ხარაგაულში, სოფელ წიფაში მცხოვრები ელენე ბანცაძე მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობით დაზარალდა.

ის ამბობს, რომ წიფაში გზა დაბომბილს ჰგავს.

„ბანცაძეების უბანში გზაზე გავლა ფეხითაც შეუძლებელია და მანქანით გადაადგილებაზე ხომ ზედმეტია საუბარი, – ამბობს ელენე ბანცაძე, – მდგომარეობა განსაკუთრებით წვიმიან ამინდში რთულდება. გზის საყრდენი კედლის მშენებლობა მიატოვეს და მთიდან წამოსულმა მიწამ გზა ჩახერგა.

გზის მშენებლობის გამო წყლის სათავე ნაგებობები დაინგრა და წყალი პირდაპირ გზაზე მოედინება.

პირადად მე სახლთან მანქანით მისასვლელი გზა მიუქმდება. ვფიქრობ, არასწორად დააპროექტეს. თბილისში, ამ გზის მშენებელი კომპანია „აკორდის“ ოფისში 2021 წლის თებერვალში ჩავედი. პროექტის შეცვლა მოვითხოვე. „აკორდს“ ჩემი კუთვნილი მიწა სანაყაროს მოსაწყობად მივაქირავე. სამწუხაროდ, ხელშეკრულებას ვადა ისე გაუვიდა, თანხა არ ჩაურიცხავთ. კომპანიის ოფისში წერილი დავტოვე, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიმიღია“.

მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში აზერბაიჯანულმა კომპანია „აკორდმა“ გაიმარჯვა. გზის ეს მონაკვეთი ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი გზის რეკონსტრუქციის პროექტის შემადგენელი ნაწილია.

„სერიოზული პრობლემების წინაშე ვართ, – ამბობს „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში „აკორდის“ ქართული ფილიალის საქმის მწარმოებელი ზაზა ხარაძე, – სათაო ოფისიდან ფინანსებს ვერ ვიღებთ. ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ძალიან ვწვალობთ. პრობლემები პროექტშიც აღმოჩნდა. რთული, კლდოვანი რელიეფია. ამიტომ პროექტის კორექტირებასაც არ გამოვრიცხავ.

მოლაპარაკებები საავტომობილო გზების დეპარტამენტთან მიმდინარეობს. არ ვიცი, რა და როგორ იქნება“.

რას გეგმავს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის დასაჩქარებლად, – ამ საკითხის გასარკვევად დეპარტამენტს დავუკავშირდით. მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ ჯაფარიძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. წერილობით მოგვწერა, რომ „მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებელმა კომპანიამ ვალდებულებების შესრულება სანახევროდაც ვერ შეძლო. „აკორდთან“ ყოველდღიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“.

კომპანია „აკორდი“ გზის მშენებლობის დაბალი ტემპის გამო 2020 წლის ივნისში გააფრთხილეს.

მოლითი-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობის ღირებულება 54 566 117 ლარია. სამუშაოების დასრულების ვადად 2018 წლის დეკემბერში 29 თვე განისაზღვრა.

ნინო კაპანაძე