„ამინდი და კლიმატი – რა განსხვავებაა ამ ორ ტერმინს შორის?! თუ ჩვენ ვსაუბრობთ დღის, კვირის ან თვის პროგნოზზე, ჩვენ ვსაუბრობთ ამინდზე; ხოლო კლიმატი – ეს არის ამინდის გასაშუალებული მაჩვენებელი, რომელიც 30-წლიანი პერიოდისათვის არის დამახასიათებელი კონკრეტული გეოგრაფიული არეალისათვის.
კლიმატის ცვლილება გულისხმობს იმას, რომ ამ გრძელვადიან პერიოდებში ინტენსიური ხდება ისეთი მეტეოროლოგიური მოვლენები, რომლებიც არ იყო აქამდე ამ გეოგრაფიული არეალისთვის დამახასიათებელი და შესაბამისად ხდება ცვლილებები, არა მხოლოდ ბუნებრივი კატასტროფებისა და მათი სიხშირის გაზრდის თვალსაზრისით, არამედ – ასევე სხვა თანმდევ პროცესებზე“, – ამბობს გიორგი მუხიგულიშვილი, მკვლევარი კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის საკითხებში.
რა იცის და რას ფიქრობს ზემო იმერეთის მოსახლეობა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, – ამის გასარკვევად რამდენიმე რესპონდენტს გავესაუბრეთ.
შოთა ზვიადაძე, კიცხის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე: – ვფიქრობ, კლიმატის ცვლილებას, სამწუხაროდ, ადამიანი უწყობს ხელს. მყინვარების დნობა და ზღვებსა და ოკეანეებში წყლის დონის მომატება სწორედ კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია. ეს პროცესები კი მოსახლეობას დიდ საფრთხეს უქმნის. იტბორება ის ადგილები, სადაც წინათ ადამიანები ცხოვრობდნენ ან სხვადასხვა საქმიანობას ეწეოდნენ.
კლიმატის ცვლილებითაა განპირობებული ზაფხულობით ჰაერის ტემპერატურის მატება. ზოგიერთ რეგიონში სიცხე გაუსაძლისიც კი ხდება. ტემპერატურის მატება ჩემს სოფელში მოსახლეობას ხელს უშლის სოფლის მეურნეობის განვითარებაში. კიცხში ჰაერის მაღალი ტემპერატურა მიწის გამოფიტვასა და გამოშრობას იწვევს. მიწა აღარ არის ისეთივე მოსავლიანი, როგორიც ადრე იყო.
ქეთევან ჩუბინიძე, ზესტაფონში მცხოვრები: – სოფელი მაქვს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედა საზანოში. ჩემს სოფელში, ძირითადად, სიმინდი, ლობიო და ვაზი ხარობს. დაახლოებით ათი წლის წინ მოსავალი უფრო უხვი იყო, ვიდრე დღესაა. ეს, მოსახლეობის აზრით, განაპირობებულია იმით, რომ თავის დროზე აღარ მოდის თოვლი და წვიმა.
ზაფხულში კიდევ ისეთი გვალვებია, ჰაერის ტემპერატურა ზოგჯერ 40 გრადუსს აღწევს. იმ პერიოდში, როცა სიმინდი ტაროს იკეთებს, მას ნიადაგიდან წყალი აღარ მიეწოდება და შესაბამისად, მოსავალიც ნაკლებია. ზოგიერთი მაცხოვრებელი ჩემს სოფელში ე.წ. ჰიბრიდული ჯიშის კულტურების მოყვანაზე გადავიდა, ვონაიდან გვალვებს უფრო კარგად უძლებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსავალი მაინც ძალიან მცირეა.
ზაფხულობით ძალიან იკლებს წყალი, ზოგიერთი წყარო კი საერთოდ შრება. ადრე, ჩემს ბავშვობაში, მდინარეზე, სადაც საბანაოდ დავდიოდით, ახლა წყალი ძალიან დაკლებულია. თუ სოფელში მოსავალი არ მოვიდა, იქ მაცხოვრებელი იძულებულია, სამსახურის საძებრად ქალაქში ან საზღვარგარეთ წავიდეს და ოჯახი ასეთნაირად არჩინოს.
თამარ წერეთელი, კიცხში მცხოვრები: – კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემაა და ამის შესახებ ბევრი ინფორმაცია გვაქვს. განსაკუთრებით საყურადღებოა გლობალური დათბობა, რაც ხელს უშლის ნიადაგის ნაყოფიერებას. ამას ემატება სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებებით გარემოს დაბინძურება. ვფიქრობ, ადრინდელთან შედარებით, მოსახლეობის ცნობიერება ამაღლდა იმის შესახებ, რომ გამხმარი ფოთლები და ტოტები აღარ უნდა დაწვას, რადგან ამ დროს გარემოში ნახშირორჟანგი მატულობს.
ბოლო პერიოდში ძალიან გაუჭირდა ხეხილს, – გარდა იმისა, რომ უხვ მოსავალს აღარ გვაძლევს, ახალმა ნერგებმაც კი ხმობა დაიწყეს. ეს, ვფიქრობ, ნიადაგის ტენიანობის ნაკლებობამ, კლიმატის ცვლილებამ განაპირობა.
რა შეცვალა კლიმატის ცვლილებამ ქალების ცხოვრებაში, ეს რთული სათქმელია. თუმცა, ფაქტია, რომ, მათ ვინც სოფელში მოსავლის მოყვანით ირჩენს თავს, უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდებათ, რომ მოსავალი მიიღონ. ზაფხულობით სოფელში სასმელი წყლის პრობლემა გვაქვს. ოჯახები ხშირად იმარაგებენ წყალს, რომ როგორმე ბოსტანი გადაარჩინონ გვალვას და ელემენტარული მწვანილით მაინც უზრუნველყონ ოჯახი. დღეს მოსავლის მოყვანას გაათმაგებული შრომა სჭირდება, თუმცა მოსავლის რაოდენობა და ხარისხი მაინც ნაკლებია.
ვფიქრობ, ზოგადად, გაუარესებულია ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა. კლიმატის ცვლილების გამო ტემპერატურა არასტაბილურია, თითქოს ამინდის სეზონური ცვალებადობა და წელიწადის ოთხი დრო აღარ არის, სამ სეზონზე გადავედით. გაზაფხულზე უცებ ძალიან დაცხება, შემოდგომაზე კი უცებ აცივდება. ტემპერატურის ასეთი მკვეთრი ცვლილება კი, როგორც შუა ხნის ქალები ამბობენ, არტერულ წნევაზე ძალიან მოქმედებს. საგრძნობლად მომატებულია გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებებიც.
მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს სოფელში ბავშვები განსაკუთრებით ცდილობენ მოუარონ გარემოს, ხშირად ამახვილებენ ყურადღებას პლასტმასით გარემოს დაბინძურებაზე. ბევრჯერ დამინახავს, ჩვენი მოსწავლეები როგორ აგროვებენ ამ ნარჩენებს და ურნაში ათავსებენ.
ხშირია ხოლმე შენიშვნები ჩემს ოჯახშიც – „ფოთლები არ დავწვათ, დედა. ეს არის ნეშომპალა, რომელიც ნიადაგს გაანაყოფიერებს“. ბავშვებისა და მოზარდების ასეთი დამოკიდებულება ძალიან მისასალმებელია. მიხარია, რომ ჩვენი მომავალი თაობა ერთიანი ძალებით უფრთხილდება გარემოს და ეს პროცესი სამომავლოდ ძნელად, მაგრამ მაინც შეჩერდება. ამისათვის მსოფლიოში უკვე ბევრი ადამიანი იბრძვის.
თამთა გოგოლაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
გარემოში პლასტმასის დაგროვებით სათბური აირები გამოიყოფა, რაც კლიმატის ცვლილებაზე ახდენს გავლენას
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი