საქართველოს ათ მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტი – „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“ ხორციელდება.
იმერეთიდან ამ პროექტში მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტია ჩართული. პროექტში მონაწილეობისთვის ქვეყნის მასშტაბით 50 დეპუტატი შეირჩა. მათ შორის ხარაგაულის საკრებულოდან – ლენა აბაშიძე, ეკა შველიძე, შმაგი ხიჯაკაძე („ქართული ოცნება-დემოკრატული საქართველო“), ირმა ვეფხვაძე („გახარია საქართველოსთვის“), ბაქარ ბარბაქაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“).
„საკრებულოებში არჩეულმა დეპუტატებმა, თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მოსახლეობას წელიწადში ერთხელ გაწეული მუშაობის ანგარიში უნდა წარუდგინონ. თუმცა, კანონის ამ მოთხოვნას მათი მხოლოდ ერთი პროცენტი ასრულებს, – ამბობს პროექტის ავტორი, მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის დირექტორი კოკა კიღურაძე, – ჩვენს ქვეყანაში ამ კუთხით ცუდი სიტუაციაა.
საკრებულოს წევრები არ თვლიან თავს ანგარიშვალდებულად მოქალაქების წინაშე და ამ მიმართულებით კანონსაც არღვევენ. თუმცა, რაიმე ფორმით მათი დასჯა, კანონში გაწერილი არ არის. ამიტომ გადავწყვიტეთ, დეპუტატებს მოვალეობის შესრულებაში დავეხმაროთ.
საკრებულოს წევრი ვალდებულია, მოქალაქეებს თვეში ერთხელ ინდივიდუალურად შეხვდეს, ხოლო სამ თვეში ერთხელ საჯარო შეხვედრა გამართოს მიზნობრივ ჯგუფებთან, – ქალებთან, ახალგაზრდებთან, შშმ პირებთან, მეწარმეებთან და სხვ. წელიწადში ერთხელ კი მან მოსახლეობას ანგარიში საჯაროდ უნდა ჩააბაროს.
მიხარია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან თანაშრომლობა შედგა. საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე დაინტერესებულია, რომ ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატების ანგარიშვალდებულება გაიზარდოს. ეს არის კარგი მაგალითი, რომელიც გადამდები უნდა გავხადოთ სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრებისთვის.
აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილებაზე დაყრდნობითა და ქართული რეალობის გათვალისწინებით, შევქმენით მეთოდოლოგია და ანგარიშის ფორმები.
პოლიტიკოსმა რაც უნდა ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელოს, ანგარიშვალდებულების გარეშე დემოკრატიული სისტემის შექმნა შეუძლებელია. ამ პროექტის მიზანია, მუნიციპალიტეტებში ჯანსაღი პოლიტიკური კულტურა ჩამოყალიბდეს“.
რას დაპირდა დეპუტატი მოსახლეობას, რა გააკეთა, რა ვერ შეძლო და რატომ, რას გეგმავს 2023 წლისთვის – ამ საკითხებზე მოსახლეობას ანგარიში დეპუტატებმა შმაგი ხიჯაკაძემ, ირმა ვეფხვაძემ, ეკა შველიძემ და ლენა აბაშიძემ ჩააბარეს.
ვარძიაში მოსახლეობას, ძირითადად, უგზოობა აწუხებს
შმაგი ხიჯაკაძე ვარძიის, წყალაფორეთისა და ხიდრის მაჟორიტარი დეპუტატია. ის მხოლოდ ვარძიის მოსახლეობას შეხვდა და ამ სოფელში მერიის სოციალური სამსახურის მიერ განხორციელებულ პროგრამებზე, ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა.
მან ვარძიის სკოლის შენობაში შეკრებილ მოქალაქეებს მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამები შეახსენა და აღნიშნა, რომ „ვარძიაში 2022 წელს ერთჯერადი ფულადი დახმარება 112 ოჯახზე გაიცა, სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებისთვის 35 პირს დაეხმარენ, ფულადი დახმარება ომის 15-მა ვეტერანმა მიიღო, თანხა გაიცა სტიქიით დაზარალებულ 30 ოჯახსა და 42 ეკომიგრანტზე. სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამით ვარძიაში 143 პირია დასაქმებული.
2022 წელს ვარძიის მესამე უბანში მოიხრეშა 400 მ სიგრძის გზა, პირველ უბანში სასაფლაოსთან მისასვლელი 100 მ სიგრძის გზა, პირველ უბანში ასევე მობეტონდა 2000 მეტრი სიგრძის გზა. კოჩაძეების უბანში ჭაბურღილი გაკეთდა. ახლა მიმდინარეობს ტუმბოს მონტაჟი და მოსახლეობამდე მისი მიყვანის სამუშაოები.
ვარძიაში მოსახლეობას, ძირითადად, უგზოობა აწუხებს. 2023 წლის ბიუჯეტში სერის, წინაველასა და სარალიძეების საუბნო გზების კეთილმოწყობა აუცილებლად დაიგეგმება. ასევე მზადაა კაკოიშვილებისა და მესამე უბნის გზების აღდგენის პროექტები“.
წელიწადზე მეტია, ვარძიაში ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალი მოეწყო. მოსახლეობის გაზიფიცირება ამ დრომდე არ დაწყებულა.
„ხშირად ვუკავშირდებით გაზის ტრანსპორტირების კომპანიას და ვკითხულობთ, რატომ გაჭიანურდა ეს პროცესი?! – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე, – გვპასუხობენ, რომ უკრაინასთან ომის გამო, საჭირო მასალები ვეღარ შემოაქვთ. ასევე სახელმწიფოსგან „სოკარისთვის“ ქონების გადაცემის პრობლემაა.
მომავალი წლიდან, დიდი ალბათობით, წყალაფორეთი-ხიდარი-ვარძია-ხარაგაულის მიმართულებით მიკროავტობუსი დაინიშნება და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის მგზავრობის თანადაფინანსებისთვის თანხა გამოიყოფა. ამ სოფლებიდან ხარაგაულში ტრანსპორტირება ჭირს.
ვარძიის საბავშვო ბაღს ეზოს კეთილმოწყობას დავპირდი. ამ პირობას 2023 წელს აუცილებლად შევასრულებ.
სოფლის ცენტრში მდებარე ყოფილი მაღაზიის შენობა ხარაგაულის თვითმმართველობას გადმოეცა. ვაპირებთ იმ შენობის კეთილმოწყობას და გაისად ვარძიაში ადმინისტრაციული შენობა გვექნება“.
ვარძიის მეხუთე უბანში მცხოვრები ინგა ყიფიანი უწყლობით შეწუხებულია. ჭაბურღილიდან სახლამდე წყლის მისაყვანად მას და კიდევ ათ ოჯახს მილები ესაჭიროება. შმაგი ხიჯაკაძის თქმით, წყლის მილების შესაძენად მოსახლეობამ მერიას წერილობით უნდა მიმართოს.
საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ანაზღაურების გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა ვარძიის საბავშვო ბაღის გამგემ მადონა მდივნიშვილმა. „სკოლამდელი განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, – ამბობს ქალბატონი მადონა, – ამ სფეროს დაფინანსება თვითმმართველობის უპირველესი ვალდებულებაა. ჩვენი თანამშრომლები, შეიძლება ითქვას, რომ მიზერული ანაზღაურებით მუშაობენ. მეორე ცვლის აღმზრდელის ხელზე ასაღები ხელფასი 239 ლარია და უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაკისრია. მომავალ წელს ხელფასის 10%-ით გაზრდა ცოტაა“.
„ვმუშაობთ მაგ საკითხზე და ვნახოთ, როგორ გადაწყდება, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში ბევრი თანამშრომელია“, – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე, – გვსურს, რომ მომავალ წელს ვარძიიდან რამდენიმე ოჯახი „სათნოების სახლის“ პროგრამაში ჩავრთოთ. კონკრეტულად რა ფორმით მოხდება ეს, ამ საკითხზე ვმუშაობთ“.
„წლები მიდის, ახალგაზრდა ოჯახები მუნიციპალიტეტს ტოვებენ“…
ეკა შველიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით გახდა. მისი თქმით, პროექტში – „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“ ჩართვის შემდეგ პირველი შეხვედრა ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის თანამშრომლებთან მოაწყო. ამ დაწესებულების შენობის პირველი სართულის ინფრასტრუქტურა უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ეკა შველიძის თქმით, ეს საკითხი მერიის წინაშე დააყენა და პრობლემა სწრაფად მოგვარდა.
„რომანოზ დეკანოსიძისა და რეზო თაბუკაშვილის ქუჩებს მდინარე ჯიხველა ჰყოფს. ამ ქუჩების მოსახლეობა დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას ითხოვს, – ამბობს ეკა შველიძე, – 2023 წლის ბიუჯეტში ამ ხიდის მშენებლობა უნდა დავგეგმოთ.
დ. ხარაგაულის მოსახლეობის უმთავრესი, სასმელი წყლის მოწოდებასთან დაკავშირებული, პრობლემა მოგვარდა და უკვე 24-საათიანი წყალმომარაგება გვაქვს. ახლა ჩიხებში მცხოვრები აბონენტების გამრიცხველიანება მიმდინარეობს, რასაც ზოგან მოქალაქეთა პროტესტი ახლავს. მოსახლეობის უფლებები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ.
ხარაგაულში ე. წ. „ბაკების უბანში“ მოსახლეობამ სკვერის მოწყობის სურვილი გამოთქვა. ისინი უახლოეს დღეებში მერიასა და საკრებულოში ამ მოთხოვნით წერილს შემოიტანენ.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი ექსპონატებს ვეღარ იტევს. ფერწერული ტილოების, ქანდაკებებისა და კერამიკული ნამუშევრებისთვის მუზეუმს ახალი შენობა სჭირდება. მომავალი წლისთვის ამ პრობლემის მოგვარებაც უნდა დავგეგმოთ.
თანდათან ყველა პრობლემა მოგვარდება. მინდა, ახალგაზრდები პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთონ. სამწუხაროდ, ამ კუთხით, მათი მხრიდან ნაკლები ინტერესია.
მუნიციპალიტეტში ბევრი პრობლემაა. საბიუჯეტო ორგანიზაციებში ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებულებს არათანაბარი ხელფასი აქვთ. მომავალ წელს ხელფასის 10%-იანი მატება არასაკმარისია.
ჩვენს ირგვლივ განსაკუთრებით უჭირთ იმ ადამიანებს, რომელთაც არც სოციალური დახმარება აქვთ, არც ხელფასი და პენსია. მომავლის იმედი გვაქვს, მაგრამ ამასობაში წლები მიდის, ახალგაზრდა ოჯახები მუნიციპალიტეტს ტოვებენ. ჩვენ, დეპუტატებმა, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან მეტი უნდა მოვითხოვოთ“.
მიუსაფარი ცხოველები – მოუგვარებელი პრობლემა თვითმმართველობისთვის
ირმა ვეფხვაძე ხარაგაულის საკრებულოს წევრია პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“.
„ამ პროექტმა მეტი სითამამე და თავდაჯერებულობა შემძინა, – ამბობს ირმა, – მერიასთან თანამშრომლობით მივაღწიე იმას, რომ თეთრაწყაროში ერთ-ერთი საუბნო გზა, შესაძლოა, ამ წლის ბოლომდე მოეწყოს.
მოსახლეობამ დაბა ხარაგაულში შეხვედრაზე მიუსაფარი ცხოველების, 9 აპრილის ქუჩაზე სკვერისა და ქუჩის იერსახის კეთილმოწყობის საკითხი დააყენა. სამწუხაროდ, მიუსაფარი ცხოველების საკითხი, ამ დრომდე, ვერ გვარდება“.
სკვერთან დაკავშირებით ირმა ვეფხვაძემ საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, დავით კიკნაძეს მიმართა. ის თავის მხრივ მერიაში ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის სპეციალისტებს შეხვდა.
„ამ სკვერის კეთილმოწყობის ორ ვარიანტს განვიხილავთ, – ამბობს დავით კიკნაძე, – ან ხარაგაულის კეთილმოწყობის სამსახურს დავავალებთ ამ სკვერის მოწყობას, ან მომავალი წლისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით შევძლებთ“.
„9 აპრილის ქუჩა ხარაგაულში ყველაზე ძველი ქუჩაა, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პაატა გოგოლაძე, – მისი რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, პროექტის – „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში დაიგეგმება.
მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მთელ საქართველოშია. ახლა პარლამენტი იწყებს ამ საკითხის მოსაგვარებლად შესაბამისი კანონის შემუშავებას. მანამდე კი როგორმე მათთან ერთად თანაცხოვრება უნდა შევძლოთ“.
9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები მზია კუპრაძის მცირეწლოვანი შვილი რამდენიმე თვის წინ მიუსაფარმა ძაღლებმა შეაშინეს. მზია ამ საკითხის დროულად მოგვარებას მოითხოვს.
„არჩეულ დეპუტატს მოქალაქეებმა უნდა მოვთხოვოთ, რას აკეთებდა ის პრობლემების მოსაგვარებლად წლის განმავლობაში, – ამბობს მზია კუპრაძე, – მივესალმები, თუ ჩვენს ქუჩას „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება. იქ გზაც კეთილმოეწყობა, სკვერიც და ტროტუარიც“.
მიუსაფარი ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციისთვის 2022 წელს ბიუჯეტიდან „კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებას“ 16 ათასი ლარი გამოიეყო. ამ ორგანიზაციიდან მოპოვებული ინფორმაციით, ეს თანხა ამ დრომდე აუთვისებელია, რადგან ტენდერი ორჯერ ჩაიშალა. მიმდინარეობს ბაზრის მოკვლევა და სატენდერო დოკუმენტაციის თავიდან მომზადება.
მაღალმთიან სოფლებს მეტი ყურადღება სჭირდება
მოსახლეობას გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარში ხუნევის თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლენა აბაშიძემ გედსამანიაში ჩააბარა. ამ შეხვედრაზე გედსამანიელებთან ერთად ხუნევის, ვერტყვიჭალის, ბჟინევისა და ვერტყვილას მაცხოვრებლები იმყოფებოდნენ.
„დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია, – ამბობს ლენა აბაშიძე, – მესამედ ამირჩიეთ საკრებულოს წევრად და ეს ჩემს ანგარიშვალდებულებას თქვენს წინაშე უფრო მეტად ზრდის. არ ვასვენებდი მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად განხორციელებულიყო.
2022 წელს ხუნევში ევროკავშირის დაფინანსებით ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. დავუკავშირდი ავტობანის მშენებელ კომპანიას და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს.
ჩემი ინიციატივით ხუნევისა და გედსამანიის საბაზო სკოლების შენობები ნაწილობრივ გარემონტდა – შეიცვალა სახურავი და მოწესრიგდა სველი წერტილები.
ვერტყვიჭალაში მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვერტყვიჭალის საჯარო სკოლას. ვერტყვიჭალაში აშენდა თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ორჯგუფიანი საბავშვო ბაღი.
ვერტყვიჭალიდან წარდგენილმა პროექტმა სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამაში გაიმარჯვა. ამ პროგრამით სოფელში მოეწყობა სკვერი, ტრენაჟორებითა და გასართობი ატრაქციონებით.
მერიის სოციალურ სამსახურთან თანამშრომლობით ორი შშმ პირი ქუთაისის თავშესაფარში გადავიყვანეთ.
ვერტყვილაში მოვახერხე ოჯახური ძალადობის მსხვერპლის დაცვა. მოძალადე დაკავებულია, ხოლო ამ ოჯახს საცხოვრებელი პირობები გავუუმჯობესეთ.
ხუნევის თემში ორი მაღალმთიანი სოფელია – გედსამანია და ბჟინევი. ამ სოფლებს მეტი ყურადღება სჭირდება. 2021 წელს გედსამანიაში გაიხსნა ახალი საბავშვო ბაღი, სოფელს დაენიშნა ექთანი.
ბჟინევში მობეტონდა ერთი კმ სიგრძის გზა. 2023 წელს მთის განვითარების ფონდიდან ეს გზა სრულად მობეტონდება.
გედსამანიის სკოლის თანამშრომლები ვერ სარგებლობენ იმ შეღავათებით, რაც მათ, როგორც მაღალთიან სოფელში დასაქმებულებს, ეკუთვნით. ეს სკოლა შერწყმულია ხუნევის სკოლასთან. ხუნევი კი მაღალმთიანი სოფელი არ არის. ვზრუნავთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივ ხელისუფლებასთან და პარლამენტის წევრთან ერთად. გედსამანიის სკოლას უნდა ჩაუტარდეს სრული რეაბილიტაცია, რომ გაიაროს აკრედიტაცია და დამოუკიდებელი სკოლის სტატუსი დაიბრუნოს.
გედსამანიაში გაღმა რიკაძეების საუბნო გზა მძიმე მდგომარეობაშია. 2023 წელს ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებთ. გედსამანიაში საბავშვო ბაღი სკოლის შენობაში ფუნქციონირებს. მომავალ წელს ამ ბაღისთვის ახალი შენობა უნდა აიგოს“.
გედსამანიაში შეკრებილ მოქალაქეებს მაჟორიტარი დეპუტატისთვის შეკითხვა არ დაუსვამთ. მხოლოდ მადლობა გადაუხადეს გაწეული საქმიანობისთვის.
დეპუტატებისგან ანგარიშების წარდგენას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხარაგაულის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, ბოლნისის, ხაშურის, რუსთავის, ყაზბეგის, ქედას, ონისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.
ნინო კაპანაძე
მოსახლეობასთან შეხვედრების ფოტორეპორტაჟი
ამავე თემაზე
ამომრჩევლები საკრებულოს წევრებისგან ანგარიშვალდებულების გაზრდას მოითხოვენ
„თვითმმართველობა მოსახლეობის წინაშე თავს ანგარიშვალდებულად არ თვლის“
„ხელისუფლების პიარში ფულის გადახდა საბიუჯეტო სახსრების ფლანგვაა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი