წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.

უკვე რამდენიმე დღეა, ხარაგაულის მაღალმთიან სოფელში და ამ დილიდან უკვე დაბა ხარაგაულშიც, მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. რა ვადაში აღდგება ელექტროენერგიის მოწოდება, ამის გასარკვევად დავუკავშირდით ენერგო-პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, საიდანაც გვიპასუხეს:

უამინდობის გამო 28 ნოემბერს ავარიულად გამოირთო ელექტრომომარაგება ხარაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში. 11:00 საათის მონაცემებით, ამჟამად გათიშულია მ/ძ ქვესადგურები მოლითი და საქასრია, ასევე რამდენიმე ფიდერი. მომსახურების ცენტრის პერსონალი საგანგებო რეჟიმში მუშაობს დაზიანებების აღმოსაფხვრელად. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და საჭირო მასალა.

ავარიების უდიდესი ნაწილი გამოწვეულია ტყიან და მთის ზონებში მოტეხილი ხეებით, რომლებმაც დააზიანეს დ/ძ გადამცემი ხაზები. ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს სოფლებს: მოლითი, ზვარე, დეისი, ზედუბანი, სერბაისი, ვანი, სხლითი, ლაშე, კიცხი და მიმდებარე სოფლებს.

მიმდინარეობს გამანაწილებელი ქსელის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა. გათიშული აბონენტების უმეტესობა დღის ბოლომდე  ელექტროენერგიას მიიღებს.