ბოლო ორი წელია, ხარაგაულის მოსახლეობა ქუჩაში მყოფი აგრესიული მიუსაფარი ცხოველების სიმრავლეზე საუბრობს.

სოციალურ ქსელში თითქმის ყოველდღიურად ვკითხულობთ ამ ცხოველებისგან შეშინებული და დაკბენილი ადამიანების პოსტებს. ხარაგაულის საავადმყოფოდან მოპოვებული ინფორმაციით, ამ კლინიკაში ანტირაბიული – ცოფის საწინააღმდეგო აცრები 2022 წლის ათ თვეში ძაღლებისა და კატებისგან დაკბენილმა 115-მა  პირმა ჩაიტარა. მათგან უმრავლესობა მიუსაფარმა, ქუჩაში მყოფმა ცხოველმა, დაკბინა.

საცხობის მეპატრონე ანა მაღლაფერიძე ხარაგაულში ყოველდღიურად 15 მიუსაფარ ძაღლს კვებავს. ის ამბობს, რომ კვირაში რამდენჯერმე დილაობით საცხობთან პარკით ლეკვები ხვდება.

„ხარაგაულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუჩაში მყოფ ძაღლებს ვაპურებ, – ამბობს ანა, – ქუჩაში მათი გამოკვება გამოსავალი არ არის. მთავარია, ძაღლის მეპატრონემ გააცნობიეროს, რომ ცოცხალი არსების ქუჩაში გაგდება მის სასიკვდილოდ გაწირვას ნიშნავს. თუმცა, მესმის იმ ადამიანებისაც, რომელთაც არ სურთ მათი ცხოველი გამრავლდეს. სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ძაღლებისა და კატების კასტრაცია-სტერილიზაცია.

წლებია ვურთიერთობ მიუსაფარ ცხოველთა კლუბის დამფუძნებელთან, აქტივისტ რუსუდან დაუშვილთან. რამდენიმე მიუსაფარი ძაღლი თბილისში ჩავიყვანე და მათი კასტრაციის შემდეგ ისევ ხარაგაულში დავაბრუნე. იმ ცხოველებს ეს პროცედურა უფასოდ ჩაუტარდა“.

„ცხოველებზე ზრუნვა ჩემი ცხოვრების წესად იქცა, – ამბობს რუსუდან დაუშვილი „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში, – ვთანამშრომლობ უცხოელებისგან დაფუძნებულ ორგანიზაციასთან და მიუსაფარი ცხოველები კასტრაცია-სტერილიზაციისთვის მათთან მიმყავს. მთავარია, ცხოველების თბილისში ტრანსპორტირება შეძლოთ. ხარაგაულიდან ამ საკითხზე სამი პიროვნება – ანა მაღლაფერიძე, ლამარა მესხი და მაყვალა სულაქველიძე მიკავშირდებიან. მეც, შეძლებისდაგვარად, ვეხმარები.

უცხოელი დონორების მიერ დაფინანსებული „მობილური ვეტერინარული კლინიკა“ მუნიციპალიტეტებში, მოთხოვნის შესაბამისად ჩადის. დაინტერესებული პირები მათ უნდა დაუკავშირდნენ და ისინი მომსახურებას უსასყიდლოდ გაწევენ. მართალია, შემდგომ ასეთი ძაღლების გამოკვება კვლავ პრობლემაა, თუმცა, პრობლემის მოგვარების გასაღები პოპულაციის მართვაშია.

მადლობა თქვენ, ამ თემით რომ დაინტერესდით. ქუჩა არ არის ჩვენი ოთხფეხა მეგობრების არჩევანი. მათ ყოველდღიურად გადარჩენისა და ლუკმისთვის ბრძოლა უწევთ. ამიტომ ადამიანებს მათ მიმართ მეტი ჰუმანურობა გვმართებს. სამწუხაროდ, ამ დრომდე არ გვაქვს კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ. ძაღლისა და კატის ქუჩაში მიტოვებისთვის მკაცრი სანქციები უნდა არსებობდეს“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის საკითხზე გასული წლიდან მსჯელობს. თუმცა, რაიმე ქმედითი ნაბიჯები, გარდა მათი კასტრაცია-სტერილიზაციისა, არ შეუმუშავებიათ. ამ მიზნით ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად ათასობით ლარი იგეგმება.

2022 წელს „კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებას“ 16 ათასი ლარი გამოეყო. ამ ორგანიზაციიდან მოპოვებული ინფორმაციით, ეს თანხა ამ დრომდე აუთვისებელია, რადგან ტენდერი ორჯერ ჩაიშალა.

„მოვიკვლიეთ ბაზარი და სატენდერო დოკუმენტაცია ხელახლა მოვამზადეთ, – ამბობს „კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებას“ ბუღალტერი ვიტალი იჩქიტიძე, – ტენდერი ახლა 8 ათას ლარზე გამოვაცხადეთ. ერთი ძაღლის გადაყვანა კასტრაცია-სტერილიზაციისათვის და მისი უკან დაბრუნების სავარაუდო ღირებულებად 140 ლარი მივუთითეთ. წინადადებების მიღება 11 ნოემბერს მთავრდება. ამ თანხით 57 ძაღლის კასტრაცია-სტერილიზაციაა შესაძლებელი“.

„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სტერილიზებული ძაღლების ქუჩაში დაბრუნება გამოსავალი არ არის, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, – გამოსავალი, ჩემი აზრით, მუნიციპალური თავშესაფრის მოწყობაშია. ამ კუთხით სხვა მუნიციპალიტეტების პრაქტიკასაც გავითვალისწინებთ“.

მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის შესახებ ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა „ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირმა“ დაიწყო. უნდა შექმნილიყო ჯგუფი, რომელიც კონკრეტულ ღონისძიებებს შეიმუშავებდა. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი მირიან შარიქაძე ამბობს, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ამ საკითხზე მუშაობა ვეღარ გააგრძელეს.

მიუსაფარ ცხოველთა პრობლემის მოგვარებაზე ხარაგაულში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ მუშაობს. ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე ამზადებს პროექტს, რომელიც სოფლებისთვის მოძრავი ლაბორატორიის შექმნას ითვალისწინებს.

„მიუსაფარი ცხოველების 70% მაინც უნდა იყოს კასტრირებული, რომ პოპულაციის მართვა მოხდეს, – ამბობს ხათუნა მანჯავიძე, – ამ საკითხის მოგვარებას წლები სჭირდება. პირველ ეტაპზე ცხოველთა აღრიცხვა აუცილებელია. ადგილობრივი ხელისუფლებისგან მხარდაჭერა და ამ პროექტში თანამონაწილეობა მნიშვნელოვანი იქნება“.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის განხილვა დაიწყო.

კანონპროექტი მიზნად ისახავს ადამიანისა და ცხოველისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, ცხოველთა დაცვას სასტიკი მოპყრობისაგან, ცხოველთა კეთილდღეობის და მათი მიკვლევადობის უზრუნველყოფას, ცხოველთა გამრავლების კონტროლსა და ცხოველთა ორთაბრძოლების აკრძალვას.

„მთავარი მიზანია, რომ პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომელიც დაარეგულირებს შინაურ ცხოველთა მოვლა-პატრონობის საკითხებს, ამ კუთხით ფიზიკური და იურიდიული პირების ვალდებულებებს, – ამბობს კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, – პრობლემა მზარდია, აწუხებს თითოეულ ჩვენგანს, ცხოველთა მოყვარულებს, მუნიციპალიტეტებსა და მოქალაქეებს. უნდა შეიქმნას ერთიანი სამართლებრივი სისტემა და თითოეული მუნიციპალიტეტი ამისთვის მოვამზადოთ“.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე 

მშიერი და გაავებული მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარებას ხანგრძლივი მუშაობა სჭირდება

მიუსაფარი ძაღლები ქუჩებში – ხარაგაულელთა მოუგვარებელი პრობლემა