რა პრობლემები აქვთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს, რა და როგორ გააკეთა ადგილობრივმა თვითმმართველობამ მათი პრობლემების მოსაგვარებლად ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, – ამ შეკითხვებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ ქალებს მივმართეთ.
მათი შეფასებით, ხარაგაულში ქალების უმთავრესი პრობლემებია: უმუშევრობა, საჭირო ინფორმაციაზე, ინტერნეტსა და პროფესიულ განათლებაზე ხელმიუწვდომლობა, არასაკმარისი სამედიცინო სერვისები, – განსაკუთრებით რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით, მოხუცთა თავშესაფრის, უპოვართა სასადილოსა და სილამაზის სალონების არქონა სოფლებში, გაზიფიცირება, უწყლობა, ოჯახური ძალადობა, ოჯახების სარჩენად უცხოეთში მიგრაცია, ეკონომიური სიდუხჭირე.
ხარაგაულის საკრებულოს წევრი ქალები თავად ამბობენ, რომ სიღრმისეულად ქალთა საჭიროებები არ გამოუკვლევიათ და ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. მათივე თქმით, ძირითადად, ქალებს პირადად ეხმარებიან და რეალურად ხელშესახები შედეგები, რაც გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი, არ ჩანს.
ნადაბურის თემის მაჟორიტარი დეპუტატი დოდო ხაჩიძე ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარებასა და უფლებების დაცვას მათთვის ცხელი ხაზის ნომრებს მიწოდებით ცდილობს.
ხიდრის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ნონა ზურაბიანი ამბობს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მედიკამენტების შეძენაში, ოპერაციებისა და სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევების დასაფინანსებლად ყველა ქალს ეხმარებიან.
ბორითის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ია პაქსაშვილი როგორც ექიმი, ქალებს ჯანმრთელობის პრობლემების დაძლევაში ეხმარება.
ხუნევის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე მიიჩნევს, რომ სოფლებში საბავშვო ბაღების გახსნა დედებისთვის დიდი შვებაა, რადგან მათ მიეცათ საშუალება, თავისი შემოსავალი გაიჩინონ. თუ აქამდე გარეთ ვერ გადიოდნენ, ახლა იციან, რომ საბავშვო ბაღში მათი შვილები საიმედოდ არიან და ოჯახური პირობების გასაუმჯობესებლად მეტი დრო აქვთ.
ხარაგაულის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ეკა შველიძე ამბობს, რომ ქალების დასაქმებისა და თვითრეალიზაციის პრობლემის დასაძლევად საკრებულო და მერია სამუშაო ადგილების შექმნას ცდილობს. თუმცა, მისივე თქმით, პრობლემა ბოლომდე ვერ გვარდება. ამის მიზეზად ეკა შველიძე იმას ასახელებს, რომ სოფლის მეურნეობის კუთხით შემოთავაზებული პროექტებით ნაკლებად ინტერესდებიან. „შესაძლოა, მოსახლეობას ინფორმაციას სწორად ვერ ვაწვდით, ან შეიძლება სოფელს იმიტომ დაშორდნენ, რომ შრომას გადაეჩვივნენ, – ამბობს ეკა შველიძე, – ჰგონიათ, რომ საზღვარგარეთ საარსებო წყაროს უფრო იოლად მოიპოვებენ“.
„ხარაგაულელ ქალთა საჭიროებებში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ის, რომ ხარაგაულს არა აქვს სამშობიარო. შესაბამისად, სტატისტიკის მიხედვით, ხარაგაულში შობადობა ნაკლებია, სიკვდილიანობა მეტი“, – ამბობს ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე.
ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან გიორგაძე მოლაპარაკებებს აწარმოებს ბათუმში მოქმედ ერთ-ერთ კომპანიასთან, ხარაგაულში სამკერვალოს ფილიალის გახსნის მიზნით და იქ ქალების დასასაქმებლად. ის ამბობს, რომ პირადი ინიციატივით დაასაქმა ორი ახალგაზრდა ქალბატონი, რომლებიც სარგვეშის თემში მოხუცებულებს ჰიგიენურ საკითხებს უგვარებენ.
საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ქეთევან ზუმბაძე ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ხარაგაულში მოხუცთა თავშესაფრისა და სოფლებში უპოვართა სასადილოს ამოქმედებას გვპირდება. ასი ადამიანიც რომ დასაქმდეს, ესეც დიდი შეღავათია დღევანდელ პირობებშიო, – ამბობს ის.
დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ მარინე ხვედელიძე ქალთა მიგრაციაზე ამახვილებს ყურადღებას. ის ამბობს, რომ ძალიან დატვირთულია ოჯახსა და სკოლაში, ამიტომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა პრობლემებს სათანადო ყურადღება ვერ დაუთმო.
თვითკრიტიკულია საკრებულოს წევრი „შენების მოძრაობიდან“ ინგა მაღრაძე და მიიჩნევს, რომ თითოეული ქალის პრობლემა უნდა იყოს შესწავლილი და მათი აღმოფხვრა უნდა მოხდეს არა ერთჯერადი დახმარებებით, არამედ უფრო გრძელვადიანი პროექტებით.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
ხარაგაულში, უკვე წლებია, სამშობიარო სახლი არ არის
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი