თებერვალში ხარაგაულში მცხოვრები ათი წლის მოზარდი ქუჩაში ძაღლმა დაკბინა. მას ცოფის საწინააღმდეგო სამი აცრა ჩაუტარდა.
„ჩვენს უბანში მოსახლეობაზე მეტი მიუსაფარი ძაღლია, – ამბობს დაკბენილი ბავშვის ბებია ელენე პაქსაშვილი, – გოგონას ფეხი სერიოზულად დაუზიანდა. რამდენიმე დღის წინ მეორე შვილიშვილს ძაღლები გამოედევნენ. იქვე მყოფი მამაკაცები რომ არ მიშველებოდნენ, არ ვიცი, რა მოხდებოდა. ბავშვი სახლში შიშისგან გულგახეთქილი მოვარდა. მადლობა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას, ამ თემას რომ აშუქებთ. იქნებ რამე გვეშველოს“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში მიუსაფარი ძაღლების მოვლა-პატრონობაზე მსჯელობა გასული წლის ბოლოს დაიწყეს. „ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირმა“ ამ პრობლემის გადაჭრის ხედვა ხარაგაულის საკრებულოს წარუდგინა. დავინტერესდით, რა ეტაპზეა ამ საკითხის მოგვარება და რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა.
„ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მირიან შარიქაძე ამბობს, რომ „უახლოეს დღეებში ხარაგაულის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაიგეგმება. ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას ვთავაზობთ. ამ ჯგუში ვეტერინარებიც უნდა შევიდნენ. პროექტის მონახაზი უკვე გვაქვს. უნდა შევიმუშაოთ კონკრეტული ღონისძიებები თავისი ბიუჯეტითა და ვადებით.
მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, თუ რისი შესაძლებლობაა ამ მომენტისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში, დაგვეხმარებიან თუ არა საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ა.შ.
პირველი ნაბიჯი მიუსაფარი ძაღლების აღწერა იქნება, შემდგომ მათი პოპულაციის მართვაზე უნდა ვიზრუნოთ. მიუსაფარ ძაღლს თუ ვინმე სახლში წაიყვანს, ის უნდა წავახალისოთ; მაგალითად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან საკვების ვაუჩერი შევუძინოთ.
სოფლად მცხოვრებ ადამიანებს თუ არ უნდათ, რომ მისი ძაღლი გამრავლდეს, ამ შემთხვევაში მას კასტრაცია-სტერილიზაცია უნდა ჩაუტარდეს. სად და როგორ, ეს პროექტში დეტალურად უნდა გაიწეროს. ჩვენს ამ ხედვას თვითმმართველობაში წარვადგენთ. რისი გაკეთება შეგვიძლია კონკრეტულად ჩვენი რესურსებით, ამასაც მოგახსენებთ. იმედია, საკრებულო და მერია მხარს დაგვიჭერს“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს: „იმერეთში მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის მოწყობაზე საუბრობენ. ინდივიდუალურად ყველა მუნიციპალიტეტი ამისთვის თანხას გაიღებს. თუმცა, კონკრეტულად რა და როდის მოხდება, ვერ გეტყვით. მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლები და კვების კონტეინერები დამზადებულია. მათ დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე განვათავსებთ. ადგილი ჯერ არ შეგვირჩევია. მერია ამ პრობლემის მოგვარებისთვის გონივრული წინადადებების მისაღებად მზადაა“.
ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია „ერთანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ საკრებულოსა და მერიისთვის ავტომანქანების შესაძენად გამოყოფილი 170 ათასი ლარით ხარაგაულში მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფრის მოწყობა შეიძლებოდა. მის ამ წინადადებას ვარლამ ჭიპაშვილმა პოპულისტური უწოდა და განაცხადა, რომ „ევროპული სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფრის მოწყობისთვის 170 ათასი ლარი ზღვაში წვეთია“.
„ამ თანხით თუ დავიწყებდით, შემდგომ შესაძლოა, რომელიმე დონორი ორგანიზაციისთვის მიგვემართა და პროექტი წარგვედგინა, – ამბობს თორნიკე ავალიშვილი, – ხელისუფლებაში უმრავლესობას არ წარმოვადგენ. ამ პრობლემის მოგვარება „ქართული ოცნების“ ვალდებულებაა“.
მიუსაფარი ძაღლების კასტრაცია-სტერილიზაციისთვის შესაბამის დაწესებულებაში გადასაყვანად ტენდერს თვითმმართველობისგან დაფუძნებული „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება“ აცხადებს. ამ მიზნით ოამ რგანიზაციას 2022 წელს 16 ათასი ლარი გამოეყო.
„დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ბუღალტერი ვიტალი იჩქიტიძე ამბობს, რომ წელს ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებიათ.
„ადგილობრივ ხელისუფლებაში რეგიონული თავშესაფრის მოწყობაზე საუბრობდნენ, – ამბობს ვიტალი იჩიქიტიძე, – ამიტომ ამ დრომდე თავი შევიკავეთ. სავარაუდოდ, ტენდერს მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაცია-კასტრაციისთვის გადასაყვანად ამ თვეში გამოვაცხადებთ.
შარშან ტენდერი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე ერთი ძაღლის გადაყვანისთის 130 ლარი გადავიხადეთ. შემდეგ კომპანიამ 165 ლარი მოითხოვა. 2021 წელს 10 400 ლარით კასტრაცია-სტერილიზაცია 70 ძაღლს ჩაუტარდა“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.