საქართველოში დეკრეტული შვებულების პოლიტიკა უსამართლოა. თუ ქალი საჯარო სექტორში არ არის დასაქმებული, 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 1000-ლარიან დახმარებას იღებს.
ამიტომ ქალები იძულებულები არიან, სამუშაო ადგილებზე მალე დაბრუნდნენ, ან საერთოდ უარი თქვან დასაქმებაზე.
სამოქალაქო ინიციატივების პლათფორმამ „მანიფესტი“ ვებგვერდზე www. Manifest.ge წამოიწყო კამპანია, რომ პედაგოგთა დეკრეტული შვებულება ანაზღაურდეს სკოლის ბიუჯეტიდანაც და კანონში მუხლი – „დირექტორის კეთილი ნება“ შეიცვალოს აუცილებლად ანაზღაურებით.
ამ მიზნით ორგანიზაციამ 5 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა. კანონში ცვლილების მოთხოვნით „მანიფესტის“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართეს.
დიდვაკის დაწყებითი სკოლის მასწავლებელი ნათია ხიჯაკაძე დეკრეტიდან სამსახურში ახლახან დაბრუნდა.
მესამე შვილის გაჩენის შემდეგ მან სახელწიფოსგან დეკრეტული შვებლების ანაზღაურება მხოლოდ 1000 ლარი მიიღო. ყოველ თვეში, სანამ მისი შვილი ორი წლის გახდება, ყოველთვიურად სახელმწიფოსგან 150 ლარი ერიცხება.
50 ლარი განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციიდან მიიღო. ნათია ამბობს, რომ დამსაქმებლისგან დეკრეტის თანხა არასდროს მიუღია.
„1000 ლარი თითქოს სოლიდური თანხაა, მაგრამ ბავშვის საჭიროებებს ვერ წვდება. დამსაქმებელმა რომ დეკრეტის თანხა ჩამირიცხოს, მაშინ სკოლას ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და განათლების სამინისტრომ ბიუჯეტი უნდა გაუზარდოს.
პროფკავშირმა რომ თანხა ჩამირიცხა, გამიხარდა, რადგან არ ველოდი. მცირეა, მაგრამ ყურადღება დასაფასებელია. მადლობა, „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას, რომ ასეთ საკითხებზე ყურადღებას ამახვილებთ“.
ღორეშის სკოლის მასწავლებელი მადონა მანჯავიძე დეკრეტში იმ დროს იმყოფებოდა, როცა ზაფხულის არდადეგები დაიწყო და მასწავლებლებზე ზაფხულის საშვებულებო თანხები იცემოდა. ის ამბობს, რომ საშვებულებო თანხა დაეკარგა.
„უნდა გამოვსულიყავი დეკრეტიდან და ზაფხულის შვებულების თანხას მომცემდნენ, მაგრამ გაუგებრობა მოხდა. შემეძლო გამესაჩივრებინა, მაგრამ თავი შევიკავე, – ამბობს მადონა მანჯავიძე, – დეკრეტული შვებულების თანხა – 1000 ლარი, რასაც სახელმწიფო გვირიცხავს, არასაკმარისია.
მეორე შვილი ხელოვნურ კვებაზე მყავს და ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. კარგი იქნება, დეკრეტში ყოფნისას თანხას დამსაქმებელიც თუ მოგვცემს“.
კიცხის სკოლის დირექტორი თამარ წიწილაშვილი ამბობს, რომ მისი სკოლის ბიუჯეტი დეფიციტურია და დეკრეტის ასანაზღაურებლად თანხა არ აქვს.
„დეკრეტული შვებულების გაცემა „დირექტორის კეთილი ნება“ ნამდვილად არ უნდა იყოს, – ამბობს თამარ წიწილაშვილი, – თუმცა, ახლა რომ ჩემი სკოლიდან ვინმე დეკრეტში წავიდეს და სკოლას თანხის გადახდა დაეკისროს, ნამდვილად ვერ შეძლებთ.
თავად სახელწიფომ უნდა იზრუნოს. სკოლას ექიმის, სპეცმასწავლებლის თანხა ერიცხება და დეკრეტული შვებულებისთვისაც უნდა ჩაგვირიცხონ. თანხის გაცემის წინააღმდეგი რატომ ვიქნები, ქალი შვილს აჩენს და ერს ამრავლებს.
ამწუთას დეკრეტული შვებულების ანაზღაურება ბევრ სკოლას მძიმე ტვირთად დააწვება. თუ ცარცისა და ფურცლის შესაძენი თანხა არ დამრჩა, ეს უსამართლობა იქნება“.
წიფის სკოლის დირექტორი გოჩა კვინიკაძე ამბობს, რომ ოთხი წლის წინ სკოლის ბიუჯეტიდან დეკრეტში მყოფ თანაშრომელზე თანხა გასცა.
„ჩემი სკოლის ბიუჯეტში ბიულეტენისა და დეკრეტული შვებულების ასანაზღაურებლად თანხა გათვალისწინებული გვაქვს, – ამბობს გოჩა კვინიკაძე, – სკოლა მაღალმთიან დასახლებაშია და ვაუჩერიც განსხვავებულად გვერიცხება. ამიტომ წიფის სკოლა ფინანსურად გამართულია“.
საქართველოს პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი მიესალმება სამოქალაქო პლატფორმა „მანიფესტის“ წამოწყებას და ამბობს, რომ დეკრეტული შვებულების ანაზღაურება მხოლოდ პედაგოგების პრობლემა არ არის.
„ყველა ქალი, რომელსაც საჯარო მოხელის სტატუსი არ აქვს, დეკრეტში გასვლის შემდეგ სახელმწიფოსგან მიცემული 1000 ლარის ამარა რჩება, – ამბობს რაისა ლიპარტელიანი, – არც სკოლას, არც ააიპს, არც კერძო დაწესებულებას, არ აქვს ვალდებულება, რომ ქალს რაიმე გადაუხადოს. 1000 ლარი 6 თვეზე საარსებო მინიმუმიც არ არის.
შრომის კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში ეს საკითხი დავაყენეთ. ხელისუფლება დაგვპირდა, რომ ყველა დასაქმებულ ქალს დეკრეტში ყოფნისას თვიურად ხელფასის 80%-ს აუნაზღაურებდა. დაითვალეს და წლიური ხარჯი 50 მილიონ ლარზე ავიდა. ამიტომ უარი თქვეს.
სახელმწიფო ვალდებულია, ქვეყანაში არსებული მძიმე დემოგრაფიული ფონი გააუმჯობესოს. ამიტომ ეს პეტიცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და იმედია, ხელისუფლებისგან კონკრეტული შედეგი მოჰყვება“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ – შრომა ევროკავშირში – სამი ემიგრანტი ქალის ნაამბობი
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში