კლიმატის ცვლილება დღეს ფაქტია და ამაზე არავინ დავობს. ამ გლობალური პრობლემის შესარბილებლად ევროკავშირის ერთ-ერთი ინიციატივა „მერების შეთანხმებაა“. ამ შეთანხმებაზე ხელმომწერი თვითმმართველობები ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას, განახორციელონ ევროკავშირის კლიმატური და ენერგეტიკული ამოცანები.

„გასულ საუკუნეში უფრო ნაკლები წყალდიდობები იყო, ვიდრე ახლა, – ამბობს გიორგი აბულაშვილი, – „მერების შეთანხმების ექსპერტი“ საქართველოში, – სეზონები თანადათან იცვლება – გამძაფრდა და გახშირდა გვალვის ხანგრძლივობა, სეტყვა, სტიქიური მოვლენები. ეს აისახება სოფლის მეურნეობაზე, ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

კლიმატურ პრობლემებს სრულად ვერ შევაჩერებთ, თუმცა, სხვადასხვა ღონისძიებებით ზიანი უნდა შევამციროთ.

კლიმატის ცვლილების განმაპირობებელი ენერგეტიკული პროცესები – წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავება, ავტომობილების გამონაბოლქვი, ხე-ტყის არამართლზომიერი მოპოვება – მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მიმდინარეობს.

მაგალითად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სასტუმრო ან კვების ობიექტი ადგილზე გამოიმუშავებს ენერგიას, იქვე გამოიყოფა ნახშირორჟანგი, ბინძურდება წყალი და სხვ. ამიტომ კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებებში მთავარი როლი მუნიციპალიტეტებს ეკუთვნით.

„მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის“ ამ პროცესში სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაძლიერებას გულისხმობს. მერების ამ შეთანხმებაზე საქართველოდან ხელმომწერია 33 მუნიციპალიტეტი.

შეთანხმების ვალდებულებები:

  • ნახშირორჟანგისა და სხვა სათბურის გაზების გაფრქვევის შემცირება 40%-ით, 2030 წლისთვის;
  • კლიმატის ცვლილების ზემოქმედებასთან ადაპტაცია;
  • ადგილობრივი სამოქმედო გეგმების შემუშავება და მათ შესრულებაზე ანგარიშგება.

ათმა ქალაქმა შეიმუშავა და დაამტკიცა „მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა“. ეს ქალაქებია – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი, რუსთავი, ბოლნისი, ზუგდიდი, თელავი, მცხეთა, ახალციხე.

2025 წლისთვის „მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა“ შეიმუშავა 14-მა მუნიციპალიტეტმა: ონი, სენაკი, დედოფლისწყარო, ფოთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი, ოზურგეთი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი, გურჯაანი, ბაღდათი, თბილისი, მცხეთა. მათგან 11-მა ეს გეგმები უკვე დაამტკიცა. უახლოეს ხანში გეგმავენ ამ გეგმების დამტკიცებას სიღნაღის, გურჯაანისა და თბილისის მუნიციპალიტეტები.

როგორ უნდა იმოქმედონ მუნიციპალიტეტებმა – მას შემდეგ, რაც სამოქმედო გეგმები შემუშავდება და დამტკიცდება, უნდა განისაზღვროს პასუხისმგებელი პირები.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია მონაცემების შეგროვება, – რამდენ ენერგიას მოიხმარს მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სექტორში (მაგ., ტრანსპორტი, შენობები, სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა). შედეგად, რამდენი CO₂ ან სხვა სათბურის აირი გამოიყოფა. ამისთვის ვირჩევთ ერთ კონკრეტულ წელს, რომლის მონაცემებსაც გამოვიყენებთ საწყის წერტილად. ვადგენთ, რა რაოდენობის ენერგია (კვტ) მოიხმარა თითოეულმა სექტორმა იმ წელს. ამის საფუძველზე ვითვლით, რამდენი სათბურის ემისია (ტონა) წარმოიქმნა.

ამის შემდეგ მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი რესურსების გათვალისწინებით, დაგეგმავს შემარბილებელ ღონისძიებებს.

მაგალითად, ტრანსპორტის სფეროში ხელი უნდა შეეწყოს ჰიბრიდული და ელექტრო ავტობუსების შემოყვანას, მარშუტების დაგეგმვა-ოპტიმიზაციას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას;

მუნიციპალურ შენობებში უნდა დაინერგოს შიდა/გარე დათბუნება, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ენერგოეფექტური სისტემები; განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები – მზის, ქარის, ბიომასის.

ძალიან მნიშვნელოვანია ქუჩების, სკვერების, შენობების გარე განათების გადაყვანა ენერგოეფექტურ (LED) განათებაზე, სარეკრეაციო ზონების გამწვანება, მუნიციპალური ნარჩენების მართვა, საბავშვო ბაღებში მზის კოლექტორების/პანელების დაყენეა.

„მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის“ განხორციელების სრული ანგარიში თვითმმართველობამ ფართო საზოგადოებას 4 წელიწადში ერთხელ უნდა წარუდგინოს“, – ამბობს გიორგი აბულაშვილი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი „მერების შეთანხმების“ ხელმომწერი არაა. თუმცა, ხარაგაულში ალტერნატიული ენერგიის გამოყენების კარგი პრაქტიკა გვაქვს.

მზის განახლებად ენერგიას, მეხუთე წელია, მოიხმარს ხარაგაულის სასულიერო სკოლა-გიმნაზია. სკოლა-გიმნაზიისგან მოხმარებული ელექტროენერგიის 90%-ს შენობის სახურავზე განთავსებული მზის პანელები გამოიმუშავებენ.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ (დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე) ხელშეწყობით, 2020 წელს ხარაგაულის #1, ბორითის, კიცხის, წყალაფორეთისა და ვარძიის საბავშვო ბაღების, ხოლო 2023 წელს „სათნოების სახლის“ სახურავებზე მზის პანელები დამონტაჟდა. ელექტროენერგიის საფასურს, „სათნოების სახლი“ საერთოდ აღარ იხდის, ხოლო საბავშვო ბაღების გაერთიანებას წლიურად დენის გადასახადში 8 ათას ლარამდე თანხა ეზოგება.

ნინო კაპანაძე

„მერების შეთანხმების“ შესახებ ინფორმაციის მიღება საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის მიერ ჟურნალისტებისთვის ორგანიზებული სემინარის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

ამავე თემაზე

ქარის ელექტროსადგური ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელია