კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა სურსათის საოცრებათა სამყაროში“ განხორციელდა.

ამ პროექტის მხარდამჭერია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი [SPG-24-1515].

– პროექტის მიზანი სკოლებში მეცნიერების პოპულარიზაცია და მოსწავლეთა მხრიდან  სურსათის მეცნიერების მიმართ ინტერესის გაძლიერებაა, – ამბობს კიცხის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი ელისო არჯევანიძე, – მნიშვნელოვანია ვიცოდეთ საკვები პროდუქტების მისაღებად საჭირო ბიოქიმიური და მიკრობიოლოგიური საკითხები.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა თავად განახორციელეს ექსპერიმენტები:

  • ფერები და მათი გავლენა სურსათის შერჩევისას;
  • ფერმენტაცია და მჟავიანობის გავლენა სურსათზე;
  • შაქრის შემცველობა – ხუთი საბაზისო გემოს აღქმა და შედარება;
  • ემულსიასა და ხიზილალას ბურთების დამზადება;
  • კარაქის და მარგარინის შედარება;
  • კვერცხის სიახლის დადგენა;
  • დნმ-ის გამოყოფა ხილიდან და სხვ.

პროექტი საინტერესო და სასარგებლო იყო იმით, რომ მოსწავლეები მიღებულ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ.

მადლობას ვუხდით ამ პროექტის ხელმძღვანელ ჟუჟა ხაჭაპურიძეს, – აგრარულ მეცნიერებათა დოქტორს, აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორს, სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისა და სურსათის უვნებლობის მართვის სასერტიფიკატო პროგრამის ხელმძღვანელს;

ნინო ნადირაშვილს – პროექტის კოორდინატორს, ტექნიკური უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიის დოქტორს, დებრეცენის უნივერსიტეტის სურსათის უვნებლობის ხარისხის ინჟინერიის მაგისტრს.

კიცხის საჯარო სკოლა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს. ელისო არჯევანიძის ინფორმაციით, მათი სკოლა მონაწილეობს კონკურსში „მეცნიერება იწყება სკოლიდან“. ფინდისგან მხარდაჭერის შემთხვევაში მეცნიერები სკოლასთან ექვსი თვის განმავლობაში ითანამშრომლებენ.

წარმატებებს ვუსურვებთ კიცხის საჯარო სკოლას.