს უქმნის.
ბოლო რამდენიმე ათწლეულში პლასტმასის გადამუშავების კულტურის ზრდის მიუხედავად, გასულ წელს ნარჩენების მხოლოდ 7% გადაიქცა ახალ ბოთლებად. ეს განპირობებულია იმით, რომ მომხმარებლებს მხოლოდ პირველადი წარმოების ბოთლების გამოყენება სურთ.
გამოყენებული ბოთლების უმეტესობა ნაგავსაყრელზე ან ოკეანეში ხვდება და 2050 წლისთვის პლასტმასის ნარჩენები, სავარაუდოდ, გადაწონის ზღვებსა და ოკეანეებში ბინადარ თევზებს.
ნაგავსაყრელებზე მსგავსი ნარჩენები რამდენიმე ფენად გროვდება, რის გამოც იქამდე მზის სხივებიც ვერ აღწევს, რაც დაშლას შეუწყობდა ხელს. შედეგად, ბუნებაში მავნე ნივთიერებები და სათბურის აირები გამოიყოფა. შესაძლოა, მან გარემოში მეთანიც გამოყოს, რომელიც სათბურის აირია და კლიმატის ცვლილებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. პლასტმასის ნაწილი ნაწევრდება და ჰაერში, ხმელეთსა თუ წყალში მცირე ზომის ნაწილაკების სახით იფანტება. ასეთ მატერიას მიკროპლასტამასა ეწოდება.
მიკროპლასტმასა ადამიანის ტვინში, ფილტვებში, სისხლში, გულში, პლანცეტასა და დედის რძეშია აღმოჩენილი. კვლევის თანახმად, ჩვენს სხეულში ყოველკვირა საშუალოდ 5 გრ. პლასტმასა ხვდება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სხვადასხვა გზით ჩაედინება; მაგალითად, თუ დღეში რეკომენდებულ 1,5-დან 2 ლიტრამდე წყალს პლასტმასის ბოთლიდან სვამთ, ამით წელიწადში დაახლოებით 90 000 მსგავს ნაწილაკს იღებთ. ონკანის წყლის მოხმარების შემთხვევაში, აღნიშნული რაოდენობა 50 000-ით მცირდება.
პლასტმასის უმეტესობის დაშლა ვერ ხდება, რადგან ისეთ ნაერთებს შეიცავს, რომლებსაც ბაქტერიები და მიკრობები ვერ შთანთქავენ. ამიტომ გარემოში ძალიან დიდხანს ნარჩუნდება;
მაგალითად, სიგარეტის ფილტრის დაშლას 5 წელი სჭირდება, პოლიეთილენის პარკის – 20 წელი, ბავშვის საფენის – 500 წელი, ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭელს – 1000 წელი.
პლასტმასის დაშლა ძალიან ხანგრძლივი პროცესია. ამიტომ, მსოფლიოში მათი ეკოლოგიურად სუფთა მასალებით ჩანაცვლებაა საჭირო, რომ გარემოს დაბინძურება ამ ტემპით აღარ გაგრძელდეს“.
კიცხისა და ვარძიის სკოლების ქიმიის პედაგოგი და კიცხის სკოლის ეკოკლუბის „მწვანე ხელები“ ხელმძღვანელი ელისო არჯევანიძე ამბობს, „ორგანიზაცია CENN, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ახორციელებს კამპანიას „შეაჩერე პლასტმასა“, ასევე კიცხის საჯარო სკოლა ჩართულია ეკოსკოლების პროგრამაში – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, რომელიც კლიმატის ცვლილებაზე ცნობიერების ამაღლების კუთხით მუშაობს.
„წელს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის პრიორიტეტი კლიმატის ცვლილებაა. იმის გამო, რომ პლასტმასით გარემოს დაბინძურება კლიმატის ცვლილებაზეც მოქმედებს, გადავწყვიტე ამ თემაზე ღონისძიების მომზადება.
ღონისძიების ფარგლებში სკოლაში მოეწყო მეორადი პლასტმასით დამზადებული ნივთებისა და ნაჭრის ჩანთების გამოფენა. ამ გამოფენისთვის ნივთები ასევე დაამზადეს ვარძიისა და ხიდრის სკოლების ეკოკლუბები.
მსგავსი აქტივობებით გვინდა ნაბიჯ-ნაბიჯ ავამაღლოთ მოსახლეობის ცნობიერება, თუ რა ზიანი მოაქვს პლასტმასის გამოყენებას მათი ჯანმრთელობისა და ასევე გარემოსათვის. არ შეიძლება პლასტმასის ნივთების გარემოში გადაგდება. ასევე არ შეიძლება მისი მეორადად გამოყენება. არსებობენ ოჯახები, სოფლებში, სადაც პლასტმასის ბოთლებს ინახავენ და მათ მეორადად იყენებენ. ეს დაუშვებელია.
ღონისძიების დევიზია „ჩვენ ერთად შევცვლით სამყაროს“ და ჩვენი დიდი სურვილია, ხელი შევუწყოთ პლასტმასის მოხმარების შემცირებას ჩვენს რეგიონში“, – ამბობს ელისო არჯევანიძე.
„მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რომ არ დააბინძუროს ნარჩენებით თავისი საარსებო გარემო და არ დაყაროს ნარჩენები. შეგვიძლია ჩვენს მიერ მოხმარებული პროდუქტები გადავამუშაოთ და ხელმეორედ გამოვიყენოთ. ამ აქტივობებით ვეხმარებით დედამიწას, რაც ჩვენი მომავალი ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესია, – მიაჩნია კიცხის სკოლის ეკოკლუბის „მწვანე ხელები“ წევრს შოთა ზვიადაძეს.
კიცხის საჯარო სკოლა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში 2015 წლიდან ჩაერთო და პროექტის ფარგლებში უკვე მრავალ წარმატებას მიაღწია. 2019 წელს სკოლა „CENN-ის რჩეული“ გახდა, 2020 წელს „მწვანე ხელების“ ეკოსპიკერი შოთა ზვიადაძე „საუკეთესო ეკოსპიკერად“ დასახელდა, ხოლო 2021 წელს სკოლა ექვსი ათასი ლარით დაჯილდოვდა და სკოლის ეზოსათვის მაგიდები და სკამები შეიძინეს. სხვადასხვა დროს პროექტში აქტიური ჩართულობისათვის ეკოკლუბის „მწვანე ხელების“ წევრები ვაუჩერებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
თამთა გოგოლაძე
ფოტოებზე: ელისო არჯევანიძე; კიცხის სკოლის ეკოკლუბის „მწვანე ხელები“ წევრები და პლასტმასის ბოთლებისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთები გამოფენაზე
სტატია მომზადებულია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის – „გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD) საქართველოში.
აღნიშნულ მასალაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლებელია, არ ასახავდეს გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მოსაზრებებს.
ამავე თემაზე
რა იცის და რას ფიქრობს ზემო იმერეთის მოსახლეობა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი