ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული“, კულტურის და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, 5 აპრილს დაიწყო და მაისის ბოლომდე გაგრძელდება. ეს ფესტივალი ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან, მერიის კულტურის სამსახურთან, სპორტისა და ტურიზმის ცენტრთან, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან, სამუსიკო სკოლასთან, ახალგაზრდულ საკრებულოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
ფესტივალის ფარგლებში 40-მდე ღონისძიება დაიგეგმა. მათ შორის „მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი“, ინტელექტუალური კონკურსები – „რჩეული“ და „ერუდიტი“, ახალგაზრდული „ოდეონი“, გამწვანების აქცია, ვატო მაღრაძის პერსონალური ფოტოგამოფენა მუზეუმში, ნახატებისა და ფოტოების კონკურსები, „ცოცხალი წიგნები“, „წარმატების გასაღები“ (შეხვედრა წარმატებულ ხარაგაულელებთან), ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ტურ-თამაშები, ველო-ტური, „მოდი ღამე მუზეუმში“, შეხვედრა მწერალ ცირა ყურაშვილთან, ანსამბლ „გრავეს“ კონცერტი, სამაგიდო თამაშები, სასოფლო ბიბლიოთეკებში მწერლების – ნოდარ დუმბაძისა და ოთარ ჭილაძის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები – ექსტრემალური ტური „ეძიე წიგნი“, ჯომარდობა ჩხერიმელაზე, თვითმმართველობის დღე ხარაგაულის სკოლებში, თოჯინების თეატრის მოგზაურობა მუნიციპალიტეტის სოფლებში, სათავგადასავლო კარვების ტური ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში – მაისის ბოლომდე ჩატარდება.
რა შესძინა ამ ფესტივალმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობას; სამომავლოდ, თუკი ასეთი ფესტივალი კვლავ ჩატარდება, ორგანიზატორები რას და როგორ გააუმჯობესებენ, რა გამოწვევები გამოიკვეთა ფესტივალის მზადებისა და მიმდინარეობის პროცესში, – ამ საკითხებზე ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი გვესაუბრება:
– ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული“ ახალგაზრდების გასააქტიურებლად დავგეგმეთ. გვინდოდა, ხარაგაულში ახალი ენერგია შემოგვეტანა. ხარაგაულში ხშირად ტარდება ღონისძიებები, სადაც მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ დაბა ხარაგაულის სკოლების მოსწავლეებს ეძლევათ. ამ ფესტივალის ხიბლი ისაა, რომ მასში ახალგაზრდები მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ერთვებიან.
ახალგაზრდული ფესტივალის მთავარი მიზანი გონიერი და ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენაა. გვინდა, რომ მათთვის ხარაგაულში ცხოვრება უფრო საინტერესო გავხადოთ.
„გაზაფხულის ხარაგაული“ მომავალშიც აუცილებლად ჩატარდება, შესაძლოა, გარკვეული კორექტირებით. წელს იმდენად დატვირთული პროგრამა გვაქვს, რომ ცოტა გადავიღალეთ კიდეც. ფესტივალის მზადების პროცესში აქტიურად ჩართული ადამიანები, იმავდროულად, სხვა ღონისძიებებისთვისაც ემზადებიან; მაგალითად, ხარაგაულის თეატრალური დასი ახალ სპექტაკლს დგამს; მომღერლებსა და მოცეკვავეებს სხვა აქტივობებიც აქვთ დაგეგმილი. ვცდილობთ, ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ და ერთმანეთი არ გადავკვეთოთ. თუმცა, რამდენიმე ადამიანი მართლაც „სულ გადარბენაზეა“. სამომავლოდ, ფესტივალს უფრო ეფექტურად დავგეგმავთ.
ვცდილობთ, ახალგაზრდების საჭიროებები დავინახოთ. ნიჭიერ ახალგაზრდებს მხარდაჭერა და წახალისება სჭირდებათ, რომ შემდეგში უფრო დიდ წარმატებას მიაღწიონ.
ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ახალი პროექტი დაიწყო. ასეთია, მაგალითად, „რჩეული“, „წარმატების გასაღები“, ახალგაზრდული „ოდეონი“.
ღონისძიება „წარმატების გასაღები“ მომავალშიც გაიმართება. ზოგი ფიქრობს, რომ ხარაგაულში განვითარება და მაღალი შედეგების მიღწევა შეუძლებელია. ეს ასე არ არის. ხარაგაულში ცხოვრობენ საკუთარ პროფესიასა და საქმეში წარმატებული ადამიანები. ახალგაზრდებმა ეს უნდა დაინახონ და ასეთ ადამიანებს გაეცნონ, მათი გამოცდილება გაიზიარონ.
„გაზაფხულის ხარაგაულის“ ფარგლებში ახალგაზრდული „ოდეონი“ პირველად ჩატარდა. არაერთი მოსწავლე თავისთვის წერს. ასეთი ფესტივალები შემოქმედი ახალგაზრდებისთვის უნდა იქცეს სტიმულად, რომ მომავალში უფრო მეტს მიაღწიონ. იქნებ, ხარაგაულში დღესაც დიდი მწერლები, პოეტები, მეცნიერები, მხატვრები, სპორტსმენები გვეზრდებიან.
ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული“ ფარგლებში სოფლებში მოქმედი სკოლების ჩართულობით იმდენი ღონისძიება დავგეგმეთ, რომ მოსწავლეების ტრანსპორტირება გაჭირდა. სამომავლოდ, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავძლიოთ სოფლებიდან ტრანსპორტირების პრობლემა.
არ ყოფილა შემთხვევა, რომ რაიმე დაგვეგეგმოს და შესაბამისი ფინანსები არ გვქონოდეს. თუმცა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდირება, რაც არ უნდა მზარდი იყოს, მაინც მწირია გრანდიოზული გეგმების განსახორციელებლად.
მუდმივად ვფიქრობთ, რა ნიშით შეიძლება, რომ ხარაგაული გამორჩეული იყოს. ჩვენთან შესაძლებელია ყოველწლიური ფესტივალების ჩატარება, როცა აქ თავს მოიყრიან მომღერლები, მოცეკვავეები, თეატრალები, იუმორისტები, მოაზროვენეები მთელი საქართველოდან.
შარშან „ქართული ლიგის“ ფინალში „ჭირიმეს“ გამარჯვებამ ხარაგაულს ბევრი გულშემატივარი შესძინა. ჩვენთან შესაძლოა იუმორისტული ფესტივალის ჩატარება. ეს ყველაფერი კი შემდგომში ხარაგაულში ტურიზმის განვითარებასაც ხელს შეუწყობს.
ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული“, ჯერჯერობით, გრძელდება. რამდენიმე კულმინაციური ღონისძიება ჯერ კიდევ წინაა. ამის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილია რამდენიმე ფესტივალი, რომელშიც ხარაგაულელები ჩაერთვებიან. ხარაგაულის სახალხო თეატრი მონაწილეობას მიიღებს იმერეთის თეატრალურ ფესტივალში. ქორეოგრაფიული ანსამბლები „უბისი“ და „მთიელი“ მიწვეულები არიან გრანდიოზულ ქორეოგრაფიულ ფესტივალზე. იუმორისტული გუნდი „ჭირიმე“ იასპარეზებს „ქართული ლიგის“ ფინალში, რომელიც 16 ივნისს გაიმართება.
შევეცდებით, ზაფხულის განმავლობაში მაქსიმალურად დავტვირთოთ კულტურისა და დასვენების რეაბილიტირებული პარკი. ნამდვილად არ ვაპირებთ „გაზაფხულის ხარაგაულის“ შემდეგ გავჩერდეთ. მაქსიმალურად შევეცდებით, ზაფხულშიც ხარაგაული კულტურული ღონისძიებებით მიმზიდველი და დატვირთული იყოს.
თამთა გოგოლაძე
ამავე თემაზე
„ახალგაზრდულმა ფესტივალმა სასკოლო ცხოვრება გამოაცოცხლა“
„მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი“ მომავალ წლებშიც უნდა გაგრძელდეს
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი