ხარაგაულში მიუსაფარ ძაღლთა რიცხვი იზრდება. ეს ფაქტი მოსახლეობას ძალიან აწუხებს. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვენ.
ხარაგაულელ ნინო ბუხნიკაშვილს ძაღლები გამოედევნენ, რამაც ძალიან შეაშინა. ამას გარდა, ის წუხს ანტისანიტარიაზეც, რომელსაც მიუსაფარი ძაღლები სადარბაზოებსა და ეზოებში ქმნიან. ძაღლები რომ სარდაფებში არ ჩავიდნენ, კორპუსების მობინადრეებმა სადარბაზოებს კარებები გაუკეთეს.
„ამ საკითხით ძალიან შეწუხებული ვარ. სოციალურ ქსელში რომ ჩემი წუხილი გამოვთქვი, ცხოველების მოძულედ გამომაცხადეს. ეს კი ასე ნამდვილად არ არის.
საღამოობით გარეთ გასვლა იშვიათად მიწევს. შინ ვბრუნდებოდი და ძაღლების „თავყრილობაში“ აღმოვჩნდი. გამომედევნენ. თავი ძლივს დავაღწიე. ძალიან შემეშინდა. ბავშვებსაც ძალიან ეშინიათ. ჩემი პატარა შვილი, ძაღლების შიშით, სკოლაში მარტო ვერ მიდის. საფრთხის წინაშე ვართ.
მხოლოდ მე კი არა, ჩემი მეზობლებიც შეწუხებულები არიან. მთელი ღამე საშინელი ხმაურია, – ყეფა და გნიასი. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, აუტანელია. თავშესაფარი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტი სხვაზე არ იყოს დამოკიდებული. ძაღლებიც ცოდოები არიან, მშიერები. თავშესაფარში კი მოუვლიან და გამოკვებავენ“, – ამბობს ნინო ბუხნიკაშვილი.
მიუსაფარ ძაღლთა სიმრავლე აწუხებს მაია ბერაძეს. მშიერი ძაღლები ეცოდება და მათ საკვებს ხშირად აწოდებს. „ძალიან ბევრი მშიერი და გაავებული ძაღლია ხარაგაულში. არ ვიცი, რაშია გამოსავალი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ამ ფაქტს ბევრი ხარაგაულელი აპროტესტებს. მოსახლეობას დისკომფორტი გვექმნება.
ქუჩაში მცხოვრები ძაღლები ერთმანეთში ჩხუბობენ, ყეფენ. ეს კი ბავშვებს ძალიან აშინებთ. ჩემი პატარა გოგონა იმ ადგილებში ვერ დადის, სადაც იცის, რომ ძაღლები იქნებიან“, – ამბობს მაია ბერაძე.
ხარაგაულში მცხოვრებ დავით ტაბატაძეს მიუსაფარმა ძაღლმა უკბინა. ის უსინათლოა და ვერ დაინახა ძაღლი, რომელიც ქუჩაში იწვა. ფეხი დაებიჯა და ძაღლმა უკბინა.
„დაგვტანჯეს. გვიშველეთ, დაგვეხმარეთ ხარაგაულელებს. დღესაც კინაღამ ფეხი დავაბიჯე. ლამის შემჭამა. გაუსაძლისი მდგომარეობაა. დილამდე ყეფენ. განსაკუთრებით ბევრი ძაღლია გიმნაზიასთან. ანტისანიტარიას ქმნიან. ჩემი კორპუსის სადარბაზოები პარაზიტებით სავსეა.
დილით ადამიანებს გამოეკიდებიან ხოლმე. ისმის ყვირილი. ადამიანები შველას ითხოვენ. შეიძლება ცოფის მატარებლებიც იყვნენ. ეს ძაღლები რომ მიჰყავთ, უკან აღარ უნდა დააბრუნონ. დაიტოვონ თავშესაფარში. გაუსაძლისი მდგომარეობაა“, – ამბობს დავით ტაბატაძე.
„შიშით მაღაზიის კარს ვერ ვაღებ, – მიუსაფარი ძაღლები შემოდიან. თუ შიგნით ვერ შემოვიდნენ, გარეთ ხროვად ჯგუფდებიან, – ამბობს მაღაზიის მესაკუთრე ელენე თათარაშვილი – საჭიროა გონივრული მოქმედება. ოღონდ ისე არა, – „მხოლოდ ეს მევალება მე“ და სხვას არაფერს გავაკეთებ“.
„ხარაგაულდასუფთავების“ სამსახურის უფროსი ბესო კვირიკაშვილი ამბობს, რომ მიუსაფარი ძაღლების საკითხზე მუშაობენ. ტენდერი გამოცხადდა. შეირჩა კომპანია, რომელსაც თვეში ოცი ძაღლი გადაჰყავს. ამ ძაღლებს უტარდებათ სამედიცინო მომსახურეობა, სტერილიზაცია-კასტრაცია, სპეციალისტები ამოწმებენ. შემდეგ კი ყველას ხარაგაულის ქუჩებში აბრუნებენ.
„თვეში ერთხელ ამოვლენ და 20 ძაღლს წაიყვანენ. მეტის წაყვანის შესაძლებლობა არ აქვთ. მხოლოდ ამის გაკეთება შეგვიძლია. სხვას ვერაფერს გავაკეთებთ. ჩვენი სამსახურის კომპეტენციაში ძაღლების გამოკვება არ შედის. არ გვევალება, რომ ძაღლების კვებაზე ვიზრუნოთ.“
ხარაგაულელი გიორგი ოქრომჭედლიძე ორგანიზაცია „ძაღლების დაცვისა და გადარჩენის“ ასოციაციის წევრია. ის ამბობს, რომ მიუსაფარ ძაღლთა პრობლემის აღმოფხვრას გრძელვადიანი მუშაობა სჭირდება. საჭიროა მოსახლეობის დამოკიდებულების შეცვლაც. ისინი უფრო ლმობიერები უნდა იყვნენ და მიუსაფარ ძაღლებთან ერთად თანაცხოვრებას მიეჩვიონ.
„ჩვენ არ უნდა მოგვწონდეს ძაღლები ქუჩაში. ეს არ არის კარგი და სასურველი. თუმცა მათი ერთ ადგილზე ჩაკეტვა და დახოცვაც არ შეიძლება. უნდა გვქონდეს თანამედროვე, ცივილური მიდგომები. ძაღლები ზოოფსიქოლოგმა უნდა შეამოწმოს. თუ აღმოჩნდა, რომ რომელიმე მათგანი აგრესიულია, სამწუხაროდ, უნდა დააძინონ.
ჩვენ მათი პოპულაციების მართვა უნდა მოვახერხოთ. რაც შეიძლება ბევრ ძაღლს უნდა ჩაუტარდეს სტერილიზაცია-კასტრაცია. ეს კი ქუჩაში ძაღლების შემცირებასა და გაქრობას გამოიწვევს. სხვანაირად პრობლემას ვერ აღმოვფხვრით.
თვეში ოცი ძაღლის თავშესაფარში დროებით გადაყვანითა და შემდეგ ისევ ქუჩაში გაშვებით ეს პრობლემა არ მოგვარდება. ისინი ძალიან მალე მრავლდებიან.
უნდა გადაიხედოს ბიუჯეტი და გამოიკითხოს მოსახლეობა. თუ სურვილი ექნებათ, თავშესაფარი გაკეთდეს. აიყვანონ ვეტერინარები, რომლებიც ოპერაციებს ჩაატარებენ. ახლო პერსპექტივაში მაინც ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ მიუსაფარი ძაღლები ქუჩაში საერთოდ გაქრება“, – ამბობს გიორგი ოქრომჭედლიძე.
ჩვენ ვსაუბრობთ ამ საკითხზე, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება. საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა როგორც მოსახლეობის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მიუსაფარ ძაღლებს მზრუნველობა სჭირდება. მათზე უარი თქვეს და ქუჩისთვის გაიმეტეს. ამიტომ თვითგადარჩენისთვის იბრძვიან.
აუცილებელია მოიძებნოს პრობლემის მოგვარების გზები, რომლის მიხედვითაც დაცული იქნება ძაღლთა უფლებებიც და ამავე დროს, მოსახლეობას ექნება უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა.
ლიკა ხიჯაკაძე
მთავარ ფოტოზე: ბავშვები, ძაღლის შიშით, სკოლის ეზოდან ვერ გამოდიან
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი