ერთ თვეზე მეტია, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული“ მიმდინარეობს. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ინტელექტუალურ, გასართობ, შემეცნებით თუ სპორტულ ღონისძიებებში მუნიციპალიტეტში მოქმედი 26-ვე სკოლაა ჩართული. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი ახალგაზრდებისთვის, – ამ საკითხზე ფესტივალის მონაწილეებსა და ორგანიზებაში ჩართულ პირებს ვესაუბრეთ.
ეკატერინე ბუაჩიძე, ნადაბურის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მიიჩნევს, რომ ახალგაზრდული ფესტივალი მომავალი თაობის განვითარებისათვის აუცილებელ ღონისძიებებს მოიცავს. ის ამბობს, რომ სხვადასხვა აქტივობებმა პანდემიის შემდეგ მიძინებული სასკოლო ცხოვრება გამოაცოცხლა. ეკატერინეს სურს, ეს ფესტივალი ტრადიციად დამკვიდრდეს და ყოველწლიურად გაიმართოს.
„ზვარის სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე ახალგაზრდულ ფესტივალში ხალისით ჩაერთო“, – ამბობს ამ სკოლის მეთორმეტეკლასელი გიორგი გუნთაიშვილი. მისი აზრით, მოსწავლეების გონებრივ და ფიზიკურ გაძლიერებაში ამ ფესტივალმა დიდი წვლილი შეიტანა.
კიცხის სკოლის დირექტორის, თამარ წიწილაშვილის დაკვირვებით, კორონავირუსის პანდემიის შემდგომ მოსწავლეებს ერთმანეთთან ურთიერთობები უჭირდათ. მისი თქმით, ახალგაზრდულმა ფესტივალმა სასკოლო ცხოვრება რადიკალურად შეცვალა – მოსწავლეები მუნიციპალიტეტის მასშტაბით წარმოაჩინა, ბევრი ახალი სახე გაგვაცნო; მხიარულთა და საზრიანთა კონკურსმა დადებითად განგვაწყო და გაგვამხიარულა.
„ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყველა ღონისძიებაში ჩაერთვნენ, – ამბობს თამარ წიწილაშვილი, – დღევანდელი მოსწავლისთვის მხოლოდ გაკვეთილზე ყოფნა მოსაწყენია. ახალგაზრდას სხვადასხვა უნარები უნდა განუვითარდეს და ეს ფესტივალი ამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ერთი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით – ჩვენი სოფლიდან ხარაგაულში ტრანსპორტირების პრობლემა გვაქვს. თუმცა, მოსწავლეებისგან იმდენად დიდია ღონისძიებებში ჩართვის სურვილი, რომ ამ პრობლემასაც ვუმკლავდებით“.
„ახალგაზრდული ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია – ამბობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე, – მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებმა ერთმანეთი გაიცვნეს, სცენაზე დგომა, განსხვავებული აზრების მოსმენა და გაზიარება ისწავლეს. ფესტივალი თითქმის თვენახევარი გრძელდება. ეს საკმაოდ დიდი დროა. მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი არ დაზარალდეს. თუმცა გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ პერიოდში, მოზარდებისთვის ასეთი ღონისძიებების მნიშვნელობა“.
საღანძილის სკოლის მასწავლებელი ეკა მესხი თვლის, რომ „გაზაფხულის ხარაგაული“ კარგი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის, სოციალური უნარების განსავითარებლად. მოსწავლეები ერთმანეთისგან ბევრ რამეს ისწავლიან – თანაგრძნობას, თანადგომას, მითუმეტეს, გუნდური თამაშებით, როცა ერთის გამარჯვება ყველას გამარჯვებას უდრის.
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდული ფესტივალი დაიწყო, უფრო მეტი ხალისით მიდის სკოლაში ლიკა სვანიძე-დევდარიანის ქალიშვილი ლიზი დევდარიანი. ლიკა მიიჩნევს, რომ ლიზის და მის თანატოლებს ეს ფესტივალი ცოდნას, მოტივაციას, დამოუკიდებლობას, საკუთარი თავის რწმენას, მეგობრობის მნიშვნელობას გაუძლიერებს.
ახალგაზრდულმა ფესტივალმა ნიკო მაჭავარიანს 26 წლის წინანდელი დღეები გაახსენა, როცა ის და მამუკა ჭიპაშვილი ხარაგაულის გამგეობაში ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდნენ და ახალგაზრდული ფესტივალი „სხივი“ დააფუძნეს. მისი თქმით, ეს ახალგაზრდული ფესტივალი უკვე მთელ საქართველოში მრავალფეროვანი, საინტერესო, შემეცნებითი ღონისძიებებით სახელგანთქმულია და მას შემდგომ წარმატებებს უსურვებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდული ფესტივალი მუნიციპალიტეტში მოქმედი თითქმის ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება, – ამბობს ვალერი ჭიპაშვილი, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, – ერთმანეთის თანადგომა და გამოცდილების გაზიარება ამ ფესტივალის წარმატების ერთ-ერთი გარანტია.
ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ ტიპის ღონისძიებებს. ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება განათლების, კულტურის, სპორტის დაფინანსებისთვის და ეფექტიც შესაბამისია.
„ამ ახალგაზრდულ ფესტივალში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ სხვადასხვა აქტივობებში ყველა სოფლის სკოლაა ჩართული, – ამბობს მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, – უნდა ვეცადოთ, რომ სოფლებში ბევრი ღონისძიება ჩავატაროთ. ხარაგაულში ბევრი კარგი პროექტი ხორციელდება, თუმცა, უმეტესობა – ხარაგაულის ცენტრში. ფესტივალის დასრულების შემდეგ ორგანიზატორები შევიკრიბებით და განვიხილავთ, სამომავლოდ რა და როგორ გავაუმჯობესოთ, უფრო ინოვაციური და საინტერესო პროექტები რომ დავგეგმოთ“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
ფესტივალის მთავარი მიზანი გონიერი და ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერაა
„მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი“ მომავალ წლებშიც უნდა გაგრძელდეს
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.