„მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი“ ახალგაზრდული ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიებაა. მასში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლიდან 14 სკოლა ჩაერთო.
ფინალში გადავიდნენ: „გიმნაზისტი“ (ხარაგაულის გიმნაზია), „რკინიგზელები“ (ხარაგაულის #3 სკოლა), „გზასაცდენილები“ (ვერტყვიჭალა), „მოტივი“ (კიცხი), „გზააბნეულები“ (მოლითი) და „გამახარე“ (საღანძილე).
ფინალისთვის, რომელიც, 17 მაისს გაიმართება, გუნდები ინტენსიურად ემზადებიან. გუნდების კაპიტნები ამბობენ, რომ სცენარი მასწავლებლების დახმარებით შეადგინეს და ხუმრობები ხარაგაულში მიმდინარე პროცესების შესატყვისად მოიფიქრეს. კაპიტნებს იმედი აქვთ, რომ მაყურებელსაც გაამხიარულებენ და ჟიურის მოწონებასაც დაიმსახურებენ. ისინი ფიქრობენ, რომ მან-სან-კანი და ახალგაზრდული ფესტივალი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
„გიმნაზისტი“ დავით ჩადუნელი ამბობს, რომ მას და მისი გუნდის წევრებს მოტივაცია უძლიერდებათ, როცა მაყურებელი სცენაზე მათ გამოსვლას ოვაციით ხვდება.
„რკინიგზელების“ კაპიტანი ნიკოლოზ ლაცაბიძე თავისი გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებულია და მოსწონს, რომ ეს კონკურსი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თანატოლებთან დამეგობრების შანსს აძლევს.
ვერტყვიჭალის სკოლის გუნდის კაპიტან ლევან ცხოვრებაძესა და მის მეგობრებს მან-სან-კან-მა სცენარზე მუშაობის გამოცდილება შესძინა. ის თვლის, რომ კონკურსი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და მასში მონაწილეობის სიხარული ბევრმა ახალგაზრდამ უნდა განიცადოს.
კიცხის სკოლის გუნდს სცენარის შექმნასა და რეპეტიციებში, მასწავლებლებთან ერთად, ამ სკოლის კურსდამთავრებული ავთო ავალიშვილი ეხმარება. „ერთად ვმსჯელობთ, მაყურებელს როგორი ხუმრობა უფრო მოეწონება, – ამბობს გუნდის კაპიტანი ნუნუკა ჩაჩანიძე, – ეს კონკურსი ხარაგაულის სხვა სკოლების მოსწავლეებთან დამეგობრებაში გვეხმარება. საინტერესოა იმ მხრივაც, რომ თვალსაწიერს გვიფართოებს. მადლობა ახალგაზრდული ფესტივალის ორგანიზატორს მამუკა ჭიპაშვილს საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებისთვის“.
„ფინალისთვის დიდი შემართებით ვემზადებით, – ამბობს მოლითის სკოლის გუნდის კაპიტანი ლუკა ჯამაგიძე, – ჩვენი დამრიგებელი, ქრისტინე თოიძე გვეხმარება. ძალიან გვინდა, ქრისტინე მასწავლებელი გავახაროთ და სკოლა წარმოვაჩინოთ“.
საღანძილის სკოლის გუნდის წევრები სცენარის ტექსტსა და როლების განაწილებაზე მასწავლებლებთან – ირმა ყრუაშვილთან და მაია მესხიშვილთან ერთად მუშაობენ. ამ გუნდის კაპიტანი გიორგი კიკნაძე ამბობს, რომ თანაგუნდელებთან ერთად გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
„მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი“ მეგობრული თამაშია, – ამბობს მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის ჟიურის წევრი გიორგი მაქაძე, – ახალგაზრდები ერთმანეთს ეცნობიან, აქტიურობენ, მოტივაცია უძლიერდებათ, ცოდნას იძენენ. პანდემიის დროს ყველაფერი გაჩერდა, ჩვენც მოვდუნდით. ახალგაზრდულმა ფესტივალმა გამოგვაცოცხლა და გაგვახალისა. ფინალზე ცნობილ იუმორისტებს ველოდებით. მათთან შეხვედრა ხარაგაულელ ახალგაზრდებში უფრო მეტ ინტერესს გააღვივებს. მიხარია, რომ გავიცანით ბევრი ნიჭიერი მოსწავლე, რომლებიც კარგად ხუმრობენ და სამსახიობო უნარ-ჩვევებიც აქვთ. ვფიქრობ, საინტერესო ფინალი გველოდება“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
ფესტივალის მთავარი მიზანი გონიერი და ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერაა
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.