ადგილობრივი ხელისუფლებისგან დაგეგმილი ბიუჯეტი თუ სოციალური პროგრამები ეფექტურია მაშინ, როცა მათ შემუშავებაში მოქალაქეების ინტერესებია გათვალისწინებული.
თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხუთი ფორმა არსებობს:
1) დასახლების საერთო კრება;
2) პეტიცია;
3) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო;
4) სხდომებში მონაწილეობა;
5) ანგარიშების მოსმენა.
რამდენად იცნობენ მოქალაქეები ჩართულობის ამ ფორმებს და იყენებენ თუ არა მათ ხელისუფლებასთან ურთიერთობისას, ამის გარკვევას ზემო იმერეთის სამი მუნიციპალიტეტის – ხარაგაულის, საჩხერისა და ჭიათურის მაგალითზე შევეცადეთ.
„მოქალაქეები ადგილობრივ ბიუჯეტს თავისად არ მიიჩნევენ“
მანანა ტაბაშიძემ ხარაგაულში ა/ო „მრავალშვილიან დედათა გაერთიანება“ 1993 წელს დააფუძნა. ის ამბობს, რომ იმ პერიოდში მოქალაქეები ხელისუფლების მიმართ მეტად მომთხოვნები იყვნენ და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვასაც ცდილობდნენ.
ქალბატონ მანანას ახსოვს, რომ სოფლებში მაცხოვრებლები, როცა უგზოობითა და უწყლობით ძალიან შეწუხდებოდნენ, ადმინისტრაციულ შენობაში მოდიოდნენ და პრობლემებზე რეაგირებას მოითხოვდნენ.
„სოფლის მოსახლეობა დაბერდა. ვისაც ძალა ერჩის, ქალაქში წავიდა, – ამბობს მანანა ტაბაშიძე, – ხმის ამომღები აღარავინაა. შეიძლება, პრობლემის მოგვარების იმედიც აღარ აქვთ.
საკრებულოს სხდომაზე მისული მოქალაქე უნდა გრძნობდეს, რომ მის აზრს გაითვალისწინებენ.
ბევრი ვიწვალე, რომ ხარაგაულში ხელისუფლების წარმომადგენლები ზრდასრულთა განათლების ცენტრის გახსნის აუცილებლობაში დამერწმუნებინა. ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, რომ მოქალაქეთა აქტიურობა უშედეგოდ არ ჩაივლის.
ამ პროცესში მნიშვნელოვანია, მოკავშირეები სწორად შეარჩიო. ორი წლის წინ თეთრაწყაროში, ქალთა საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნით, წყლის პრობლემა მოგვარდა. ასე რომ, ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ“.
ხარაგაულში ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება, ბოლო ორი წელია, ყველა პრობლემას კორონავირუსის პანდემიას აბრალებს.
მისი თქმით, პანდემიას მიბრალდა ის, რომ ბიუჯეტის პროექტი სახალხოდ არ განიხილეს. საკრებულოს სხდომებზე მოქალაქეთა მიუსვლელობასაც პანდემიას მიაწერენ.
„2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მიმიწვიეს, – ამბობს ხათუნა მანჯავიძე, – წინასწარ დაგეგმილი არ მქონდა და მისვლა ვერ შევძელი.
წელს საჯარო მოხელეებისთვის ჩავატარე ტრენინგი, თუ როგორ უნდა აისახოს ადგილობრივ ბიუჯეტში კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებები, ნარჩენების მართვის საკითხები.
ამიტომ მაინტერესებდა, ეს თემები თუ მოხვდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში. შევეცდები, მომავალ წელს გარემოს დაცვის კუთხით მონიტორინგისა და ადვოკატირების კამპანიები გავაძლიერო.
ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაზე ინფორმაციას „ჩემი ხარაგაულის“ საშუალებით ვიგებ და თქვენგან თითქმის ყველა ამბის შესახებ საქმის კურსში ვარ.
მოქალაქეები ადგილობრივ ბიუჯეტს თავისად არ მიიჩნევენ. მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის ფორმების შესახებაც ნაკლებად იციან. ზოგს საკუთარი აზრის დაფიქსირების ეშინია და ხელისუფლებასთან ურთიერთობას საერთოდ თავს არიდებს“.
„დეპუტატები მოსახლეობას ანგარიშს არ აბარებენ“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ მოქალაქები მწვავე პრობლემებზე, გასულ წლებთან შედარებით, აღარ აქტიურობენ. მისი თქმით, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
„შესაძლოა, მოქალაქეთა ინერტულობა იმითაა გამოწვეული, რომ ისინი დაიღალნენ იმის მოთხოვნით, რაც არ მოსწონთ; ან თვლიან, რომ ხელისუფლება შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – მერის მრჩეველთა საბჭო მუშაობს.
მათ ხარაგაულის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი წარვუდგინეთ. პეტიციას რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ მისი შემუშავების ფორმა უფრო უნდა გამარტივდეს.
წელს მოქალაქეებს გაწეული საქმიანობის ანგარიში სოციალური ქსელით გავაცანი. ამის მიზეზი პანდემიაა და ადამიანების შეკრება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.
2022 წელს, როგორც კი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს დავიწყებთ, შევეცდები, რომ მათ ანგარიშიც ჩავაბარო“.
2014 წლის სექტემბერში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საზოგადოებრივი დარბაზის შექმნას მხარი არ დაუჭირა.
მაშინ საკრებულოს წევრებმა ვარლამ ჭიპაშვილმა, ვარლამ თავზარაშვილმა, გივი თხელიძემ და იუზა კელენჯერიძემ განაცხადეს, რომ საზოგადოებრივი დარბაზი საკრებულოსა და მოსახლეობას შორის „ზედმეტი და მაკონტროლებელი რგოლი“ იქნებოდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა მოსახლეობას წელიწადში ერთხელ გაწეული მუშაობის ანგარიში უნდა ჩააბარონ.
„სამწუხაროდ, ანგარიშს არ აბარებენ, – ამბობს საკრებულოს აპარატის უფროსი ლენა კალანდაძე, – ყოველ შემთხვევაში, კანონის მიხედვით, ამ დრომდე, არც ერთ დეპუტატს არ უმოქმედია.
წესი კი ასეთია – დეპუტატმა უნდა დაწეროს ანგარიში და აპარატში შემოიტანოს. ჩვენ გავატარებთ რეგისტრაციაში, გამოვაქვეყნებთ ვებგვერდზე და დავურთავთ განცხადებას, რომ დეპუტატი მოსახლეობასთან შეხვედრას აპირებს და თუ რამე წინადადება აქვთ, გვაცნობონ.
ამის შემდეგ შეხვედრის თარიღი და დრო დაინიშნება. თუ ეს პროცედურა არ დაიცვეს, მე ვერ დავწერ შესაბამის ოქმებს, რომ დეპუტატმა მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა.
2021 წლის მოწვევის საკრებულოს წევრებს ამოვუბეჭდავ და გავაცნობ ამ პროცედურებს; ვნახოთ, როგორ იმოქმედებენ“.
„მოსახლეობას სასიკეთო ცვლილების მოლოდინი არ აქვს“
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ მინიჭებული უფლება – დასახლების საერთო კრება – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – ბაზალეთსა და ღორეშაში 2017 წელს ჩატარდა.
ბაზალეთში სოფლის რჩეულის არჩევის ხელშესაწყობად კრება ა/ო „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა, ღორეშაში – „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ პროექტის ფარგლებში.
ღორეშაში მოსახლეობამ სოფლის რჩეული აირჩია, სოფელში მოსაგვარებელი პრობლემებიდან პრიორიტეტები გამოყო, პეტიცია შეადგინა და საკრებულოს წარუდგინა.
პეტიციაში ღორეშელები კვადოურას უბნის გზისა და სასაფლაოს შემოღობვას ითხოვდნენ. ღორეშელთა ეს პრობლემა 2019 წელს მოგვარდა.
ბაზალეთში სოფლის რჩეულად მამია ლომსაძე აირჩიეს. მისი თქმით, ამ პროექტმა ვერ გაამართლა და მის არჩევას არავითარი აქტივობა, მოსახლეობისა თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის მხრიდან, აღარ მოჰყოლია.
მისი აზრით, ზოგჯერ პროექტს არასამთავრობო ორგანიზაციები ზერელედ ახორციელებენ და საქმე ბოლომდე არ მიჰყავთ.
ხარაგაულის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ქეთევან ზუმბაძე ამბობს, რომ „მოსახლეობა იმედგაცრუებულია და სასიკეთო ცვლილებების მოლოდინი არ აქვს.
ადამიანები ფიქრობენ, რომ საკრებულოს სხდომაზე მისვლითა და წინადადებების დაყენებით არაფერი შეიცვლება. გასულ წლებში საკრებულოს სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ვისაც სურდა, უყურებდა.
ხელისუფლების საქმიანობას რეალურად „ჩემი ხარაგაული“ ასახავს.
თავად ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა დავინტერესდეთ, რომ მოქალაქეებისგან მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მრავალფეროვანი წინადადებები მივიღოთ და გავითვალისწინოთ“.
ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე თვლის, რომ მოსახლეობა ძალიან ინერტულია და ხელისუფლების საქმიანობის გაკონტროლების სურვილი აღარ აქვს.
მას ამის მიზეზების დასახელება უჭირს და ამბობს, რომ მოქალაქეებთან ხვეწნა სჭირდება, რომ ისინი უფასო გადამზადების ან ხელისუფლებისგან შეთავაზებულ სხვადასხვა პროექტებში ჩაერთონ.
„მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა მუდმივი პროცესია“
ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქალაქეები თვითმმართველობის საქმიანობაში ჩასართავად ნაკლებად აქტიურობენ. ჭიათურაში, მოსახლეობისგან პეტიციის წარდგენისა და დასახლების საერთო კრების ჩატარების პრეცედენტები არ არსებობს.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ხათუნა ცერცვაძე ამბობს, რომ „ჭიათურის მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრება ვერ ჩატარდა, რადგან მოსახლეობის საჭირო რაოდენობა ვერ შეიკრიბა; მერის მრჩეველთა საბჭო აქტიურად არ მუშაობს და მისი სხდომები მერიის ინიციატივით ტარდება“.
მოქალაქეთა პასიურობის მიზეზის დასახლება ხათუნა ცერცვაძეს უჭირს.
ჭიათურაში ახალგაზრდული ჯგუფები აქტიურობენ, – გვამცნობს ხათუნა ცერცვაძე, – თვითმმართველობა ყოველწლიურად კონკურსს აცხადებს და ახალგაზრდებისგან წარმოდგენილ პროექტებს ყოველწლიურად აფინანსებს.
ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი ამბობს, რომ მოქალაქეთა მხრიდან ინიციატივები ნაკლებია და საკრებულოს სხდომებზე, წლებია, მოსახლეობას დასწრების სურვილი არ გამოუთქვამს.
„ჭიათურელთა კავშირის“ თავმჯდომარე შოთა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ თუ რამის მიღწევა გინდა, ბევრი უნდა იბრძოლო.
ის ამბობს, რომ წლების განმავლობაში „ჭიათურელთა კავშირის“ მოთხოვნამ ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე, შედეგი გამოიღო. მისი ინიციატივით ხელისუფლება სოფლებში დეგრადირებული ნიადაგების გაკეთილშობილებას აფინანსებს.
„მოქალაქეთა ნაწილმა არც იცის, თვითმმართველობისგან რა და როგორ მოითხოვოს, ზოგს იმედი აქვს გადაწურული, – ამბობს შოთა გაფრინდაშვილი, – სამოქალაქო საზოგადოების როლი სწორედ მათ სწორ ინფორმირებასა და ადვოკატორებაში მდგომარეობს.
მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა მუდმივი პროცესია. ჯერ მათი პრობლემა უნდა გაითავისო, შემდეგ ადვოკატირება გაუწიო და საკითხს ბოლომდე მიჰყვე. ვინც იაქტიურებს, პოზიტიურ შედეგსაც მიიღებს“.
გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ფაქტებს საჩხერის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ვალერი ცუხიშვილი ვერ იხსენებს.
მისი თქმით, ამის მიზეზი სავარაუდოდ ისაა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის პრობლემები თითქმის მოგვარებულია.
ასე არ ფიქრობს საჩხერის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირის ხელმძღვანელი გოგა გოგატიშვილი.
მისი თქმით, „ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის უკუკავშირი არ არსებობს. პრობლემების დაყენება არათანმიმდევრულია.
ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე თვითმმართველობას თავის მიერ დაფუძნებული ააიპების თანამშრომლები მიჰყავს. არც მერიის მრჩეველთა საბჭოა აქტიური.
ხალხი ჩართულობის არც ერთ ბერკეტს არ იყენებს და ამიტომ გადაწყვეტილების მიმღები პირები მოსახლეობის წინაშე თავს ანგარიშვალდებულად არ თვლიან“.
თვითმმართველობებმა მოქალაქეებთან ურთიერთობის ინოვაციური მიდგომები უნდა დანერგონ
ახლახან „მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების 2021 წლის შეფასება“ გამოქვეყნდა.
ეს შეფასება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრმა და კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრმა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით განახორციელეს.
ამ შედეგების მიხედვით, შეფასების 100%-იან სკალაზე მუნიციპალიტეტების საშუალო შედეგი 28%-ია, რაც 2019 წლის შეფასების მაჩვენებელს უთანაბრდება.
2021 წლის შეფასების შედეგებით, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, 2019 წლის შედეგებთან მიმართებით, 2%-ით გაუმჯობესდა (25%-დან 27%-მდე).
ელექტრონული მმართველობის მაჩვენებელი იგივე დარჩა (32%), ხოლო მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება მნიშვნელოვნად, 6%-ით შემცირდა (29%-დან 23%-მდე).
ამ შეფასებაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, საერთო ჯამში, 31%-ით შეფასდა, მერია 28%-ით, საკრებულო – 36%-ით.
ჭიათურის მუნიციპალიტეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით 15%-ით შეფასდა, საჩხერის მუნიციპალიტეტი 25%-ით.
სამოქალაქო ორგანიზაციების რეკომენდაციაა, რომ თვითმმართველობებმა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გასაზრდელად გეგმა უნდა შეიმუშაონ.
იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტებმა პანდემიის პირობებში შეინარჩუნონ და გააუმჯობესონ გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი, მოქალაქეებთან ურთიერთობის ინოვაციური მიდგომები უნდა დანერგონ.
რამდენად შეასრულებენ მუნიციპალიტეტები ამ რეკომენდაციებს, 2022 წლის განმავლობაში გამოჩნდება.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე – შეხვედრა ბაზალეთის მოსახლეობასთან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში
ამავე თემაზე
მოქალაქეებმა არჩეულ დეპუტატებს უნდა მოვკითხოთ, თუ რა გააკეთეს ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი