ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს მიმართავს:

„პრემიერ-მინისტრო კობახიძე, საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. იგივე ეხება ეუთოს მონაწილე ყველა სახელმწიფოს.

იმისთვის, რომ ხალხმა თავისი უფლება განახორციელოს, სჭირდებათ გამოხატვის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პოლიტიკური ალტერნატივებით, რომელთა შორისაც ისინი არჩევანს გააკეთებენ.

ჰელსინკის დასკვნითი აქტი (1975): [მონაწილე სახელმწიფოები] იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ და წაახალისონ სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური განხორციელება თითოეული ადამიანისთვის.

მონაწილე სახელმწიფოები ადასტურებენ, რომ ეს უფლებები და თავისუფლებები ადამიანის პიროვნების თანდაყოლილი ღირსებიდან გამომდინარეობს და აუცილებელია თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებების განვითარებისთვის.

ამ სულისკვეთებით, როგორც ეუთოს თავმჯდომარე, აღნიშნული დოკუმენტის გაფორმებიდან 50 წლის თავზე, გიწვევთ ფინეთში, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და დააკვირდით თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას.

P.S. ბოდიში, დატვირთული გრაფიკის გამო თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება მომიწია“.  – დაწერა X-ზე ელინა ვალტონენმა.

ეს განცხადება ელინა ვალტონენმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი სიცრუეში დაადანაშაულა მასთან დაგეგმილი ვიზიტის გაუქმების გამო.

გუშინ, 15 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეუთოს თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი „უცხოელ აგენტად“ მოიხსენია. მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე მისვლის გამო, ვალტონენთან შეხვედრა გააუქმეს.

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან გავრცელებული ინფორმაციით, სინამდვილეში ვალტონენმა გააუქმა კობახიძესთან დაგეგმილი შეხვედრა განრიგში შესული ცვლილებების გამო და ამის შესახებ ქართულ მხარეს აცნობა.