ხარაგაულში საკრებულოს წევრთა ამომრჩევლების მიმართ ანგარიშვალდებულების გასაზრდელად პროექტი მიმდინარეობს.
ხარაგაული იმერეთის მასშტაბით ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც „არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია“, კიდევ ცხრა მუნიციპალიტეტთან ერთად, პროექტს – „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“ ახორციელებს.
საკრებულოებიდან ამ პროექტისთვის ხუთ-ხუთი დეპუტატია შერჩეული. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან პროექტში ჩაერთვნენ – ლენა აბაშიძე, ეკა შველიძე, შმაგი ხიჯაკაძე („ქართული ოცნება-დემოკრატული საქართველო“), ირმა ვეფხვაძე („გახარია საქართველოსთვის“), ბაქარ ბარბაქაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“).
19 ივლისს ეს დეპუტატები გედსამანიის მოსახლეობას შეხვდნენ, ხოლო 20 ივლისს – ხარაგაულში 9 აპრილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
„პროექტის მიზანია, რომ არჩეული პოლიტიკოსები გავხადოთ უფრო მეტად ანგარშვალდებულნი და პასუხისმგებლიანები საკუთარი ამომრჩევლის მიმართ, – ამბობს მმართველობითი განვითარების სისტემების ცენტრის დირექტორი კოკა კიღურაძე, – ამომრჩევლებმა უნდა იცოდნენ, რას აკეთებს საკრებულოს წევრი იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც მათ აწუხებთ.
ამ პროექტში ჩართულ დეპუტატებს ტრენინგები ჩავუტარეთ, საჯარო შეხვედრების, ოქმებისა და სამუშაო გეგმების ფორმები გადავეცით და ახლა უკვე პრაქტიკულ საქმიანობაზე გადავედით.
მოსახლეობისგან საჯარო შეხვედრაზე დასმული საკითხები საკრებულოს წევრებმა პირად სამუშაო გეგმაში უნდა შეიტანონ. დეპუტატები ვალდებულნი არიან, მათ მოსაგვარებლად წინადადებები მოამზადონ და საკრებულოს, მერიას, ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინონ.
გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია პორტალზე www.chemisakrebulo.ge უნდა ატვირთონ, ხოლო ოქტომბერში ამავე მოსახლეობის წინაშე ანგარიშით წარდგნენ, – მოაგვარეს თუ არა მოქალაქეების პრობლემები ან რა გააკეთეს მათ გადასაჭრელად.
ეს არის თვითმმართველობის საქმიანობის ევროპული მოდელი, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფვის. ამით ვამკვიდრებთ სტანდარტს, თუ როგორი უნდა იყოს ამომრჩევლისა და საკრებულოს წევრის ურთიერთობა“.
გედსამანიის მოსახლეობამ საბავშვო ბაღისთვის ცალკე შენობის აგება, სოფლის ინტერნეტიზაცია და სპორტული მოედნის მოწყობა მოითხოვა.
ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებია – უწყლობა, გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა, მიუსაფარი ძაღლები, 9 აპრილის ქუჩაზე სკვერისა და შენობების კეთილმოწყობა, დღის ცენტრის ამოქმედება.
ამ ქუჩაზე მცხოვრები მაია ბერაძე ამბობს, რომ მიუსაფარი ძაღლები ძალიან აგრესიულები არიან და ეს სერიოზული საფრთხეა როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრული ადამიანებისთვის.
მოქალაქე დოდო გელაშვილი მიიჩნევს, რომ დეპუტატებსა და ამომრჩევლებს შორის შეხვედრები აუცილებელი და მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, დეპუტატებს მუდმივად უნდა ახსოვდეთ, რომ ხელფასს მოსახლეობისგან გადახდილი გადასახადებით იღებენ და ხალხი მხოლოდ არჩევნების წინ არ უნდა გაიხსენონ. დოდო გელაშვილი დაინტერესდა, როდის იქნება ხარაგაულში 24-საათიანი წყალმომარაგება და რატომ არ იხდის ყველა მოსახლე წყლის ტარიფს მრიცხველის მიხედვით.
დეპუტატმა ირმა ვეფხვაძემ 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნა, – სკვერის კეთილმოწყობა, შეხვედრაზე მყოფი საკრებულოს წევრების წინაშე დააყენა.
„ხარაგაულში ეს ყველაზე ძველი დასახლებაა, – აღნიშნა შეხვედრაზე მოქალაქე რუსუდან გურგენიძემ, – ამიტომ ამ ქუჩის იერ-სახის გალამაზება აუცილებელია. პრობლემა, რომელსაც, წლებია, ხარაგაულის თვითმმართველობის წინაშე ვაყენებ, ხარაგაულში შშმ პირებისთვის დღის ცენტრის მოწყობაა. უახლოეს ხანში ადგილობრივ ხელისუფლებას ამ საკითხზე საპროექტო განაცხადს წარვუდგენ“.
ხარაგაულში დეპუტატებისა და მოსახლეობის შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე, მოადგილე პაატა გოგოლაძე, დ. ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ბესიკ კვირიკაშვილი, დეპუტატი პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის კოტე ბერაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე ესწრებოდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით კიკნაძემ მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ თავშესაფრის მოწყობა 0,5 მლნ ლარი ჯდება და ამის ფუფუნება ხარაგაულის ბიუჯეტს არ აქვს. მისი თქმით, ბიუჯეტიდან მიუსაფარი ძაღლების კასტრაცია-სტერილიზაციისთვის გამოყოფილი თანხა არასაკმარისია და პრობლემას ვერ წყვეტს.
მმართველობითი განვითარების სისტემების ცენტრის დირექტორის, კოკა კიღურაძის, ინფორმაციით, მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარება ერთ მუნიციპალიტეტს არ შეუძლია. ეს საკითხი შიდა ქართლსა და კახეთში მოგვარდა. ამიტომ სხვა უწყებების ჩართვა აუცილებელია.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პაატა გოგოლაძის თქმით, წყალმომარაგების პრობლემა დ. ხარაგაულის ყველა მაცხოვერებელს აწუხებს და ამ სისტემის მშენებლობა ძალიან გაჭიანურდა. მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, აგვისტოში მდგომარეობა გამოსწორდება. ქსელის მშენებლობის დასრულებისთანავე კი ყველა აბონენტი გამრიცხველიანდება.
„მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის თანამშრომლებს შევხვდი, – აღნიშნა შეხვედრაზე დეპუტატმა ეკა შველიძემ, – მათი შენობის შესასვლელთან ღია სივრცე იყო შემოსაღობი. ეს საკითხი საკრებულოში და მერიის შესაბამის სამსახურებში დავაყენე. მიხარია, რომ მალევე მოგვარდა.
ჩვენს გვერდით ბევრი შეჭირვებული ადამიანია. ზოგმა არც კი იცის იმ სოციალური პროგრამების შესახებ, რომელსაც ხარაგაულის თვითმმართველობა ახორციელებს. ამიტომ მათი ინფორმირება დეპუტატების ვალდებულებაა.
ევროპელებისგან განსხვავებით, საზოგადოებრივ სივრცეებზე ნაკლებად ვზრუნავთ. ეს გამოწვევა ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ. ოქტომბერში ერთმანეთს ისევ შევხდებით და ანგარიშს ჩაგაბარებთ, რა ნაბიჯები გადავდგით თქვენი პრობლემების მოსაგვარებლად“.
პროექტი „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის მხარდაჭერით საგარეჯოს, ლაგოდეხის, ბოლნისის, ხაშურის, რუსთავის, ყაზბეგის, ქედას, ონის, შუახევისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
„არჩეულ დეპუტატს მოქალაქეებმა უნდა მოვთხოვოთ, რას აკეთებდა პრობლემის მოსაგვარებლად“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი