ორი თვის წინ შპს „კალმახელის“ დამფუძნებელმა დავით კალმახელიძემ სოციალურ ქსელში გვერდი სახელწოდებით „უპატრონო“ შექმნა და ხელისუფლებისგან სასამართლოს განაჩენის აღსრულებას საჯაროდ მოითხოვს.

თერთმეტი წელია, დავით კალმახელიძე საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებს სხვადასხვა კომპანიებთან, მათ შორის „აკკორდთან“ ერთად ახორციელებს. მისგან დაფუძნებული შპს „კალმახელი“ მოლითი-ჩუმათელეთის გზის მშენებლობაზე „აკკორდმა“ ქვეკონტრაქტორად აიყვანა.

„ამ წლების განმავლობაში „აკკორდს“ შესრულებული სამუშაოებისთვის ფულის გადახდა სულ უჭირდა. თუმცა, მეტ-ნაკლებად ვალების დაფარვას ახერხებდა, – ამბობს დავით კალმახელიძე, – საქართველოში თითქმის ყველა სამშენებლო კომპანია „პოსლეზე“ მუშაობს. შემდეგ თანხას ზოგი გვირიცხავს, ზოგი – ვერა.

ხუთი მილიონი ლარი ღირებულების ტექნიკა კრედიტით შევიძინე და მოლითი-ჩუმათელეთის გზის მშენებლობაში 2020 წლის აგვისტოდან ჩავერთე. სამ თვეში იმაზე მეტი საქმე გავაკეთე, ვიდრე „აკკორდმა“ წელიწადნახევარში. 2020 წლის სექტემბერში 20 ათასი ლარი ჩამირიცხეს. ნოემბრის ბოლოს 371 ათასი ლარის შესრულებულ სამუშაოზე ხარჯთაღრიცხვა წარვუდგინე, მაგრამ ამ დრომდე არც ერთი თეთრი არ მიმიღია.

„აკკორდთან“ ჯერ წერილების მიწერ-მოწერა დავიწყე, შემდეგ, რომ არაფერი გამოვიდა, სასამართლოს მივმართე. ახლა ხელთ მაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი, რომ კომპანიამ დავალიანება უნდა გამისტუმროს. თუმცა, აღსრულება ვერ ხდება, რადგან „აკკორდს“, ჩემს გარდა, 22 კრედიტორი ჰყავს.

ბანკმა, ჩემი ორგანიზაციისგან აღებული კრედიტის დასაფარად, ჩემი უძრავ-მოძრავი ქონება (ბინა, ტექნიკა) აუქციონზე უნდა გაყიდოს. უკვე გაიყიდა 150 ათას ევროდ ღირებული, 60%-ით გამოსყიდული მანქანა. ყველაფერს ვკარგავ.

სახელმწიფო ქონებას მართმევს იმიტომ, რომ საქართველოს სახელით გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება არ შეუძლია.

წერილები პრემიერ-მინისტრის სახელზე, ფინანსთა, იუსტიციის, ინფრასტრუქტურის სამინისტროებში შევიტანე და კუთვნილ თანხას ვითხოვ. მივმართე სახალხო დაცველს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში. სულ ტყუილად, არაფერი გამოდის. ყველა მპასუხობს, რომ ეს ორ მეწარმესუბიექტს შორის დავაა.

ბოლოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მივმართე და ვთხოვე, რომ მოლითი-ჩუმათელეთის გზის პროექტის განხორციელება მთლიანად ჩემთვის გადმოეცათ. ამაზე ზედამხედველი თანახმა იყო. თუმცა მომწერეს, რომ ამ გზის მშენებლობაზე ტენდერი ხელახლა უნდა გამოვაცხადოთო.

ახლა ვალებში ვიხრჩობი. 30 ათასი ლარი ხელფასების ვალი მაქვს. ფონაში ბეტონის ქარხანა ავაშენე. ხაშურიდან ბორის მაისურაძე გვაწოდებდა ბეტონს. გარდაიცვალა და მისი ვალი 50 ათასი ლარი დამრჩა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „უპატრონო“დავაფუძნე და ახლა ბრძოლას ამ მოძრაობის სახელით ვაგრძელებ. აუცილებლად მივმართავ სტრასბურგში ადამიანის უფლებათა სასამრთლოს, თუმცა, ამას დრო დასჭირდება“.

 

უგზოდ მიტოვებული მოსახლეობა გზის მშენებლობისას დაზარალდა

მოლითი-ჩუმათელეთის ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარე 13 სოფლის მოსახლეობა უგზოობით დატანჯულია. მათი მოლოდინი, რომ 2020 წლის გაზაფხულიდან კეთილმოწყობილ გზაზე გადაადგილდებოდნენ, არ გამართლდა. მეტიც, გზის მშენებელმა „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდმა“ წიფაში მშენებარე გზა ისეთ მდგომარეობაში დატოვა, რომ წვიმიან ამინდში ფეხით გავლა შეუძლებელია. კომპანიას ათასობით ლარი ვალი აქვს გადასახდელი გზის ამ მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.

წიფაში მცხოვრები გელა გუდაძე ამ გზის მშენებლობაზე წელიწადნახევარი მუშაობდა.

„თავიდან დაცვაში ვმუშაობდი, – ამბობს გელა გუდაძე, – შემდეგ ბრიგადა შეიქმნა და ხე-ტყეს ვჭრიდით, ვასაწყობებდით და ხარაგაულის სატყეოში ვაგზავნიდით. თავიდან ხელფასები აგვინაზღაურეს. თუმცა, ახლა კომპანიას ჩემთვის 3 500 ლარი აქვს გადასახდელი. კუთვნილი ანაზღაურება რომ მოვითხოვეთ, თავიდან დაგვპირდნენ გადახდას, შემდეგ ტელეფონზეც აღარ გვპასუხობდნენ“.

წიფაში ბანცაძეების უბანში მცხოვრებმა ელენა ბანცაძემ „აკკორდს“ მიწის ფართი ხელშეკრულების საფუძველზე სანაყაროს მოსაწყობად მიაქირავა. კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და ხელშეკრულებას ვადა ისე გაუვიდა, ელენას ოჯახს მიწის გაქირავებიდან არც ერთი თეთრი არ მიუღია.

„ჩემი სახლის მიმდებარედ ხუთმეტრიანი საყრდენი კედელი უნდა მოეწყოს, – ამბობს ელენა ბანცაძე, – პროექტის მიხედვით, ეზოში შესასვლელი გზა მიუქმდება. მშენებელს მივმართე, რომ პროექტი შეცვლილიყო, თუმცა, კომპანია უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

უმძიმესი მდგომარეობაა გზაზე ბანცაძეების უბანში. გზის საყრდენი კედლის მშენებლობა რომ მიატოვეს, მთიდან წამოსულმა მიწამ გზა ჩახერგა. ასე ღვთის ანაბარა ვართ მიტოვებული“.

 

რა ბედი ელის მოლითი-ჩუმათელეთის გზის მშენებლობას

მოლითი-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და 29 თვეში უნდა დასრულებულიყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და „აკკორდს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, გზის მშენებლობისთვის 54 566 117 ლარია განსაზღვრული.

საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციით, „აკკორდთან“ ხელშეკრულება შეწყვიტეს. თუმცა, ხელახალი ტენდერი, მოლითი-ჩუმათელეთის გზის მშენებელი კომპანიის გამოსავლენად, ჯერჯერობით, არ გამოუცხადებიათ.

დავინტერესდით, 54 566 117 ლარიდან რა თანხა მიიღო „აკკორდმა“ შესრულებული სამუშაოებისთვის და რატომ დაგვიანდა მასთან ხელშეკრულების გაწყვეტა. ამ შეკითხვებზე პასუხებს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მიღებისთანავე გაცნობებთ.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე დაგაინტერესებთ

ხარაგაულში გზის მშენებელი კომპანია გააფრთხილეს

ხარაგაულში გზა სანახევროდაც არ დაგებულა